ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის წინააღმდეგ

25 ნოემბერი 2016 Shadow

წყარო: IDFI.ge

23 ნოემბერს, ევროპის პარლამენტმა (ევროპარლამენტი) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვრცლად განიხილავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და მის წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს.

რეზოლუცია სახელწოდებით „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ  მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს რუსეთის ფედერაციასა და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს.

რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტარებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. დოკუმენტზე მუშაობა ამ წლის მარტში დაიწყო და საბოლოო სახე 23 ნოემბრის კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ამავე კომიტეტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდოამრე, პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

რეზოლუციის ავტორის თანახმად:

 „ჩემი დავალება იყო სახელმწიფო, ისევე როგორც არასახელმწიფო აქტორების მიერ წარმოებული პროპაგანდა აღმეწერა. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ამ მხრივ მდგომარეობა უკვე ნათელია. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, მრავალი ქვეყანა დარწმუნდა ამ ქვეყნის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციის მცდელობებში... თავად ეს რეზოლუცია და მისი ანგარიში ასევე გახდა პროპაგანდის სამიზნე“[1]

რატომ არის ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანი?

ევროკავშირი 2015 წლიდან ახორციელებს მის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამოაშკარავებას. ეს პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებში უფრო ადრეც იქნა აღიარებული, თუმცა ოფიციალური და ერთიანი პოზიცია პროპაგანდის საფრთხეზე არ დაფიქსირებულა ევროკავშირის ინსტიტუციურ დონეზე.

აღნიშნული რეზოლუცია ცალსახად და მკაფიოდ ადანაშაულებს რუსეთს, ისევე როგორც ტერორისტულ დაჯგუფებებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წარმოებაში. რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, რომლის წევრებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები პირდაპირ ირჩევენ, შესაბამისად ევროპარლამენტი არის ევროპელების ნების მთავარი გამხმოვანებელი დემოკრატიული ინსტიტუტი. შესაბამისად, რეზოლუცია პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მეტ ლეგიტიმურობას სძენს, და ამ ნაბიჯების გაძლიერების პერსპექტივასაც იძლევა.

რას ემსახურება პროპაგანდა?

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ემსახურება სიმართლის დამახინჯებას, ევროკავშირის დეზინტეგრაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის პარალიზებას, ევროკავშირის ინსტიტუტების დისკრედიტაციას, საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის გაღვივებას.

პროპაგანდის რა წყაროებზე ამახვილებს რეზოლუცია ყურადღებას?

პარლამენტარების აზრით რუსეთის ფედერაციამ პროპაგანდა გააძლიერა ყირიმის ანექსიისა და დონბასში ჰიბრიდული ომის წარმოების შემდეგ. რეზოლუცია ასევე აღწერს პროპაგანდის არხებს, რომლის საშუალებითაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება:

  • კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები;
  • მრავალენოვანი სატელევიზიო სადგურები (მაგალითად RT);
  • ფსევდო-საინფორმაციო სააგენტოები (მაგალითად Sputnik);
  • სოციალური მედია და ინტერნეტ „ტროლები“[2].

რეზოლუცია ასევე გმობს რუსეთის მიერ ევროსკეპტიკური ძალებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, როგორიცაა ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტური პოლიტიკური პარტიები.

შემთხვევითი არაა, რომ დოკუმენტში მსგავსი პარტიების დაფინანსებაზეა გამახვილებული ყურადღება. ამ პარტიათა ნაწილი უკვე ევროპარლამენტში არიან და ამ რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 304-მა დეპუტატმა, 179-მა არ დაუჭირა ხოლო 208-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ამ მოწვევის ევროპარლამენტში 8 პოლიტიკური ჯგუფია და მათგან ყველაზე დიდი კავშირი რუსეთთან ზუსტად იმ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ესენია - ENF (ერებისა და თავისუფლების ევროპა) და GUE-NGL (გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები - მემარცხენე ნორდიკული მწვანეები).

ამ ჯგუფებიდან განსაკუთრებით ევროსკეპტიკური და პრო-რუსული ორი პარტიაა - ულტრა მემარჯვენე „ეროვნული ფრონიტი“ (საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პოპულისტური პარტია) და პოდემოსი (ესპანეთის მემარცხენე პოპულისტური პარტია).

ეროვნული ფრონტის ფინანსური კავშირები რუსეთთან ცნობილია. მაგალითისთვის, ეროვნული ფრონტის კოალიციის ერთ-ერთი წევრია ჟან-ლიუკ შოფჰაუსერი, რომელმაც პარტიისთვის რუსული ბანკიდან სესხის აღებას უხელმძღვანელა (9 მილიონი ევრო).[3] 179 დეპუტატს შორის, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, ერთ-ერთი ზუსტად ჟან-ლიუკ შოფჰაუზერია.[4]

რა ნაბიჯებისკენ მოუწოდებს რეზოლუცია?

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომელიც მოდის ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა რუსეთი.

ევროპარლამენტარების აზრით, ანტი-დასავლურ და ევროსკეპტიკურ პროპაგანდასთან გასამკლავებლად, აუცილებელია:

  • ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფის გაძლიერება, რომლის ადამიანური და ფინანსური რესურსები შეზღუდულია;[5]
  • პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • ონლაინ, საგამოძიებო და ადგილობრივი მედიის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოქალაქეებში ინფორმაციის გაფილტვრის უნარების (information literacy) განვითარება, რაც მათ მისცემს მედიიდან მიღებული ინფორმაციის უკეთესად გაანალიზების საშუალებას;
  • პროპაგანდის შესახებ ინფორმაციის დამუშავება ევროკავშირის ენებზე (მათ შორის ცალკეული რეგიონების ადგილობრივ ენებზე);
  • ნატოსა და ევროკავშირს შორის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავება.

 

პარალელები საქართველოსთან

კრემლის პროპაგანდა საქართველოშიც პრობლემას წარმოადგენს. IDFI-მ 2016 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია პროპაგანდის საფრთხე და მისი მახასიათებლები საქართველოში.

IDFI-ს თქმით, ევროპარლამენტის მსგავსად, ახლად არჩეულ საქართველოს პარლამენტსაც შეუძლია მსგავსი შინაარსის რეზოლუციის მიღება, რომელიც პროპაგანდის საფრთხეების მიმართ პარლამენტის ერთიან პოზიციას დააფიქსირებდა.

IDFI-ს პოლიტიკის დოკუმენტი ითვალისწინებს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს მთავრობას ეფექტიანად გაუმკლავდეს კრემლის მიერ წარმოებულ პროპაგანდას:

 

  1. კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;

 

  1. რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია;

 

  1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;

 

  1. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პროპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;

 

  1. ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდის საფრთხეების შესახებ;

 

  1. უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები;

 

  1. საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას;

 

  1. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

[1] „MEPs sound alarm on anti-EU propaganda from Russia and Islamist terrorist groups“, პრესრელიზი, ევროპის პარლამენტი (EP), 23 ნოემბერი 2016, http://www.europarl.europa.eu/news/en/news-room/20161118IPR51718/meps-sound-alarm-on-anti-eu-propaganda-from-russia-and-islamist-terrorist-groups.

[2] ტროლი - ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც მიზანმიმართულად პოსტავს (დებს) არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, სხვადასხვა კომენტარების ველში, ბლოგზე და ა. შ.

[3] Anne-Claude Martin, „National Front’s Russian loans cause uproar in European Parliament“, Euractiv, 7 დეკემბერი 2014, https://www.euractiv.com/section/europe-s-east/news/national-front-s-russian-loans-cause-uproar-in-european-parliament/.

[4] „Minutes of proceedings Result of roll-call votes – Annex“, EP, 23 ნოემბერი 2013, გვ. 89, http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-%2F%2FEP%2F%2FNONSGML%2BPV%2B20161123%2BRES-RCV%2BDOC%2BPDF%2BV0%2F%2FEN&language=EN.

[5] ამჟამად სამუშაო ჯგუფი შედგება 9 კომუნიკაციის სპეციალისტებისგან, რომლებსაც დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ გააჩნიათ.