ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა

18 დეკემბერი 2015 Shadow

დღეს, 18 დეკემბერს, ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულასაქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა და ყველა რეფორმა განახორციელა დანარჩენი ნიშნულების ეფექტიანი და მდგრადი შესრულებისთვის. მიღებულია ყველა ზომა, რომელიც მე-3 პროგრეს ანგარიშში იყო მოთხოვნილი. საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპები, ოთხი ბლოკის ფარგლებში პროცედურების იმპლემენტაცია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაშია. ამ შეფასებებზე დაყრდნობით და იმ შედეგის გათვალისწინებით, რომლებიც 2012 წელს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების შემდეგ მონიტორინგმა აჩვენა,  ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ნიშნულს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ბლოკში იყო მოცემული. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთების გათვალისწინებით, კომისია 2016 წელს წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას No 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შესატანად“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

VLAP-ის თანახმად საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმები შემდეგ სფეროებში:
· დოკუმენტების უსაფრთხოება
· საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა
· საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა)
· ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობათა ჩათვლით

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ჯამში მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, რეგულაცია, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა მექანიზმები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით.

იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ მიიღოს, ამ ანგარიშის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. პროცედურულად, ევროკომისია მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს  რეკომენდაციით მიმართავს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს კენჭი უყრის. ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს და მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონასა და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში), 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ევროკავშირის შემფასებელმა მისიამ ბოლოს სექტემბერში შეამოწმა. მიმდინარე წლის მაისიდან, საერთო ჯამში, 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი რეგულაციები, ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მიმართულებით.

ვიზალიბერალიზაციის მე-4 პროგრესანგარიშის პრეზენტაციას იანოშ ჰერმანი თბილისში დღეს 18:00 საათზე გამართავს.