ვიდეოში მოყვანილია ნაწყვეტი ესტონური დოკუმენტური ფილმიდან "ინტერვიუ ჯოხარ დუდაევთან". ინტერვიუში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი განიხილავს რუსეთ-ჩეჩნეთის ომს, ჩეჩენი ხალხის დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი, რუსულ იმპერიალიზმსა და კავკასიაში რუსეთის პოლიტიკას. ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტური ფილმი გადაღებულია ესტონელების მიერ. 1990 წელს, ესტონეთში განვითარებული არეულობისას, ესტონეთში სსრკ-ის სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. დუდაევის გადაწყვეტილება გადამწყვეტი აღმოჩნდა ესტონელებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.
1991 წლის 10 ნოემბერს, პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკვე 1994 წლის დეკემბერში, რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა იჩქერიაში (ჩეჩნეთის რესპუბლიკა), რითაც დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. 1996 წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის დაფიქსირება და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. აფეთქების შედეგად, ჯოხარ დუდაევი გარდაიცვალა.
damoukidebloba.com გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტსა და ტრანსკრიპტს:
რ. - ბატონო პრეზიდენტო, გვსურს ესტონური კინო ჯგუფის EXITFILM-ის მხრიდან რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. ღირს თუ არა ჩეჩნების სურვილი იცხოვრონ დამოუკიდებლ და თავისუფალ სახელმწიფოში ამხელა მსხვერპლად?
დუდაევი. დამოუკიდებლობა ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შესაძლებელია გვეცხოვრა ისეთ სახელმწიფოში, სადაც დაცულია უფლებები და სახელმწიფო პირნათლად ასრულებს დანაპირებს სხვადასხვა ეროვნებების მიმართ, თუმცა რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს ერებისა თუ სახელმწიფოების მიმართ. ჩვენ უბრალოდ გვთავაზობენ დათვთან ერთად გალიაში ცხოვრებას, რომ მას ხელი გავუწოდოთ და ვიყოთ ბედნიერები. აი რა არის რუსეთი.
რ. რომელი სახელმწიფო მმართველობა შეეფერება ჩეჩნებს, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო?
დუდაევი. უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული მმართველობა. დემოკრატიის გარეშე ჩეჩნების მმართველობა ვერ გაძლებს. სადაც არსებობს დემოკრატიული საფუძველი და შემდგომ მასზე დაფუძნებული კანონები და არა პირიქით, აი ეს იქნება მისაღები ჩეჩნებისთვის. შესაბამისად საპარლამენტო სისტემა იქნება თუ საპრეზიდენტო, მთავარია დემოკრატიულ საფუძვლებს ემყარებოდეს მმართველობა. ჩვენ ხომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ... მუდმივი ნგრევა. კალმის ერთი მოქნევით/მოძრაობით, ელცინმა გამოყო 150 მილიარდი რუბლი და 500 მილიონი დოლარი დუდაევის მმართველობის დასამხობად ჩეჩნეთში და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დოკუმენტით. გენერალური შტაბისა და სპეციალური სამსახურის მზადება მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში. ჩახედეთ დოკუმენტებს, თუ როგორი პროგრამა მოამზადეს მთელი ერის გასანადგურებლად, მთელი ერის დეპორტაციისთვის. 4 წლის განმავლობაში რუსეთის რეგიონებში აშენებდნენ ქალაქებს და ბარაკების ტიპის დასახლებებს, სადაც უნდა გადაესახლებინათ ჩეჩნები - სარატოვში, ორენბურგში, ვოლგოგრადში. რამდენიმე წლის წინ, ჩეჩნებს, რომლებიც გაფანტულად ცხოვრობდნენ, სთავაზობდნენ წასულიყვნენ ამ დასახლებებში. მე ვიცოდი ამ გეგმის შესახებ და ზუსტად ესაა ჩემი უბედურება. ეს სახელმწიფო პროგრამაა, ჩერნომირდინმა (რუსეთის პრემიერ-მინისტრი 1992-1998 წლებში) მოაწერა ხელი ევაკუაციის პროექტს, რომელიც სინამდვილეში დეპორტაციის გეგმაა და რომლის მე-8 პუნქტში მითითებულია - „დაბრუნების უფლების გარეშე“. ამის შემდეგ დაიწყება დაბომბვა რაკეტებით და ყუმბარებით, ჩეჩნებს გამოასახლებენ და გადაიყვანენ ბარაკებში რათა ისინი „დაიცვან“ სარაკეტო თავდასხმებისგან, რასაც რასაკვირველია მათი თქმით, იყენებს დუდაევის დაჯგუფება. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, ეს მხოლოდ რუსები ვერ ფხიზლდებიან და ახალი ვერაფერი მოიფიქრეს. ნებით თუ უნებლიედ, ჩვენ დავუბრუნდით ჩვენი დემოკრატიის ფესვებს და ის კონგრესი, რომელმაც 2 წლიანი გზა გაიარა დაუბრუნდა ჩეჩენ ერს. დასახლებების ადგილობრივი ლიდერებიდან დაწყებული უმაღლესი პოლიტიკური ფიგურებით დასრულებული, ყველა შედის კონგრესში. მასში შედიან უხუცესთა საბჭო, ილიმთა საბჭო, ისევე როგორც უზენაესი სასამართლო იმისათვის, რომ სახელმწიფოსთვის, ერისთვის და მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტისას ჩვენ გვქონდეს სამართალი, კანონი და დემოკრატია. კონგრესის ბოლო სხდომის ჩატარებისას გამოჩნდა, რომ ჩვენთან სრულიად პარალიზებულია სამართალდამცავი საქმიანობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას უჭირს მსგავს პირობებში მუშაობა. ასევე, სასამართლოებისთვისაც რთულია ომის პირობებში მუშაობა. სკოლებია პარალიზებული, შეიძლება საჰაერო იერიშები მიიტანონ ზუსტად სკოლებზე.
რ. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ცნობა იმის შესახებ, რომ თქვენი უფროსი ვაჟი ჰოვლური დაიღუპა ბრძოლაში?
დუდაევი. რამდენიმე კვირის განმავლობაში, მე მეგონა რომ ის დაიღუპა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მძიმედ იყო დაჭრილი. ამჟამად ის გამოჯანმრთელდა და ცოცხალია. თუმცა, რომ დაღუპულიყო, ოჯახს მიგვაჩნია და მას თვითონაც, რომ არაფერი ამაში გასაკვირი ან ტრაგიკული არ იქნებოდა. ის ღირსებას შემატებდა ჩვენ ოჯახს და საკუთარ თავს. ამ ომში, უამრავი ადამიანი დაიღუპა გმირულად, ტანკებს ქვეშ... ამჟამად, "რუსიზმი" ანადგურებს სხვადასხვა ერებს, ამასთანავე ყველაზე დაუცველი მსხვერპლის ამორჩევით. რუსეთის მთელი არსებობის მანძილზე, ყოველთვის არჩევდნენ ყველაზე დაუცველ მსხვერპლს და მას სხვადასხვა მეთოდებით ანადგურებდნენ. მთიანი ყარაბაღი მთლიანად გაანადგურეს, აფხაზეთი მთლიანად მოწყვიტეს საქართველოს და რეგიონის მთელი პოტენციალი მოსპეს. ომი საქართველოში, ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსული სპეც-სამსახურების, რუსი სამხედროების, რუსული შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის დამსახურებაა. სამხრეთ-ოსეთი მოწყვიტეს და გაანადგურეს. ჩრდილოეთ ოსეთი და ინგუშეთი ასევე მოწყვიტეს. ესაა სხვადასხვა ერების ფიზიკური განადგურება, ძალადობა, სიკვდილი, სისხლი და ეროვნული პოტენციალის მოსპობა. როდესაც რუსეთს უჭირდა, ის ყოველთვის აწერდა ხელს შეთანხმებებს, როლებსაც არასდროს არ იცავდა, არ დაიცავს და როდესაც მოძლიერდება, მაშინვე დაიწყებს ყველაზე სუსტზე იერიშის მიტანას. ასეთია რუსეთი - ბოროტების იმპერია. რუსეთი იყო, არის და იქნება ბოროტების იმპერია. საკუთარი მტაცებლური თვისებები, სიხარბე, შეუბრალებლობა, უსულობა და ზნედაცემულობა რუსეთმა გამოავლინა ჩეჩნეთში.
რ. ჩეჩნები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან უკვე 300 წელი. რა არის ჩეჩნების დაუმორჩილებლობის საიდუმლო?
დუდაევი. ჩეჩენი ხალხი მონობისთვის არაა გაჩენილი. მითუმეტეს ასეთი ბინძური, კაცთმოძულე პოლიტიკის პირობებში. რომელი ერი ან რომელი ადამიანი გაუძლებს და აიტანს მსგავს ძალადობას?! კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, უდავოდ, კავკასია ითვლება მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად. ჩეჩნების მორალური, მენტალური და ბუნებრივი მდგომარეობა, რომლითაც ჩეჩნები, როგორც ეთნიკური ჯგუფი მიჯაჭვულია კავკასიას, არ აძლევს ჩეჩნებს იმის უფლებას, რომ იყვნენ მონები.
რ. რამდენ ხანს გაგრძელდება ომი?
დუდაევი. იმ შემთხვევაში თუ არ გამოინახება დროებითი გამოსავალი, ეს ომი გაგრძელდება 50 წელი. ომის მასშტაბები გაიზრდება და კონფლიქტი გაგრძელდება დიდხანს, მანამ, სანამ რუსეთი შეწყვეტს არსებობას როგორც სახელმწიფო.