ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰანნო პევკურმა განაცხადა, რომ ესტონეთი 70 მილიონ ევროს დახარჯავს მაღალტექნოლოგიურ კედელზე, რომელიც ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე აღიმართება.
„ტექნოლოგიური საზღვრის აღმართვის მთლიანი ფასი 70 მილიონ ევროს ოდნავ აღემატება. ჩვენი მიზანია კედლის მშენებლობა დავასრულოთ 2018 წლამდე, რათა ესტონეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის თავს დავამთხვიოთ“ - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თანახმად, 20 მილიონი ევრო კედლის ასაშენებლად უკვე მიმდინარე წელს გამოიყოფა.
„ხუთშაბათს დამტკიცებული ბიუჯეტით, მომავალ წლებში 50 მილიონ ევროს გამოვყოფთ“ - ჰანნო პევკური.
მან ასევე ისაუბრა მესაზღვრეთა თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
„ამ წლებში ჩვენ უნდა გავზარდოთ სწრაფი რეაგირების დანაყოფების რაოდენობა, რაც ასევე გულისხმობს საზღვართან სწრაფი რეაგირების დანაყოფების არსებობასაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე წელს დავიწყებთ მზადებას აღნიშნული ინიციატივისთვის“ - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.