ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის FB-გვერდზე, 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია მისიის წევრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის თანახმად, ქალაქ სევეროდონეცკში დაფუძნებული მისიის წევრი არაპროფესიონალური ქცევისა (რაც უკავშირდება ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას) და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის გამო იქნა დათხოვნილი მისიიდან.
ერთ-ერთი უკრაინული არხის (TSN) თანახმად, ზემოთხსენებული მისიის წევრი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი აღმოჩნდა, რომელმაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოახერხა მისიაში მონაწილეობის ნებართვის მოპოვება და ეწეოდა პრორუსულ პროპაგნადისტულ საქმიანობას სევეროდონეცკში. უკრაინული არხის მიერ განთავსებულ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ქალაქის ქუჩებში, სადაც ადგილობრივებს ესაუბრება და ეუბნება, რომ არ ინერვიულონ, რადგან „სირიაში წასული რუსი ჯარისკაცები მალე დაბრუნდებიან“ და „დიდი რუსეთი უკრაინის გვერდშია“. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ნასვამი მამაკაცი უარყოფს ეუთოს მისიაში მონაწილეობას.
ვიდეოში ასევე ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ეუთოს მისიის სხვა წარმომადგენლები თავიდან აეცილებინათ სკანდალი და მალავდნენ მისიის წევრს სასტუმროში. მალევე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისიის წევრი გაათავისუფლეს. უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოახერხეს ზემოთხსენებული პირისგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.
ვიდეოს მეორე ნაწილში, ნასვამი პირი უკვე ეცნობა ჟურნალისტებს როგორც - მაქსიმ უდოვიჩენკო, და აღიარებს, რომ ის მართლაც უკრაინაში ეუთოს მისიის წევრია. ის ასევე აღიარებს, რომ მსახურობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და რომ ის არის სპეციალური ოპერაციების ოფიცერი ГРУ-დან. უდოვიჩენკო ყვება თუ როგორ უპრობლემოდ მოახერხა მისიაში მონაწილეობის მიღების უფლების მოპოვება და როგორ ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას. ის ასევე მოიხსენიებს რუს ჯარს როგორც „არმადას“ და აღნიშნავს, რომ რუს ჯარისკაცებს არავინ აიძულებს საომარ ქმედებებში მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით ისინი ნებაყოფლობით აკეთებენ ამას.
ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს თუ რა მეთოდებით ხელმძღვანელობს რუსეთი ეუთოს სამშვიდობო თუ სადამკვირვებლო მისიებში და ასევე გვაჩვენებს თუ რა ხარვეზები აქვს თავად ეუთოს ეგრედწოდებული „რეკრუტირების“ დროს.