ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო

5 მაისი 2016 Shadow

2016 წლის 4 მაისს გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე, "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" საკითხის ფარგლებში აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება, შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად, მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება, დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე.

აქვე, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი წუხილს გამოხტავს იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთის მიმართ მოწოდებებისა, გაეუქმებინა საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვა, ის მაინც განარძობს ამ პროცესს.

ამასთანავე, აღნიშნული კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, განსაკუთრებით ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მის 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

 ”საქართველო არა მხოლოდ რჩება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, არამედ იზრდება მის მიმართ ინტერესი, რისი დასტურიც არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპის საბჭო მზარდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისათვის”, - აღნიშნავენ სამინისტროში

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. „2 დღის წინ ევროპის საბჭოში მიიღეს ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრის მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და პირდაპირ აკისრებს იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციას, ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები ქართულ ენაზე როგორც განათლების მიღების კუთხით, ასევე - საკუთრების, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების  და ა.შ. ეს ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ მოხდეს აქტუალიზაცია საქართველოს საკითხით. თვითონ დოკუმენტს ჰქვია „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.