1 წელიწადში საქართველოში 1212 ეკლესია დაიხურა

16 ივნისი 2015 Shadow

ავტორი: ნინო ყიფშიძე

სტატიის სრული ვერსია გამოქვეყნდა „საარქივო მოამბეში“ 19.09.2009

დღიდან ქრისტეს რჯულის მიღებისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეკლესიაზე იდგა, ეკლესია და ქრისტიანობა იყო ქვეყნის ფარიცა და გამაერთიანებელი ძალაც. შინაური და გარეშე მტერი ამ საძირკვლის მოშლას ლამობდა მუდამ...

არაბთა, მონღოლთა, სპარსელთა, ოსმალთა შემოსევების ფონზე საკუთარი სისხლის ფასად იგებოდა ჯვარი, მეტეხი, გელათი, სვეტიცხოველი, ვარძია, ალავერდი, გერგეტი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ კიდევ... მოგვიანებით კი უკვე იყო „ველიკოდერჟავული“ რუსეთი, რომელმაც კირით შეგვიღება ეკლესიები და შეგვიბილწა სიწმინდეები, მაგრამ აქაც ვერ გაგვტეხეს... კვლავაც ვაშენეთ, კლავაც ვაკოწიწეთ, კვლავაც შევქმენით... თუმცა, სულ მალე ისევ რთული პერიოდი დაგვიდგა და რეჟისორად ბოლშევიკური რუსეთი მოგვევლინა, როცა ქრისტიანული სარწმუნოება ოპიუმად მოინათლა, „მღვდლები - შავ ყორნებად“, „ტაძრები _ გახრწნილების ბუდედ“, ხატები და ჯვრები კი „დასაწვავ ნაგვად“...

საბჭოთა ხელისუფლებისთვის რელიგია მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან საბჭოთა ადამიანისთვის პარტია უნდა გამხდარიყო რელიგიაცა და სალოცავიც. ამიტომკომსომოლებმა“, „კომიაიჩეიკებმა“, კომუნისტებმა, უღმერთოებმა გამოაცხვეს ლოზუნგები _ „ძირს გონების დამამჩლუნგებელი ტაძრები, გაუმარჯოს მასში განათლების ტაძარს“, „ძირს მატყუარა სამღვდელოება, და მათი კონტრრევოლუციონური ბუდე, გაუმარჯოს მეცნიერებას“, „გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას, ძირს სარწმუნოება და მისი დამქაშებიდა რელიგიასთან ბრძოლაც ოციან წლებში ეკლესიების დახურვით დაიწყო.

დადებული ფიცი - „ეკლესიებზე ჯვრების მაგივრათ იქნება წითელი ვარსკვლავებიო“ - დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე აღსრულებული იყო და საქართველოში 1212 ეკლესია -  დახურულ-გაუქმებული.

სწორედ ამ ავადსახსენებელ პერიოდზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული საქმეებისა და დოკუმენტების მიხედვით გიამბობთ, როგორ მიმდინარეობდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.

ანტირელიგიური პროპაგანდა განსაკუთრებით ოციან წლებში აქტიურდება, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს სხვადასხვა მაზრაში ანტირელიგიური შინაარსის ცირკულარების დაგზავნა:

საქართველოს კომუნისტური პარტიის ყველა საოლქო და სამაზრო კომიტეტებს

ძვირფასო ამხანაგებო

სამი თვის წინად დაწყებული ანტირელიგიური კამპანია მუშებისა და გლეხების ფართო მასებს მოედო. `სარწმუნოებრივ შარლატანებთან“ ბრძოლამ ღრმა გამოძახილი ჰპოვა მშრომელ მასებში. არ დარჩენილა სოფელი, სადაც სამღვდელოებასთან და მის აპარატთან - ეკლესიასთან ულმობელი ბრძოლის შესახებ ჩვენი ლოზუნგი მშრომელთა ფართო მასებს არ გაეგოთ, როგორც ბრძოლის და საუკუნობრივ ჩაგვრა-მონობისაგან განთავისუფლების ლოზუნგი.

ანტირელიგიური კამპანია, რომელიც ახლა ტარდება, ამტკიცებს, რომ საქართველოს მშრომელი მასები არ ყოფილა ეკლესიის მიერ მორალურად ძლიერ დამონებული. საჭირო დარჩა დაძახება და მშრომელთა მთელი მასა, როგორც ერთი კაცი ადგა ეკლესიასთან საბრძოლველად. საქართველოს ყველა კუთხეებში მუშები და გლეხები ძალდაუტანებლად იკრიბებოდნენ სოფლის კრებებში და აუწერელ ენთუზიაზმით იწყებდნენ სარწმუნოებისა და სამღვდელოების წარსული კეთილდღეობის ამ უკანასკნელი ნაშთების - ეკლესიების დახურვას.

ჩვენ განკარგულებაში მყოფ ცნობებით, ზოგიერთ მაზრებში ყველა ეკლესიები დახურულია, ზოგან კი ნახევარი. უკანასკნელი ცნობით დახურულია 450 მეტი ეკლესია და ყველა ისინი გადაქცეულია კლუბებათ, თეატრებათ, ბიბლიოთეკებათ, შკოლებათ, სამკითხველოებათ და სხვა...

მიმდინარე კამპანია ნათლად გვიჩვენებს, რომ მშრომელი მასები ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე შეუდგნენ წარსულის უკანასკნელი ნაშთების დანგრევას და მოსპობას, და უნდა ითქვას, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ მუშაობას ისინი ღირსეულად დაამთავრებენ.

არ დარჩება საქართველოში მონობის აპარატი და ადგილი არ ექნება მუქთახორებს და პარაზიტებს _ თეთრს და შავ სამღვდელოებას! ~ _ ვკითხულობთ ერთ-ერთ ცირკულარში (მცირედი შემოკლებით, სტილი დაცულია)

არქივში დაცულია დოკუმენტი, სახელწოდებით _ `Протоколы открытых собраний и митингов беспартийных крестьян телавского уезда~, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ ცხადდება რელიგია `ახალგაზრდობის დამმახინჯებლად, რომელსაც ხალხი დაღუპულ გზისკენ მიყავს~, როგორ ინათლება ეკლესია `მღვდლების სამიკიტნოებად~ და როგორ მოითხოვს ხალხი თეთრი გიორგის მონასტრის, კვირაცხოვლის, ხარების, ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის ეკლესიების დახურვას.

მსგავს დადგენილებებს საქართველოს ყველა სოფელში იღებდნენ:

`მოვისმინეთ და დავადგინეთ, რათა დღეის შემდეგ მოეღოთ ბოლო ფეოდალურ ნაშთებს როგორც არის რელიგია, რათა ბუშეტის ეკლესია იქმნას გადაკეთებული კლუბად ანდა სამკითხველოდ, რომელიც მისცემს მშრომელი ხალხის შვილებს შეგნებას, მეცნიერებას რომელიც დღემდინ იყვნენ ჩამორჩომილნი სწავლა განათლებას. ვადგენთ იქმნას ამორჩეული კომისია სამი კაცისგან, რომელიც ჩაიბარებს ინვენტარს ეკლესიისას:

1) ვასო ქევხიშვილი 2) ისაკა ხიზანიშვილი 3) გიო გიორგანაშვილი”.

შედეგმაც არ დააყოვნა, 1923 წლის ბოლოსთვის უკვე ასეთი მონაცემები დაიდო:

Число закрытых церквей по последним сведениям:

  • По Тифлису и его уезду - 48

  • Сенаки - 148

  • Зугдиди - 75

  • Озургети - 130

  • Поти (в городе) 5

  • Рачинский 117

  • Лечхумский 78

  • Абхазия 5

  • Аджаристан (Батум) 8

  • Кутаисский 160

  • Шоропансский 147

  • Юго-Осетия 60

  • Гори 78

  • Борчало 5

  • Ахалцих 5

  • Ахалкалаки 1

  • Душети 3

  • Сигнахи 73

  • Телави 65

  • Тионети 1

 საერთო ჯამში, საქართველოში 1923 წელს 1212 ეკლესია დაიხურა.

საქმე, სახელწოდებით - Протоколы совещаний секретарей обкомов и укомов ЦК КП  Грузии - სწორედ იმას გვიამბობს, თუ რა შედეგი მოჰყვა საქართველოს მაზრებში ეკლესიების დახურვას. ეს დოკუმენტი გახლავთ 1923 წლის 12 მაისის სხდომის ოქმი, რომლის ძირითად ნაწილსაც გთავაზობთ:

 „აფხაზეთის საოლქო კომიტეტი

აფხაზეთში დახურულია 10 ეკლესია, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, მოსახლეობა გაგებით მოეკიდა ეკლესიების დახურვის ფაქტს, რადგან დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით ილორის მოსახლეობაზე, ამიტომაც ილორის ეკლესიის დახურვას მოჰყვა მცირედი წინააღმდეგობა.

დახურული ეკლესიები სკოლებად გადაკეთდა, მეჩეთი არსად დახურულა. დარჩენილი ეკლესიების დახურვაც არ წარმოადგენს სირთულეს.

 სამხრეთ ოსეთი

 ეკლესიების დახურვას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ეკლესია და ანტირელიგიური კამპანიაც უფრო ღიად უნდა გაგრძელდეს.

 აჭარა

რეგიონში დაიხურა სამხედრო სობორო, კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს. ქალაქში დარჩენილია კათოლიკური ეკლესია, სობორო და მართლმადიდებლური ეკლესია. დახურულია მეჩეთებიც.

ოზურგეთის მაზრა

 ჯერ კიდევ 1905 წლიდან არ ცნობს გურიის მშრომელი მასა ეკლესიებსა და რელიგიურ ღვთისმსახურებას. 1917 წლიდან რევოლუციური ტალღის შემდეგ ყველა ეკლესია დაიხურა და გადაკეთდა კულტურულ დაწესებულებლად. ანტირელიგიური კამპანია 1922 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მარტიდან კი მოსახლეობა უკვე პრაქტიკულ ქმედებებზე გადავიდა. თავად ხურავდნენ ეკლესიებს და სასამართლო მოუწყვეს რელიგიას. კამპანია არნახული ენთუზიაზმით მიმდინარეობდა. არანაირი ექსცესი არ ყოფილა. გაუქმდა 160 ეკლესია. დარჩა მხოლოდ 4.

ფოთი

ფოთში დაიხურა 3 ეკლესია და 2 სინაგოგა. ამ დროისათვის ფოთში აღარც ერთი ეკლესია აღარ არსებობს. სურდათ სინაგოგის გახსნა, მაგრამ პარტიულმა კომიტეტმა უარი განაცხადა. ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მორწმუნე ქალები მხოლოდ რამდენჯერმე შეიკრიბნენ.

ზუგდიდის მაზრა

ანტირელიგიური კამპანია ჩვენ ქალაქიდან დავიწყეთ, მოეწყო მრავალკაციანი მიტინგები. მოსახლეობამ მტკივნეულად განიცადა ეკლესიების დახურვა. ექსცესები იყო მღვდლების პროვოკაციების შედეგად. სოფელ ობუთში მოსახლეობამ თავად გაკრიჭა მღვდლები. მაზრაში 100 ეკლესიამდე დაიხურა.

რაჭის მაზრა

 რაჭაში ეკლესიების დახურვის წინააღმდეგ მოეწყო მიტინგები. დაიხურა 118 ეკლესია. ხუთი მღვდელი საკუთარი სურვილით გაიკრიჭა.

ლეჩხუმის მაზრა

ჩვენ კამპანია დავიწყეთ 1 აპრილიდან. მოსახლეობა გაგებით მოეკიდა ეკლესიების დახურვის ფაქტს. დაიხურა 4 ეკლესია, 1 სინაგოგა, 1 სომხური და 1 ბერძნული ეკლესია. ცენტრის შემდეგ კამპანია რაიონებშიც გაგრძელდა. მაზრაში სულ 168 ეკლესია დაიხურა. ზოგიერთ მათგანში განთავსდა სკოლა. პროვოკაციები პოლიტიკური პარტიებიდან ნამდვილად იყო, თუმცა მალევე მოეღო ბოლო.

ახალციხის მაზრა

ახალციხის მაზრა სხვადასხვა ეროვნებებითაა დასახლებული. ქალაქში უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ. მაზრაში მაჰმადიანები ჭარბობენ. საკითხს ფრთხილად მოვეკიდეთ და აქტიური ინიციატივებითვის არ მიგვიმართავს. 2 კათოლიკური, 2 სომხური, 2 მართლმადიდებლური ეკლესია დაიხურა. თანაბარი რაოდენობის ეკლესიები დაიხურა სხვადასხვა ეროვნებებში უკმაყოფილებას რომ არ ჰქონოდა ადგილი. სასაზღვრო რაიონებში კამპანია განსაკუთრებით სიფრთხილით წარიმართა. მეჩეთები ამ რაიონებში არ დაგვიხურავს, რადგან უმრავლესობას მაჰმადიანები წარმოადგენენ. მაზრაში ანტირელიგიური კამპანია მხოლოდ ახლა იღებს სათავეს. აიცილებელია მისი გაღრმავება. ექსცესები არ ყოფილა, მხოლოდ სინაგოგის დახურვას მოჰყვა ხმაური...

 გორის მაზრა

გორის მაზრაში ძალის გამოყენებით დაიხურა ეკლესიები, რასაც ექსცესები და მორწმუნე ქალების გამოსვლა მოჰყვა. ქვემოჭალის რაიონში გლეხებმა ცემეს მილიციელი. ქარელში გამოვიდნენ ებრაელები. 84 ეკლესია დაიხურა. სამოცმა მღვდელმსახურმა თავის ნებით თქვა უარი ღვთისმსახურებაზე.

 ბორჩალოს მაზრა

ჩვენ ავირჩიეთ დარწმუნების და არა გადარწმუნების მეთოდი. ამიტომაც გლეხებმა თავად მოითხოვეს ეკლესიების დახურვა. ბოლნისში თვითონ გლეხებმა დახურეს ეკლესიები. მეჩეთის შენობა სკოლას გადაეცა. გლეხების მოთხოვნით დაიხურა 11 ეკლესია, ერთი ქალთა ივერიის მონასტერი. ექსცესები არ ყოფილა. კამპანია უნდა გაღრმავდეს. მაჰმადიანებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი კომსომოლების გარეშეც დახურავენ ეკლესიებს. 4 მეჩეთი უკვე გაუქმებულია.

დუშეთის მაზრა

 ჩვენ კამპანიას შევუდექით წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. დუშეთში საერთო ყრილობაზე მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიის დახურვის წინააღმდეგი იყო. კამპანიას არასასურველი შედეგი ელოდა. გადაწყვეტილ იქნა, ეკლესიების დახურვა აღდგომის შემდეგ მომხდარიყო. მალე ჩვენ ვიზეიმებთ დუშეთის ამბოხის 5 წლისთავს და ამის შემდეგ მივხედავთ რელიგიას.

თიანეთის მაზრა

 ჩოლოყაშვილისეული ბანდიტიზმი მოსვენებას არ გვაძლევს. საშუალება არ მოგვეცა აგიტაცია გვეწარმოებინა მოსახლეობას შორის. თიანეთში ჩვენ 500 კაციანი მიტინგი ჩავატარეთ. მაზრაში 14 ეკლესიიდან მხოლოდ ერთი დაიხურა. ჩვენ დიდ წინააღმდეგობებს ვაწყდებით.

სიღნაღის მაზრა

 კამპანია სოფელ ანაგიდან დავიწყეთ, ეკლესია თეატრად გადაკეთდა. შენობის თეატრად გამოყენების იდეა თავად გლეხობამ შემოგვთავაზა. ბოდბისხევში ხალხმრავალი მიტინგის შემდეგ საკუთარი სურვილით გაიკრიჭა მღვდელი. მღვდლები იმის იმედით რომ მიწებს მიიღებენ, უარს ამბობენ ღვთისმსახურებაზე. მაზრაში 100 ეკლესია დაიხურა და მხოლოდ 2-3 დარჩა. ლაგოდეხში ადგილი ჰქონდა ქალთა გამოსვლებს. დანარჩენ ადგილებში წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.

თელავის მაზრა

 კამპანია მაზრის ცენტრიდან დაიწყო და შემდეგ დანარჩენ რაიონებშიც გაგრძელდა. სოფელ ყვარელსა და კურდღელაურში მღვდლები ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ ეკლესიების დახურვის ინიციატივით. თუმცა ზოგიერთები დამალულად ეწევიან ქალებში აგიტაციას. მაზრაში 100-ზე მეტი ეკლესია დაიხურა. 13 მათგანში თეატრი და კინო გაიხსნა. გლეხები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩვენს ინიციატივას. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ანტირელიგიურ ფრონტზე ჩვენს საბოლოო გამარჯვებას. თელავში ადგილი ჰქონდა მცირედ არეულობას, აღმოჩნდა, რომ მღვდელი დაკავშირებული იყო ჩოლოყაშვილის ბანდასთან. იგი დიაკონთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. თუმცა მაზრაში უმრავლესობა რელიგიისგან ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ განკურნებული.“

 საკვირველია, ალბათ, ეკლესიების დახურვას, მღვდლების ძალით გაკრეჭვასა და შეურაცხყოფას როგორ ეგუებოდა ქართველობა, მაგრამ ესეც დაშინებისა და ზემოქმედების შედეგი იყო. აღნიშნული დოკუმენტებით უახლოესი წარსულის გახსენება გვსურდა და იმის ჩვენება, რომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას რთული პერიოდი ბევრჯერ ჰქონია, მაგრამ ქართველ ერს რწმენა საბოლოოდ არასდროს დაუკარგავს და მცირედი გადახვევის შემდეგ კვლავ დასდგომია ტაძრისკენ მიმავალ გზას...