2018 წლის 18 მარტს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის სახელით გააკეთა განცხადება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებსა და არაღიარების პოლიტიკას და გაეროს სხვა წევრებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ არაღიარების პოლიტიკას მსგავსი ზომების მიღებით:
„2 წლის შემდეგ რაც რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი იქნა ანექსირებული, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროკავშირი კვლავ არ აღიარებს და გმობს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ეს დარღვევა წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, რომელსაც შეიძლება სავალალო შედეგები ჰქონდეს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის, რომელიც იცავს სახელმწიფოთა ერთიანობას და სუვერენიტეტს.
ევროკავშირი რჩება არაღიარების პოლიტიკის ერთგული, მათ შორის სანქციების გამოყენების ფორმით. ევროკავშირი მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს განიხილონ მსგავსი არაღიარების ზომების გატარება (იგულისხმება სანქციების დაწესება), გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 68/262-ის შესაბამისად.“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ფედერიკა მოგერინი ასევე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ყირიმის ნახევარკუნძულზე, განსაკუთრებით კი ყირიმელი თათრების მიმართ და გმობს მეჯლისის (ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანო) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ასევე კანადამ და ავსტრალიამ, 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და სახელმწიფო მაღალჩინოსნებს არაერთი სანქცია დაუწესეს.
ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველო ექვს ევროპულ ქვეყანასთან ერთად (მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და უკრაინა) შეუერთდა იმ დეკლარაციას, რომლითაც ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს ყირიმისა და სევასტოპოლის არალეგალური ანექსიის საპასუხოდ. სანქციები ეხება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიიდან პროდუქტების იმპორტს იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს უკრაინის სახელმწიფო სერთიფიკატი. აგრეთვე იზღუდება ინვესტიციების განხორციელება და ტურისტული სერვისების შეთავაზება რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე.
ზემოთ აღნიშნული 6 ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო არ შეერთებია იმ დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირმა მიიღო უკრაინაში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებების გამო.