ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შესაძლოა დაიწყოს სხვადასხვა სამართალდარღვევებისთვის რუსეთზე პასუხისგებლობის დაკისრება იმ არაღიარებულ რესპუბლიკებში, რომლებსაც რუსეთი უწევს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას. ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს სტატიას, სადაც შეფასებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბორის მოზერის საქმეზე - მოლდოვის მოქალაქე, რომელმაც 2 წელი გაატარა დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკის ციხეში და რომელმაც მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანისთვის რუსეთისგან უნდა მიიღოს 29 ათასი ევრო. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ დნესტრისპირეთი არა მარტო მოლდოვის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, არამედ რუსეთის ფედერაციისაც. რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლო „პოლიტიზირებულია და მიკერძოებულია“ იმ საქმეების მიმართ, რომლებიც რუსეთს ეხება.
მიმდინარე კვირას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი საქმეზე „მოზერი მოლდოვის და რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციამ, სამი თვის განმავლობაში უნდა აუნაზღაუროს მოლდოვის მოქალაქეს, ბორის მოზერს 29 ათასი ევრო მორალური და მატერიალური ზიანისთვის, ისევე როგორც საპროცესო ხარჯები. რუსეთი დამნაშავედ სცნეს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში, მათ შორის - წამების აკრძალვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, პირადი ხელშეუხებლობის უფლებისა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების შესახებ.
მოლდოვის მოქალაქე ბორის მოზერი დაკავებული იყო თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის სამართალდამცავების მიერ 2008 წელს, ორი კომპანიისთვის (რომელთაგან ერთ-ერთში თვითონ მუშაობდა) ზიანის მიყენების ბრალდებით. 2 წლის განმავლობაში, პატიმრობაში მყოფი მოზერი ხშირად ჩიოდა მისი ჯანმრთელობისთვის შეუფერებელი საპატიმრო პირობების შესახებ. 2010 წლის 1 ივლისს, ტირასპოლის (დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის „დედაქალაქი“) სასამართლომ ბორის მოზერს გამოუტანა განაჩენი და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთანავე, სასამართლომ მოახდინა ბრალდებულისა და მისი მეგობარი გოგონას ანგარიშიდან თანხის კონფისკაცია, ისევე როგორც ბრალდებულის მანქანის კონფისკაცია. ბორის მოზერის თანახმად, მისი მშობლები იძულებულები გახდნენ გაეყიდათ ბინა, რათა კომპანიებისთვის გადაეხადათ 40 ათასი დოლარი, რის შემდეგაც ის თავდებით გაათავისუფლეს. საბოლოოდ, მოზერი გაემგზავრა სამკურნალოდ კიშინიოვში, რის შემდეგაც გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში რუსეთის პასუხისმგებლობა დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა საკუთარ არსებობას აგრძელებს მხოლოდ რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური, საინფორმაციო და პოლიტიკური მხარდაჭერის შედეგად“. „რუსეთი ახორციელებს დნესტრისპირეთის ეფექტურ კონტროლს და დნესტრისპირეთის მთავრობის ქმედებებზე აქვს გადამწყვეტი გავლენა“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბორის მოზერის დედის საჩივარი მოლდოვაში რუსეთის საელჩომ გადაამისამართა დნესტრისპირეთის პროკურატურაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.
თვითაღიარებული რესპუბლიკა უკვე მეორედაა აღიარებული რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა „კატანი და სხვები მოლდოვის და რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეში, როდესაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა დნესტრისპირეთში მოლდოვური სკოლების დახურვაში.
„რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო იძულებულია განაცხადოს, რომ ევროპული სასამართლოს საქმიანობაში ვლინდება პოლიტიზირებისა და მიკერძოებულობის ნიშნები რუსეთის მიმართ, როდესაც საქმე ეხება მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე კერძო პირთა უფლებების დარღვევას“, - განაცხადეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში ბორის მოზერის გადაწყვეტილების შესახებ.
ერთადერთი მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც საერთო პოზიციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა იყო - დმიტრი დედოვი (რუსი მოსამართლე). მისი აზრი ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია გადაწყვეტილების დანართის სახით: „მე ვერ დავეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის შესახებ, და იმას, რომ რუსეთი სრულიად პასუხისმგებელია კონვენციის დარღვევაში, რაც განხორციელდა დნესტრისპირეთის ხელისუფლების მიერ“ - განაცხადა დედოვმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ: „არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში რუსეთის ბრალს ამტკიცებს.“
ვინაიდან საქმე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში, რუსეთის ფედერაციას განაჩენის გასაჩივრების უფლება არ აქვს. თუმცა, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, 2015 წლის დეკემბერში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი გაბათილების მოთხოვნით. იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირის, გიორგი მატიუშკინის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა იქნება განხილული“.
„კომერსანტთან“ ინტერვიუში, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსეი მაკარკინმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ყოფნის აღიარებამ შეიძლება განაპირობოს რუსეთზე სხვა ინცინდენტებზე პასუხისმგებლობის დაკისრება არაღიარებულ (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) და ნაწილობრივ აღიარებულ (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) რესპუბლიკებში, რომლებსაც რუსეთი უწევს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას. „ამჟამად ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებაში, რომლის შემთხვევაშიც, ქართული დასახლებებიდან გამოძევებული მოსახლეობის პრობლემა კვლავ აქტუალურია“ - აღნიშნა მაკარკინმა. სხვა საკითხია რუსეთი აღასრულებს თუ არა ამ გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს, რომ რუსეთს უკვე გააჩნია მსგავსი გადაწყვეტილებების გაბათილების მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს სახით.