ევგენი ზახაროვი: 24 მარტს შეიქმნა ინიციატივა “ტრიბუნალი პუტინისთვის”

5 აპრილი 2023 Shadow

ევგენი ზახაროვი - უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ხარკოვის ადამიანის უფლებათა ჯგუფის დირექტორი. 1970-1980-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი.

ინტერვიუ ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ.

 

ომის შესახებ

გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი საქმიანობა ძირეულად შეიცვალა. ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა… პროექტების განხორციელებას ვგეგმავდით. დაიწყო ომი და ყველაფერი სრულიად შეიცვალა. ომის მსვლელობამ განაპირობა ჩვენი მომავალი საქმიანობა.

უპირველეს ყოვლისა, პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩავერთე - რისი გამოცდილებაც არასოდეს მქონია. საქმე ისაა, რომ ბევრმა ჩემმა მეგობარმა მყისიერად შემომთავაზა დახმარება ქვეყნის დასატოვებლად, მიგზავნიდნენ ფულს და ა.შ. პირველი ორი-სამი დღე უარს ვამბობდი თანხის მიღებაზე, მაგრამ მერე დავფიქრდი - რატომ ვამბობ უარს? და გადავწყვიტე რომ ამ თანხებით მათ დავხმარებოდი, ვისაც ახლა უჭირს და ძალიან შეზღუდულია ფინანსურად. პირველივე დღეებიდან დაიწყო პრობლემები. ისვრიან… ადამიანებს სურთ წასვლა, გარიდება, მაგრამ ამისათვის არ აქვთ თანხები. ვიღაცას ნათესავები ჰყავს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ვიღაცას საცხოვრებელი დაუნგრიეს, არადა სადღაც ხომ უნდა იცხოვრო, რაღაც გეცვას... ჰოდა მეც დავიწყე ფულის შეგროვება პირად ანგარიშზე,  აკუმულირება და განაწილება იმათ შორის, ვისაც მართლა უჭირს. დღემდე ასეა. ცოტა ხნის წინ ჩვენს ვებგვერდზე - khpg.org-ზე გამოვაქვეყნე დიდი სტატია ჩვენი ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობაზე.



ხარკოვის სამართალდამცავ ჯგუფზე

ვინაიდან, ჩვენს მშობლიურ ქალაქ ხარკოვში, პირველივე დღიდან დაიწყო შეტევები სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე, ჩვენ მივხვდით, რომ ყველაფრის დოკუმენტირებაა საჭირო. მთელი ინფორმაცია ამ თემაზე მონაცემთა ერთიან ბაზაში უნდა იყოს თავმოყრილი და შენახული.

სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება, დაიგეგმოს გამოძიებები, აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები, პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ,  ვინც ისროდა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ომის პირველ ფაზაში 2014-2021 წლებში ჩვენ შევქმენით მონაცემთა ბაზა. ვაგროვებდით და ვიწერდით ყველა მონაცემს, დოკუმენტირებას ვახორციელებდით ინფორმაციისა, რომელიც ეხებოდა მსხვერპლს სამოქალაქო პირებს შორის და  შეტევების მიზეზით დაზარალებულ სამოქალაქო ობიექტებს. უკვე მაშინ, დიდი ოდენობით ინფორმაცია შეგროვდა. მონაცემთა ბაზაში შეტანილი იყო ინფორმაცია  16,600-ზე მეტ ომით დაზარალებულ სამოქალაქო პირსა და 22,000 სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ამ ბაზის საფუძველზე მრავალი ფანტასტიკური პროექტი განვახორციელეთ.

თუმცაღა, მარტის დასაწყისში მივიღეთ ამ ბაზის განულების გადაწყვეტილება. ჩვენ ის გავასუფთავეთ და დავიწყეთ ინფორმაციის ხელახლა შეტანა. მე დავასკვენი, რომ ამ ომს ბევრი თავისებურება აქვს და ბაზის პროგრამული მხარდაჭერაც შესაცვლელი იქნება, რაც მოგვიანებით დადასტურდა. ახალი მონაცემების ინტეგრაცია ბაზაში დავიწყეთ, დაახლოებით, 5-6 მარტს, როდესაც პირველმა შოკის ტალღამ ოდნავ გადაიარა. აღმოჩნდა, რომ ყველანი დაქსაქსულები ვართ: ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი ხარკოვშია, ზოგი დასავლეთ უკრაინას აფარებს თავს, ვინ სად… ჩვენ დავიწყეთ რეგულარული შეხვედრების ორგანიზება Zoom პლატფორმით.

მე შემდეგი მეთოდოლოგია შევთავაზე კოლეგებს - ჩვენ გადავინაწილეთ კვირის დღეები. ყოველდღიურად კუთვნილ დღეს ვადევნებდით თვალს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციის წყაროს - სახელისუფლებო არხებს, კერძო არხებს,  ვებგვერდებს, ჯგუფებს სოციალურ ქსელებში. ვაგროვებდით მონაცემებს დანაშაულებზე - რისი მომსწრეც ვხდებოდით, ვაქვეყნებდით ყოველდღიურ ქრონიკებს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე და შეგვქონდა ბაზაში. მოვლენათა ქრონიკებს დღემდე ვაქვეყნებთ და ხარკოვის ოლქის ერთგვარ ომის კალენდარს ვაწარმოებთ.

ჩვენ 24 თებერვლიდან დავიწყეთ. ჯერ კიდევ ომის პირველი ათი დღის განმავლობაში  1000-ზე მეტი ეპიზოდი დოკუმენტურად აღვწერეთ. სხვებიც შემოგვიერთდნენ. დაიწყეს მათ რეგიონებში მომხდარი დანაშაულების შესახებ მონაცემების შემოტანა ჩვენს ბაზაში. ასე თანდათანობით გავფართოვდით.

24 მარტს შეიქმნა ინიციატივა „ტრიბუნალი პუტინისათვის“. დამფუძნებლები ვიყავით სამნი - სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი, ხარკოვის სამართალდამცველთა ჯგუფი (ХПГ - ჩემი ორგანიზაცია) და უკრაინული ჰელსინკის ჯგუფი. ჩვენ „გადავინაწილეთ“ ქვეყანა. ყველა ნაწილში ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებდა იქ მომხდარი დანაშაულების დოკუმენტირებას; და ჩვენ ამის კეთება დავიწყეთ რეგულარულად. დღეისათვის ბაზაში 34,000-ზე მეტი ინციდენტია შეტანილი. ერთი სიტყვით,  2014-2021 წლების ბაზის გარდა, შევქმენით ახალი მონაცემთა ბაზა. 

 



ჩვენ ვაქვეყნებთ ქრონიკებს მხოლოდ ხარკოვის ოლქის მასშტაბით, სხვები სხვა ოლქებს აშუქებდნენ, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს. ქრონიკებს იმდენად არ კითხულობენ, ვინაიდან ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ ჩვენთვის ეს ერთგვარი მოვლენების კალენდარია. ეს ისაა, რაც სამომავლოდ იქნება საჭირო. ამიტომაც, ჩვენ ჯერ ყველაფერს ვინახავთ. 

მინდა, უფრო ძირეულად შევეხო და აღვწერო ჩვენი მიდგომები - ის რაც ბაზას ეხება:

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას შემდეგ, რაც მონაცემების შეგროვება დავიწყეთ,  ცალკეულ ეპიზოდზე ჩვენ ვიწყებთ სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრას - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, იმისათვის, რომ ჩვენი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღძრან სისხლის სამართლის საქმეები. თავდაპირველად, სამართალდამცავ ორგანოებს არ სურდათ ჩვენგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ პრაქტიკულად ვაიძულეთ ისინი. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ შევხვდი ჩვენს გენერალურ პროკურორს და მანაც იგივე მოტივაცია გააჟღერა, რაც მე მამოძრავებდა თავიდან: ჩვენ ვწერთ განცხადებას დანაშაულზე, იგი შეაქვთ სასამართლომდელი გამოძიების ერთიან რეესტრში და ანიჭებენ ნომერს რეესტრიდან. ამონაწერში წერია, რომ ესა და ეს ადამიანი დაზარალებულია კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმისწარმოებაში, ნომერი ესა და ეს, ამა და ამ მუხლით. ეს დოკუმენტი დაზარალებულისათვის სამომავლოდ იქნება მტკიცებულების ძალა. დაზარალებულს გაუჩნდება უფლება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც, სამომავლოდ, გენერალური პროკურორის აზრით, აუცილებლად იქნება რეალიზებული - რუსეთისგან რეკვიზირებული სახსრების ხარჯზე, რეპარაციების ხარჯზე, იმ თანხებით, რაც რუსეთის საზღვრებს მიღმაა.

ჩვენ უკვე 1600-ზე მეტი ასეთი განცხადება დავწერეთ. დანაშაულები განსხვავებულია. 34,000 ინციდენტიდან ყველაზე მეტი 75% ანუ ¾ მოდის საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე - სროლებისა და დაბომბვის შედეგად ქონების დაკარგვაზე. ამის გარდა არიან გარდაცვლილები, დაჭრილები - დაბომბვებისა და საჰაერო იერიშების შედეგად. ჩვენ მხოლოდ სამოქალაქო პირებთან გვაქვს საქმე. განადგურებულია უძრავი ქონება და ავტომანქანები. ასევე არიან დაღუპულები და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები. 

საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე ჩვენ განვსაზღვრეთ პრიორიტეტები - რომელი საკითხები მოითხოვს გამოძიებას პირველ რიგში. აღმოჩნდა, რომ გენერალურ პროკურატურასაც იგივე პრიორიტეტები აქვს. ესაა, პირველ რიგში, დაღუპული და დაჭრილი სამოქალაქო პირები, დატყვევებულები და ტყვეობაში წამების მსხვერპლნი, ისინი ვინც, რაღაც მანქანებით გათავისუფლება მოახერხა. აქ მოიაზრებიან სამხედრო და სამოქალაქო პირები. სამხედროები - უმეტესად ისინი ვინც გაცვალეს. ბევრია ასეთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ვინც ტყვედ ჩავარდა აპრიორი წამების მსხვერპლია. ყველა... ხვდებით?

მათ მოახერხეს გათავისუფლება გაცვლის მეშვეობით. პირველ რიგში, გაცვალეს, დაახლოებით, ათას ხუთასამდე სამხედრო პირი, მეტიც. ამის გარდა, ბევრი სამოქალაქო პირი, რომელთაც აკავებდნენ საცხოვრებელ ადგილზე, სხვადასხვა მიზეზით გამოუშვეს. მაგალითად, მათ მიჰყავდათ „ოქროსხელება“ ხალხი, რომლებზეც იცოდნენ, რომ ამ  ფერმერებს, მაგალითად, მშვენივრად გამოსდით ტექნიკასთან მუშაობა, შეუძლიათ ყველაფრის გარემონტება. ისინი უბრალოდ მიჰყავდათ საკუთარი ტექნიკის შესაკეთებლად.  

ეს ყოველივე ხდებოდა იქვე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მაგრამ პატიმრობის ქვეშ იყვნენ და  საძაგლად ექცეოდნენ - ცუდად კვებავდნენ. ყველა დასახლებულ პუნქტში იყო ადგილები, სადაც აწამებდნენ ადამიანებს - დენით, თავზე ჩამოაცმევდნენ აირწინაღს და იქიდან ტუმბავდნენ ჰაერს. ერთი სიტყვით საშინელებაა. მაგრამ ზოგიერთს მაინც ათავისუფლებდნენ. ზოგს გამოსასყიდის ფასად. ზოგჯერ, ადგილობრივი კოლაბორაციონისტები არწმუნებდნენ, ვიღაცეები გაეთავისუფლებინათ. ადგილებზე ადამიანები ერთმანეთს იცნობენ. ეუბნებოდნენ რუსებს: რამდენი ხანი უნდა გყავდეს კიდევ დაკავებული? გაუშვი. შვილები ჰყავს, ცოლი. არ ფიქრობ შენს თავზე? რას იტყვის ხალხი შენზე სოფელში? და ამის მსგავსი საუბრები, ხვდებით? ჰოდა, ხანდახან, მოლაპარაკების შედეგად ვიღაცეებს ათავისუფლებდნენ.  

ეკონომიკური აქტივობა ე.წ. დნრ-სა და ლნრ-ში ძალიან დაბალია. ისინი მოსკოვზე არიან დამოკიდებულები.

ჩვენი საქმიანობის მეორე შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი დახმარება. ამ პრიორიტეტული საქმეებისათვის ვეძებთ მტკიცებულებებს, ვმონაწილეობთ საგამოძიებო საქმიანობაში. ხარკოვის ოლქში ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებთან. მათ, უბრალოდ, რესურსები არ ჰყოფნით, 10 ადამიანია მხოლოდ უზარმაზარ ოლქზე, 12,000-ზე მეტ დანაშაულზე. რა შეუძლიათ გამოიძიონ? 

ხარკოვში განადგურებულია 4,500 საცხოვრებელი შენობა 8,000-იდან. და ჩვენ დავისახეთ მიზანი - ყველაფრის დოკუმენტირება განვახორციელოთ. ნგრევები არათანაბარია: რუსეთის საზღვართან ჩრდილოეთის რაიონები მეტადაა დაზიანებული.  

ჩვენი ბაზით ყველა სარგებლობს, იგი მთელი უკრაინისთვისაა. 34,000 ინციდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დოკუმენტირებული ყველა ორგანიზაციის მიერ. ჩემი ორგანიზაცია პასუხისმგებელია ხარკოვისა და მარიუპოლის ოლქებზე. რატომ მარიუპოლი? იმიტომ რომ ეს ყველაზე რთული ქალაქია დოკუმენტირებისათვის. 2 მარტიდან მოყოლებული იქ არ იყო არავითარი კავშირი, არავითარი ინფორმაცია, ყველა ინფორმაცია მხოლოდ ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტით შეგეძლო მოგეპოვებინა. ამიტომაც, ჩვენ ჩვენ თავზე ავიღეთ მარიუპოლი და ინფორმაციის მოძიება დავაორგანიზეთ „თოვლის ზვინის“ მეთოდით. და საკმაოდ ბევრი რამ დავაგროვეთ: 3,000-ზე მეტი ინციდენტი. ჩვენ შერეული გუნდი გვყავს - მარიუპოლის მკვიდრნი და ჩემი ორგანიზაციის წევრები.

ახლა მარიუპოლი რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბევრი ადამიანი დარჩა იქ, დაახლოებით 135,000, სხვები გასვლას ცდილობდნენ. 75,000-მა  შეძლო უკრაინაში გადმოსვლა, რუსეთში ბევრი იძულებით გაასახლეს. მოკლედ, ეს ცალკე ისტორიაა. 

შემაძრწუნებელია რომ ახლა, იქ ვითომდა რაღაცას აშენებენ, არემონტებენ. ჩვენ ვაწარმოვეთ კვლევები ამ მიმართულებით. ისინი ანგრევენ სახლებს, რომლებიც შეკეთებას ექვემდებარება, რათა გვერდით განლაგებული დაღუპულთა სამარხების კვალი დაფარონ.

ახლა ვისაუბროთ სამართლებრივ დახმარებაზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, СБУ-სთან თანამშრომლობისას ჩვენი ადვოკატები ჩართულნი არიან ცხედრების,  ეჭვმიტანილების ამოცნობის პროცესებში, დანაშაულების შემთხვევების ადგილების გამოკვლევაში, ასევე მოწმეების დაკითხვის პროცესებში. 

ამ საგამოძიებო ქმედებების დახმარებით, ჩვენ უკვე ათეულობით ბრალდებული ვიპოვეთ, ხვდებით?  მაგალითად, ამოვიცანით ჩვენს მხარეს ტყვედ ჩავარდნილი რუსების ვინაობა.

შემდეგი, ესაა სამხედრო დანაშაულების მსხვერპლთათვის გაწეული დახმარება. ეს არა მხოლოდ სამართლებრივი დახმარებაა. მათ იმდენი გადაიტანეს, ყველა ისეთ სტრესშია, რომ დამოუკიდებლად გამკლავება რთულია. მათ ფსიქოლოგები სჭირდებათ. 2022 წლის 1 ოქტომბრიდან ხარკოვში ჩვენ გავხსენით ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი. 2023 წლის 1 იანვრიდან მსგავსი ცენტრები გავხსენით კიევსა და ლვოვში. ასევე ფუნქციონირებს ჩვენი ოფისი, მიმღები, სადაც გვერდიგვერდ თანამშრომლობენ იურისტები, ფსიქოლოგები და კომპლექსურად ხდება ვიზიტორთან მუშაობა.  

გარდა ამისა, მოზიდულ გრანტებშიც გავითვალისწინეთ დაზარალებულებისათვის დახმარების გაწევის რესურსი. თუმცა თანხა საკმაოდ მცირეა - 3,000 გრივნა, მიუხედავად ამისა, ეს რეალური დახმარებაა.

ხარკოვში ოპერირების პლუსი ისაა, რომ ეს ჩვენი ქალაქია, ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს. მე მაქვს შეთანხმება საოლქო ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმთან. თუ პიროვნებას ესაჭიროება არა ფსიქოთერაპევტი, არამედ ფსიქიატრი, პირდაპირ მასთან ვამისამართებთ. გვაქვს ასევე შეთანხმება თანამშრომლობაზე თერაპიის ინსტიტუტთან - ვაგზავნით ჩვენს ბენეფიციარებს გამოკვლევებზე: კარდიოგრამა, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ტომოგრაფია, თუ საჭიროა. ამ ხარჯებს გრანტებით ვფარავთ. ასევე ვაკეთებთ სასამართლო ექსპერტიზას, რომელიც ფასიანია. 

საქმე ისაა, რომ თუ ეს ყველაფერი ოფიციალურად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის СБУ-ს მეშვეობით დაიგეგმება, დაზარალებულს მოუწევს ექსპერტიზის ლოდინი 2 წლის განმავლობაში. ჩვენ კიდევ ყველაფერს სწრაფად და ოპერატიულად ვაკეთებთ, სანამ კვალი არსებობს. ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია? პრაქტიკულად, ხარკოვში ყველა იმ ადამიანს, რომელიც  მოგვმართავს, ვუწევთ სრულფასოვან დახმარებას მათი საჭიროებიდან გამომდინარე. გარდა ამისა ჩართულები ვართ პროგრამაში „დავუბრუნოთ სითბო და სინათლე უკრაინას“ (wfu.world). პროგრამის ფარგლებში,  რუსული დიასპორა აგროვებს თანხებს მთელს მსოფლიოში. სახსრები ვარშავაში აკუმულირდება. იქ იძენენ ღუმელებს („ბურჟუიკებს“), გაზის ქურებს, გენერატორებს, აკუმულატორებს და ა.შ., შემდეგ კი პოლონეთის საზღვრის გავლით აწვდიან უკრაინელებს. ჩვენ ვართ ამ პროგრამის ოპერატორები ხარკოვში და უკვე 500-ზე მეტი დასახელების საქონელი მივიღეთ. ვაწვდით და ვუნაწილებთ ოლქის მასშტაბით იმათ, ვისაც ეს სჭირდება. სექტემბერში როგორც კი ოლქი გათავისუფლდა, ჩვენ იქ რეგულარულად დავიწყეთ ვიზიტები. მონიტორინგის სამი ჯგუფი გვყავს, პრაქტიკულად, ყოველდღე დადიან იქ. ვპოულობთ ადამიანებს - ჩვენს ბენეფიციარებს, ვუწევთ სამართლებრივ, ფინანსურ დახმარებას... იქ არც ელექტროენერგიაა, არც სითბო. ძალიან რთულადაა ყველაფერი, ხომ გესმით? ვეხმარებით მათ ამგვარადაც. ანუ გამოდის კომპლექსური დახმარება, ასეთია მოდელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირება მოვლენებზე.  ჩვენ გვაქვს პროექტი „ომის ხმები“. ის მოიცავს ომით დაზარალებულებთან, მოწმეებთან ინტერვიუებს. ჩვენ, დაახლოებით, 160 ადამიანის ინტერვიუ ჩავიწერეთ. ინტერვიუების ნაწილი ვთარგმნეთ ინგლისურად, ახლა კი, მე მოვიფიქრე პროექტი, რომ ისინი ვთარგმნოთ იმ ქვეყნების ენებზე, სადაც საზოგადოება „მემორიალი“ ოპერირებს, ანუ პოლონურ, ჩეხურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ ენებზე. ეს პროექტი უკვე ამოქმედდა და ეს ინტერვიუები ხუთ ენაზე ითარგმნება. ჩვენ თავად ვთარგმნით უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე. საბოლოო ჯამში, ეს ხმები ცხრა ენაზე აღაღადდება! ჩვენი პარტნიორები მათ თავიანთ ქვეყნებში, თავიანთ ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა.

შეხედეთ, მთელი კომპლექსი გამოდის - დოკუმენტირება, მონაცემთა ბაზაში შეტანა, სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება, ინფორმირება. მონიტორინგის ერთ-ერთი ინსტრუმენტია დეოკუპირებულ ტერიტორიებზე გასვლები, იმ ადგილებში, რომლებიც ოკუპაციისას დაზარალდა. აი, ასე და ამგვარად, ვმუშაობთ. 2022 წლის მეორე ნახევრიდან ორგანიზაცია 2,5-ჯერ გაიზარდა. მე გიამბეთ იმაზე, რასაც ახლა ვსაქმიანობთ, მაგრამ ყველა პრობლემა, რომელიც ომამდე იყო, არ გამქრალა და კიდევ უფრო გამწვავდა. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი ეხება ომის პირობებში პატიმართა დახმარებას. ინფორმაცია მედიასივრცეში, რომელიც ასახავდა პატიმართა უფლებებისათვის ბრძოლას, არც ისე ბევრია, თუმცა ვიღაცები მაინც წერენ. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად დაკავებულია პატიმართა უფლებებით და აშუქებენ ამ თემას. შესაბამისად, რაღაც ჩნდება მედიაში, ჩვენ ამაზე ვწერთ და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. სამართლებრივ დახმარებასაც ვუწევთ. აი, მხოლოდ დღეს ვსაუბრობდი იმაზე, რომ შევიძინე 30 წყლის რეზერვუარი ნიკოლაევოს წინასწარი დაკავების საგამოძიებო იზოლატორისათვის. თან ძალიან ცუდი წყალი აქვთ იმათ, გესმით? და როდესაც მოდის მანქანა კარგი წყლით, მათ არ შეუძლიათ მიაწოდონ ის კამერებში. მე ვუყიდე რეზერვუარები, რათა წყალი ჩაესხათ. ძალიან გაუხარდათ, ხომ მცირედია, მაგრამ ბიუჯეტში არაა სახსრები ამისათვის. იყო რაკეტების მოხვედრისა და ნგრევის შემთხვევებიც.  დაწესებულებების ნაწილი დაზიანდა, ზოგიერთი პატიმარი დაიჭრა კიდეც. ამის გამო 10 დაწესებულება გადაანაცვლეს ქვეყნის აღმოსავლეთი და  სამხრეთი ნაწილიდან  დასავლეთში, ვოლინსა და გალიჩინაზე. ყველას გადაყვანა ვერ მოესწრო. ბევრნი დარჩნენ, იმიტომ რომ რუსებმა ძალიან სწრაფად დაიკავეს ხერსონი და ხერსონის ოლქი - ერთ დღეში. პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს პატიმართათვის თავისუფლების აღკვეთის ვადის შემსუბუქებასა და მათ ინტეგრაციას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში, არ არსებობს.



რუსეთში, როგორც ცნობილია, პატიმრებს პირდაპირ ფრონტზე ერეკებიან...

 

როდესაც ომი დაიწყო, ჩვენთან მისწერეს ყველა გამოსასწორებელ დაწესებულებას, დააგზავნეს წერილები შინაარსით: გამოჰკითხეთ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს, ანტიტერორისტული ოპერაციების ყოფილი მონაწილეები - სურთ თუ არა წავიდნენ საბრძოლველად. გამოჰკითხეს ყველა, შეადგინეს სიები და ზოგიერთი წაიყვანეს. იყო ასეთი ფაქტებიც, მაგრამ არც თუ ისე ხშირად. უმეტესი ნაწილი არ წაიყვანეს. რა შემიძლია ვთქვა, ისეთი პრაქტიკაა, რომ ომიდან გამომდინარე, დანაშაულის აღმკვეთ ზომად ნაკლებად ირჩევდნენ პატიმრობასა და წინასწარი დაკავების იზოლატორს. უმეტესად მიმართავდნენ შინაპატიმრობას. სასამართლოს გამოჰქონდა ნაკლებად მკაცრი განაჩენები - იქ, სადაც შესაძლებელი იყო მისჯა თავისუფლების აღკვეთის გარეშე. დაახლოებით, ამგვარად. მაგრამ რამე სახელმწიფო პროგრამა - არა, მსგავსი არაფერი. 



ხელისუფლების საქმიანობის შესახებ

რაც შეეხება სახელმწიფო ინტერესებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის გამიჯვნას, ეგრეთ წოდებულ rule of law-ს, მიმაჩნია, რომ ჩვენ ზოგადად პრობლემა გვაქვს ჩვენი პრეზიდენტის გამო, ომამდეც და ომის მსვლელობის დროსაც. ის ძალიან ავტორიტარია. არავის მოსმენა არ სურს - არც თავისიანების, არც სხვისი, არც ექსპერტების, საერთოდ არავისი. მასთან წვდომაც ძალიან შეზღუდულია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი მასთან არავის უშვებს. ის ავტორიტარია და, სამწუხაროდ, მათი მიდგომა, ფაქტობრივად, სამართლის უზენაესობას ეწინააღმდეგება. საკუთარი ქმედებებით, ისინი არღვევენ კონსტიტუციას, არღვევენ კანონებს, არღვევენ ადამიანის უფლებებს. ზემო ჩამოთვლილის დარღვევით მათ სურთ იპოვონ მარტივი გზები პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ რთული პრობლემების მარტივი გზებით გადაწყვეტის იდეა არსობრივად მანკიერია. ისინი ფიქრობენ, რომ გადაჭრეს პრობლემა და ამ დროს არაფერი გადაუჭრიათ, უბრალოდ, გაართულეს ყველაფერი. ჩემი მოსაზრებით, მათ ბევრი სისულელე, ბევრი შეცდომა დაუშვეს ამ კონტექსტში. მათ შორის სამხედრო მიმართულებითაც. კერძოდ, მიიღეს კანონი ბრძანების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გაზრდაზე და სამხედრო ნაწილის მიტოვებაზე. ეს ცუდი კანონია. ზელენსკის სახელზე მასობრივი პეტიცია შედგა, რათა ვეტო დაედო, მაგრამ პრეზიდენტმა მოაწერა კანონს ხელი და ახლა ჯარისკაცები  უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ თავიანთ მეთაურებზე, ვიდრე ადრე.

არ მგონია, რომ ეს ქაოსის თავიდან ასაცილებლად  გაკეთდა. არა, ეს საკმაოდ სპეციფიკური საკითხებია. ჩვეულებრივ ყოფაშიც გამკაცრდა რაღაცები. მაგალითად, საერთოდ შეწყვიტა მუშაობა მიგრაციულმა სამსახურმა. ბელარუსები, რუსები, უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცესში იყვნენ, როდესაც ყველაფერი გაიყინა, აღარაფერი კეთდება. ისინი ერთ ადგილას დაბმულები აღმოჩნდნენ. გავა კიდევ ცოტა დრო და ისინი დოკუმენტების გარეშე დარჩებიან. ძველ დოკუმენტებს ვადა ეწურება, ახალს კი ვერ მიიღებენ. ძალიან სავალალოა მათი მდგომარეობა. 



ევგენი ზახაროვი და ანტონ ვაჭარაძე

 

რუსული პროპაგანდა ომის დაწყების მოტივების შესახებ

უპირობოდ, პროპაგანდა რუსეთის ხელში სერიოზული იარაღია. ჩვენ გვაქვს გარკვეული წინსვლა ნატოსთან, მაგრამ ნატო ფართოვდება, უპირველეს ყოვლისა, მათი (რუსეთის - ა.ვ.) ქმედებების გამო, ვინაიდან მათ გააჩაღეს ეს ომი. ამიტომ ნატო შეშფოთებულია. მან გაზარდა თავისი ჩართულობა პოლონეთში,  ბალტიის ქვეყნებში.  ფინეთი და შვედეთი შევლენ ნატოში, მათ ჩამოგვიტანეს მეტი იარაღი აქ, აწვდიან უკრაინას ნატოს სტანდარტის ბევრ იარაღს, რათა შევძლოთ ვიომოთ და გავუმკლავდეთ ამ აგრესიას. ჰოდა, ამაში რუსები თავად არიან დამნაშავეები, არ იქნებოდა მათი აგრესია, არ იქნებოდა ყოველივე ეს. და კიდევ, არავითარი რუსულენოვანთა დისკრიმინაცია არ ხორციელდება უკრაინაში, ეს სრული სიცრუეა.  

ახლაც კი, ომის მიმდინარეობისას, კიევში შეგვიძლია რუსული საუბარი მოვისმინოთ, უბრალოდ, თავად ადამიანები უკვე ნაკლებად საუბრობენ რუსულად. ეს მათი ბუნებრივი რეაქციაა. მაგრამ არავითარი დისკრიმინაცია არ არის. რაღაც მოქმედებები განხორციელდა კი, ქუჩების სახელების გადარქმევა მაგალითად. მაგრამ ეს რეაქცია ომზე, ჩემი აზრით,  ადეკვატური არ არის.

მაგალითისთვის, კომუნისტური სახელწოდებები დიდი ხანია უკვე გადარქმეულია. ახლა მიადგნენ მწერლებს, კომპოზიტორებს, მხატვრებს. ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერს გადაარქვეს სახელები - პუშკინს, ტოლსტოის, ჩეხოვს... რუსულმა თეატრებმა შეწყვიტა არსებობა. რუსული დრამატული თეატრი რუსულად აღარ თამაშობს სპექტაკლებს. თავად აღარ სურთ - საკუთარი ნებით გადავიდნენ უკრაინულზე. საქმე ისაა, რომ რუსული ენა ბევრი უკრაინელისათვის საძულველი გახდა, ამ ომის გამო. რადგან სრული თრეშია.. როდესაც ისინი მიდიან რუსულენოვანი მოსახლეობის გასათავისუფლებლად. ყველაზე მეტად ხომ უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის რუსულენოვანი მოსახლეობა დაზარალდა ამ ომში. ასევე ხარკოვი, დონბასი, ხერსონი, ნიკოლაევი. ეს ყველა რუსულენოვანი რაიონია. ჰოდა რა გათავისუფლებაზეა საერთოდ საუბარი? სინამდვილეში ამ ომის მოტივები ძალიან მარტივია: რუსეთს ძალიან ძლიერი იმპერიული კომპლექსი აქვს, იმპერია კიდევ უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც ამ ომის მიზანია - მოსპონ უკრაინული სახელმწიფოებრიობა და ამასთანავე,  ყველა ის ვინც მას იცავს. 

რუსეთმა მთელი მოსახლეობა ოთხ ჯგუფად დაყო. პირველი - ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, ანუ ვისთანაც არ აქვს აზრი მოლაპარაკებას, ისინი, ვინც იცავს უკრაინას. მეორე - ისინი, ვინც შესაძლებელია რეპრესიული მეთოდებით გააჩუმო, მათთვის კიდევ შეიძლება ცხოვრების შენარჩუნებაზე ფიქრი. მესამე - ისინი, ვინც ზეწოლის ქვეშ შეძლებენ იყვნენ ლოიალურები და შესაძლებელია მასთან თანამშრომლობა. მეოთხე - ისინი, ვინც უკვე თანამშრომლობენ მათთან. ამ ჯგუფების პროცენტულ გადანაწილებაზე რთულია საუბარი, არ მახსოვს. მგონი არცაა არავითარი გადანაწილება. საინტერესოა რომ ... ომის პირველ ფაზაში, როდესაც ეს ყველაფერი დონბასში კონცენტრირდა, უკვე მაშინ, ჩემს მშობლიურ ხარკოვში 84% მოსახლეობისა წინააღმდეგი იყო რუსების ნებისმიერი ფორმით ჩართულობის რეგიონის და, შესაბამისად, უკრაინის შიდა საქმეებში. 7% მხარს უჭერდა რუსეთთან შეერთებას, 7% მხარს უჭერდა ხარკოვის სახალხო რესპუბლიკის (ХНР) ჩამოყალიბებას. შესაბამისად, 84% მოსახლეობისა წინააღმდეგი იყო იმ რეგიონში, რომელშიც მოსახლეობის უმეტესობა სწორედაც რომ რუსულენოვანია. 

ხარკოვში ეთნიკურად რუსებისა და უკრაინელების საკითხი რთულადაა. არ ვიტყოდი, რომ რუსები უმრავლესობას შეადგენენ. ყირიმში მეტია რუსი, ვიდრე უკრაინელი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენთან ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება არ ემთხვევა. ჩვენთან შესაძლებელია ადამიანი იყოს ეთნიკურად უკრაინელი, მისი მშობლიური ენა კი რუსული იყოს, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი ძალადობრივი რუსიფიკაციის შედეგია. 



საკუთარი შეცდომების აღიარება წინსვლისთვის

როგორც აღვნიშნე, წინააღმდეგი ვარ ამ მოვლენების ჭრილში ისტორიის პოლიტიზებისა, წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ვაშენოთ სამყარო სიმართლის მიჩქმალვით. პირიქით, უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის. და მხოლოდ ამის საფუძველზე შეგვიძლია ვაშენოთ რაც გვსურს. მაშინ ადამიანებსაც მეტი ნდობა ექნებათ ასეთი სახელმწიფოსი. მაშინ კი, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან ერთს, ხოლო საკუთარი გამოცდილებით, ოჯახური ისტორიით  სხვა იციან, მათ უბრალოდ არ ექნებათ ასეთი სახელმწიფოს ნდობა.  

ეს უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ საკუთარი ბრალის, შეცდომების, დანაშაულების დანახვა, მათი აღიარება და გამოსწორება. ასე თუ მოვიქცევით, მაშინ ჩამოყალიბდება პოლიტიკური ერი-სახელმწიფო. გაცილებით ძლიერი, უფრო მტკიცე ადამიანები უკეთ გაუგებენ ერთმანეთს. უკრაინა დიდია და, რეალურად, ძალიან ეკლექტური. უკრაინა ხომ ყველაზე დიდი ქვეყანაა ევროპაში, რუსეთს თუ არ ჩავთვლით. ტერიტორიულად ოდნავ დიდი საფრანგეთსა და გერმანიაზე. ის არაერთგვაროვანი ნაწილებისგან შედგება, ხვდებით.. ყირიმი ერთია, დონბასი - მეორე, ცენტრი - მესამე, გალიჩინა - მეოთხე, ვოლინი - მეხუთე, ბუკოვინა - მეექვსე, ზაკარპატიე - მეშვიდე და ასე შემდეგ. პრინციპში ასეთი, არსობრივად კულტურული განსხვავებულობის მქონე რაიონები უკრაინაში ძალიან ბევრია. უკრაინაში 150 ეთნიკური ჯგუფია, 150! ძალიან ბევრი! ჰოდა ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს, არ სჭირდება ძალდატანება და არაა საჭირო ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა...

ომი საუკეთესოდ აკავშირებს ადამიანებს. ისინი ახლა ერთმანეთს უკეთ უგებენ, რადგანაც მიხვდნენ, თუ ვინაა საერთო მტერი. მაგრამ ეს მაინც არაა საკმარისი. 



წარსულის/რეპრესიების შესწავლის პერსპექტივები მიმდინარე ომისა და მისი სავარაუდო შედეგების ფონზე

მიმაჩნია, რომ ეს საკითხები ურთიერთდაკავშირებულია. ადამიანები უბრალოდ ვერ აცნობიერებენ ამას. კი, ახლა, ახალი სადარდებელი გვაქვს, ახალი მსხვერპლი, ახალი სიკვდილი. იმან რაც ბოლო წელს მოხდა ძალიან შეძრა ადამიანები. საქმე ისაა, რომ ის ახალი (რაც მიმდინარეობს) ძველის გაგრძელებაა. ხელოვნური შიმშილისა (ჰოლოდომორი - ა.ვ.) და მიმდინარე ომისას რუსეთს სინამდვილეში ერთი და იგივე მოტივი აქვს - გააკეთოს ყველაფერი, რომ უკრაინა ვეღარ შეეწინააღმდეგოს იმპერიულ ცენტრს. ამ მიზნისათვის მოაწყვეს შიმშილი, ახლა კიდევ საერთოდ ქვეყნის განადგურება განიზრახეს. ამიტომაც, ეს საკითხები ურთიერთკავშირშია, პირველ რიგში, ისინი უნდა შევისწავლოთ, გავიაზროთ და საერთოდ, აქტიურად ვიმუშაოთ ამ კუთხით. მეორე მხრივ, კიდევ აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.  საქმე ისაა, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელობის პრაქტიკაში ძალიან ძლიერია საბჭოთა, რუდიმენტული პრაქტიკები. ანუ, ჩვენი თითქოს და ახალგაზრდა ხელმძღვანელობა, რომელიც ემხრობა დემოკრატიას, ადამიანთა უფლებებს, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობას, სინამდვილეში სრულიად საბჭოთა მიდგომებით, საბჭოთა წესებით მოქმედებს ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას! საჭიროა მათთვის ამის მუდმივად შეხსენება. შეხედეთ, რას აკეთებთ! ისეთივე ხართ, როგორც ადრე იყავით. ამიტომაც ეს ყოველივე ურთიერთკავშირშია. ამიტომაც ეს აუცილებლად კომპლექსურად უნდა იყოს განხილული. მეტსაც ვიტყვი, სავსებითაც არ იქნებოდა ზედმეტი საერთაშორისო ტრიბუნალი სსრკ-ში კომუნიზმის დანაშაულებრივი ქმედებების გასამართლების კუთხით. იმიტომ, რომ სამართლებრივ დონეზე ეს დანაშაულები ბალტიის ქვეყნების გარდა არსადაა აღიარებული. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა,  რომ ეს ომი გახდა შესაძლებელი. ტრიბუნალი რომ შემდგარიყო - დამოკიდებულება სხვანაირი იქნებოდა. იქნებოდა მეტი გაცნობიერება იმისა, რომ ეს დანაშაულია, რომლისთვისაც სასჯელი გელის.

არქივების ღიაობამ ჩააღწია უკრაინაში. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესის დასრულებისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ ომი დასრულდეს, თანაც გამარჯვებით. და რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი. არავინ იცის კიდევ რა გველის. ამიტომაც რთულია ამაზე ახლა ისაუბრო.  ჩვენ ახლა მართლა ძალიან გვიჭირს. ჩვენ ვიბრძვით და ყველანი დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში. მეც დარწმუნებული ვარ, მაგრამ როდის იქნება ეს და რა ფასად - არავინ იცის. 

რუსეთთან შედარებით ჩვენ არ გვყოფნის რესურსები. ბევრი ადამიანი დავკარგეთ, ყველაზე გამოცდილი და მოტივირებული.

საჭიროა რეალური დემოკრატია. ჩვენი რესპუბლიკა საპარლამენტო-საპრეზიდენტოა, ფაქტობრივად კი, ავტორიტარულად საპრეზიდენტო. ზელენსკი იქცევა როგორც ავტორიტარული პრეზიდენტი და ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ ყველამ დაუჯეროს, ყველამ ის აკეთოს, რასაც პრეზიდენტი იტყვის. პრეზიდენტის ოფისი ყველაზე გავლენიანი ორგანოა ქვეყანაში.

ერთადერთი, ვინც თავს  უფლებას აძლევს თავისუფლება გამოხატოს, ეს უმაღლესი სასამართლო ინსტანციებია. უფრო დაბალი ინსტანციები უკვე ვეღარ… აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად პრეზიდენტის ოფისის კონტროლქვეშაა. ანუ, ეს ყველაფერი სინამდვილეში ძალიან სამწუხაროა. ომი ყველაფერს ათანაბრებს. და რაღაცნაირად ითვლება, რომ ეს ნორმალურია. მაგრამ სინამდვილეში, კორუფცია არსად გამქრალა. მეტსაც ვიტყვი, გაიზარდა, უფრო გაღრმავდა, ვიდრე ომამდე. ხვდებით?  ეს ჩემი პირადი შეფასებაა, ვერავითარი ფაქტებით ვერ დავასაბუთებ. ჩემი შინაგანი შეგრძნებებით ვმსჯელობ. 

გამარჯვების შემდეგ რთული იქნება (ავტორიტარიზმისაგან) თავის დაღწევა. იმიტომ, რომ პრეზიდენტი რუსეთთან ომის გამარჯვებულია...

მაგრამ უკრაინელები ძალიან თავისუფლების მოყვარული ერია და ზელენსკი ვეღარ შეძლებს ისევ ისე ავტორიტარულად განაგრძოს ქმედება, როგორც ახლა... და თუნდაც გამარჯვებულს - არ აპატიებენ.

აი, რაც ახასიათებთ უკრაინელებს და რაც კარგია ესაა: ძლიერი ინდივიდუალიზმი და ხელისუფლების მიმართ ბრმა სიყვარულის არქონა. ადამიანები მზად არიან, თუ არ მოსწონთ ხელისუფლება შეცვალონ იგი, გამოცადონ ერთი, მეორე. საქართველოშიც ხომ ასეა გარკვეულწილად.  

სიცრუის დამარცხება მხოლოდ სიმართლეს შეუძლია - ეს ციტატა ლევ კოპელევისაა. ტყუილი მხოლოდ სიმართლით შეგიძლია დაამარცხო. ეს პოსტმოდერნული მიდგომებია სიმართლეების მრავალრიცხოვნობაზე, ხვდებით? ეს ყველა განსხვავებული ინტერპრეტაციაა, სხვადასხვა შეფასება... შეფასება და ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს განსხვავებული. საქმე ისაა, რომ არსებობს ცნობილი ეფექტი, რომ ექსპერიმენტის შედეგები დამოკიდებულია იმ პიროვნებაზე, ვინც აფასებს მას. 



ადამიანის უფლებები: წარსული და რეალობა

ჩემს წიგნთან - Human Rights: my personal opinion 2000 დაკავშირებით, როდესაც მე ვმსჯელობ თუ რა შეიცვალა 2023 წელს და არის თუ არა ადამიანების უფლებები უნივერსალური ცნება ყველა დროისა და ხალხისათვის,  მოვიაზრებ, რომ ადამიანის უფლებები, ძირითადად, ერთი და იგივე რჩება. მაგრამ იცვლება გარდამავალი მდგომარეობების შეფასებები. სინამდვილეში, ადამიანთა უფლებები ყოველთვის კოლიზიურ მდგომარეობაშია ერთმანეთთან. ჯერ კიდევ მიშელ მონტენი იძახდა, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება მეორეს უბედურებას ეფუძნება. და როდესაც რეალიზდება ერთთა უფლებები, ამით სხვათა უფლებები ირღვევა. აი, მაგალითად, სავსებით ცალსახა კოლიზიაა ინფორმაციის წვდომასა და ამ პიროვნებაზე პირადი მონაცემების დაცვის უფლებას შორის. სხვათა შორის, არქივებთან მიმართებით ამ საკითხში ბალანსის პოვნა, სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მაგრამ არსად არაა ისე, რომ იგი აბსოლუტური მნიშვნელობით გადაწყდეს ერთი რომელიმე ფასეულობის სასარგებლოდ. პრივატულობაც ფასეულობაა და ინფორმაციასთან წვდომაც. 

ჰოდა, აი როგორ უნდა შეინარჩუნო ეს ბალანსი? ცვლილებები მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება ამ დაპირისპირებულ უფლებებზე შეხედულება, ხოლო თავად უფლებები კი რჩება იგივე. მეტიც, აბსოლუტური უფლებების რაოდენობა იზრდება. ანუ სახელმწიფოებრივი ძალადობის მიმართ აკრძალვებიც მატულობს. ხვდებით? ერთ დროს მონობა ნორმა იყო, ახლა კი მონობის აკრძალვა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც ვერავითარი პირობით ვეღარ დაირღვევა.  ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მეოთხე მუხლია. იცვლება დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ. ის, რაც ადრე არანორმალურად ითვლებოდა, ახლა ნორმალურია. მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებები. 



რუსეთისთვის ომის პატიება და მისი საერთაშორისო პროცესებში ჩართვა, ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ...

ამ ომს არ აპატიებენ. დასავლეთმა გადაწყვიტა რუსეთის დასჯა. ჩემი აზრით, დასავლეთის სტრატეგიაა, უკრაინისათვის ეტაპობრივი დახმარების გაწევით,  გააცამტვეროს რუსეთი და მისი სამხედრო ძლევამოსილება. მიმაჩნია, რომ რუსებს არ ენანებათ საკუთარი ჯარისკაცები, საზარბაზნე ხორცად იმეტებენ, ასობით, ათასობით სწირავენ.. ასე ხდება. აი, მოდი, უკრაინამ „დაფქვას“ ეს ყველაფერი, რომ რუსეთი დაუძლურდეს, იქიდან კი სანქციებით გასრესენ, სირთულეები რომ დაიწყოს შიგნით.. და პოლიტიკური რეჟიმი შეიცვალოს. ასეთია დასავლეთის სტრატეგია. 

 

ინტერვიუს რუსული ვერსია იხილეთ აქ.