18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. დუმის არჩევნები რუსეთის გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და უკრაინის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ 21 საარჩევნო უბანი გახსნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ფაქტს, „როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.“ ამასთანავე, ოფიციალური მოსკოვის „პასპორტიზაციის“ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
„რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.
ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, რომელთაც 2011-2012 წლებში არალეგიტიმურად მიაღებინა მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტიც, 2016 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ისინი შეყვანილ იქნენ რუსეთის ფედერალური ოლქების საარჩევნო სიებში და ხმას მისცემენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რუსეთის შესაბამისი ფედერალური ოლქიდან.“
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.“
სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ.
ასევე, BBC-ის ინფორმაციით, დუმის არჩევნებში მონაწილეობას უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც იღებენ. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 1164 საარჩევნო ოლქია გახსნილი უკრაინის ხელისუფლებამ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ აღიარონ რუსეთში ჩატარებული არჩევნები, რადგან ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის ხმები არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს.