საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთს ევროსასამართლოში საქმე მოუგეს

23 დეკემბერი 2016 Shadow

20 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია), „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) სამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეეხება 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებასა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის საიდენტიფიკაციო შემოწმება ჩატარდა, რის შედეგადაც რუსეთის ხელისუფლებამ 2300-მდე ქართველი გამოაძევა რუსეთის ტერიტორიიდან. მასობრივ დეპორტაციას  წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა, თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო.

ამ საქმეებამდე, 2016 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა მანანა ჯაბელიას ოჯახისთვის 70 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასიური დეპორტაციის დროს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისო სარჩელზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს ქართველი მოქალაქეების გამოძევების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად ცნო თენგიზ ტოგონიძის გარდაცვალების გამო და რუსეთს გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ 40 000 ევროს და სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯის 1,944.78 ფუნტი-სტერლინგის გადახდა დააკისრა.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა საიას მოთხოვნები 8 პირთან მიმართებით. ევროსასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო მათი კოლექტიური გამოძევების, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების, სამართლებრივი დაცვის საშუალებების არქონის ნაწილში.

აგრეთვე, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ლია შიოშვილის საჩივარი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის რუსეთის ფედერაციას 30 000 ევროს გადახდა დააკისრა მომჩივანის და მისი ოჯახის წევრების ( 4 მცირეწლოვანი ბავშვი) სასარგებლოდ.

აქვე გთავაზობთ ორი საქმის დეტალებს, რომლებიც შეეხება დეპორტაციისას თენგიზ ტოგონიძის გარდაცვალებას და 8 თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილის და მისი ოჯახის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

 

შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ

საქმის გარემოებები

1998 წლის 29 მაისს, ლია შიოშვილი, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად,  საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებოდათ ვიზა რუსეთში გასამგზავრებლად.

2004 წლის სექტემბერში, ლია შიოშვილმა გააჩინა მეოთხე შვილი რუსეთის ფედერაციაში და იმ დროს არალეგალურად ცხოვრობდა რუსეთში. ამავე პერიოდში იცვლება რეგულაციები ვიზებთან დაკავშირებით. 2006 წლის დასაწყისში, ლია შიოშვილის ოჯახი ქალაქ რუზაში (მოსკოვის ოლქი) გადასახლდა რათა ოჯახის წევრებს თავი აერიდებინათ დეპორტაციისთვის.

დეპორტაციის ტალღის დაწყებასთან ერთად, 2016 წლის 7 ნოემბერს რუსეთის სასამართლომ ლია შიოშვილის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ ის 8 თვის ფეხმძიმე იყო და ჰყავდა 4 მცირეწლოვანი შვილი. საქმის განხილვას დაეთმო მხოლოდ 10 წუთი.

დეპორტაციის ქრონოლოგია

2006 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა, ლია შიოშვილმა დატოვა მოსკოვი 4 შვილთან ერთად. დაზარალებულები მოსკოვიდან მატარებლით გაემგზავრენ ბაქოსკენ, რადგან ამ პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო კომუნიკაცია შეზღუდული იყო. მგზავრობის დროს, ლია შიოშვილი 8 თვის ფეხმძიმე იყო, მისი შვილები კი იყვნენ 11, 9, 6 და 2 წლის.

2006 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 22:30-ზე, რუსეთის საემიგრაციო სამსახურის ოფიცრებმა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი მატარებლიდან ჩამოიყვანეს ეთნიკურად ქართველი მგზავრები. ოფიცრებმა შეამოწმეს დაზარალებულის დოკუმენტები და ჩამოართვეს მას 400 აშშ დოლარი, რომელიც მათი თქმით დაზარალებულს არ განუცხადებია. ოფიცრებმა ეთნიკურად ქართველ მგზავრებს უთხრეს, რომ ისინი ვერ გააგრძელებდნენ მგზავრობას.

ლია შიოშვილი და მისი ოჯახი სხვა ქართველებთან ერთად გადაიყვანეს ქალაქ დერბენტში (დაღესტანი) ავტობუსით. ოფიცრებს არ განუმარტავთ მგზავრებისთვის თუ სად და რატომ გადაჰყავდათ ისინი. ფეხით და ავტობუსით მგზავრობა განსაკუთრებით მძიმე იყო დაზარალებულისთვის, რადგან ის 8 თვის ფეხმძიმე იყო.

 დერბენტში ჩასვლისას ოფიცრებმა ლ. შიოშვილი წაიყვანეს საემიგრაციო სამსახურის ოფისში, თუმცა მას 2 საათის განმავლობაში გარეთ მოუწია ლოდინი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

 2006 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ქართველების ჯგუფი გადაიყვანეს დერბენტის მატარებლის სადგურში ღამის გასათევად. ლია შიოშვილის განცხადებით, საპირფარეშოში გასვლის ნებართვისთვის, მათ ოფიცრებისთვის 500 რუსული რუბლის (დღევანდელი კურსით 21 ლარი) გადახდა უწევდათ. ამ ხნის მანძილზე, დაზარალებულებს არ მიუღიათ საკვები და სასმელი წყალი.

გამთენიისას, ოფიცრებმა ხელახლა გადაიყვანეს დაზარალებულები მიგრაციის სამსახურში, სადაც მათ მოუწიათ მთელი დღის განმავლობაში გარეთ ლოდინი. ტემპერატურა მოცემულ დროს 5 ºC იყო.

საღამოს, ლია შიოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ბავშვებს ახველებდათ და ტიროდნენ საჭმლისა და წყლის ნაკლებობის გამო. ქართველების ჯგუფმა საბოლოოდ იქირავეს სარდაფი, რომელიც ოთხ ოთახიან ბინად იყო გადაკეთებული. ბინაში არ იყო გათბობა, სამი ქალი და ექვსი ბავშვი ერთ ოთახში იყვნენ, სადაც ოთხი საწოლი იყო. დანარჩენ სამ ოთახში კი 20-მდე მამაკაცი იყო განთავსებული. ლია შიოშვილს მოუწია დღეში 200 რუსული რუბლის (დღევანდელი კურსით 8.52 ლარი) გადახდა სარდაფის ქირაობის საფასურის სახით. დაზარალებულის თქმით, ოფიცრები ბინაში რეგულარულად მოდიოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ყურადღებას არ აქცევდნენ.

2016 წლის 29 ნოემბერს, ლია შიოშვილმა სცადა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარის გადაკვეთა სამ შვილთან ერთად, ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა ქართველებთან ერთად, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფდნენ მის გადმოყვანას. საზღვარზე გადასვლისას, მესაზღვრეებმა დაზარალებულს უთხრეს, რომ დეპორტაციის ცნობა მხოლოდ მასზე იყო გამოწერილი და არა მის მცირეწლოვან ბავშვებზე, შესაბამისად მათ ერთად მოუწიათ დაბრუნება დერბენტში.

ლია შიოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მას ჰქონდა სიცხე და პანიკური შიშები, ასევე ასთმის შემოტევები.

2016 წლის 3 და 4 დეკემბერს, რუსეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლის დახმარებით, დაზარალებულმა მოიპოვა სატრანზიტო ვიზა მისთვის და საკუთარი ბავშვებისთვის, რის შემდეგაც ისინი გაემგზავრენ საქართველოში.

 

დაზარალებულების დაბრუნება საქართველოში

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ლია შიოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მას აწუხებდა - სიცხე, ხველება, მარჯვენა ფეხის გაშეშება და სისუსტე. 2016 წლის 12 დეკემბერს, დაზარალებულს ჰქონდა ასთმის შემოტევა ისევე როგორც მწვავე ტკივილი მუცლის არეში.

2016 წლის 14 დეკემბერს, ლია შიოშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილი მკვდრად დაიბადა. ავტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი გარდაიცვალა ჰიპოქსიით (ჟანგბადის უკმარისობით), რაც გამოწვეული იყო ვირუსული ინფექციით.

მომდევნო თვეების მანძილზე, ლია შიოშვილს დეპრესია და პანიკური შიშები აწუხებდა. მის უმცროს შვილს (2 წლის) ქცევითი დარღვევები აღენიშნებოდა - ადამიანების მიმართ პანიკური შიში და ქრონიკული ტირილი.

 

ძიძავა რუსეთის წინააღმდეგ

საქმის გარემოებები

მომჩივანი (ნინო ძიძავა) სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მეუღლესთან (თენგიზ ტოგონიძე) ერთად 2004 წლიდან. 2006 წლის აპრილში, თენგიზ ტოგონიძეს სასუნთქი გზების პრობლემები გაუჩნდა.

2006 წლის მაისს, ნინო ძიძავა დაბრუნდა საქართველოში, რადგან მის ვიზას ვადა გაუვიდა. მისი მეუღლის ვიზაც ამოიწურა (2005 წლის 9 თებერვალს), თუმცა ის მაინც დარჩა სანქტ-პეტერბურგში.

2006 წლის ოქტომბერში, თენგიზ ტოგონიძე ასევე მოექცა ქართველების დეპორტაციის ტალღაში, რასაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეეწირა.

 

დეპორტაციის ქრონოლოგია

2006 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 20:50-ზე, თენგიზ ტოგონიძე დააპატიმრეს რუსმა პოლიციის თანამშრომლებმა. უკვე 2006 წლის 4 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლომ მისი რუსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

დაზარალებული გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო ცენტრში. დაწესებულებაში შეამოწმეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყდა მისი განთავსება ცენტრის სპეციალურ იზოლატორში სხვა დაკავებულებთან ერთად. მას შემდეგ რაც თენგიზ ტოგონიძემ აუხსნა ცენტრის სამედიცინო პერსონალს, რომ აწუხებდა ასთმის შემოტევები, ის გადაიყვანეს ცალკე საკანში, სადაც იმყოფებოდა ერთი პირი, რომელსაც ასევე აწუხებდა ასთმა. საკანში გაუსაძლისი სანიტარული პირობები იყო, საპირფარეშო განთავსებული იყო პირდაპირ საკანში არავითარი ვენტილაციით.

2006 წლის 13 ოქტომბერს, დაზარალებულმა თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნების გამო სამედიცინო დახმარება მოითხოვა. სამედიცინო პერსონალმა მას გაუზომა წნევა და ტემპერატურა, რომელიც ნორმას აღემატებოდა. მას მისცეს პარაცეტამოლის აბი და გარკვეული დროის შემდეგ ხელახლა შეუმოწმეს სიცხე, რომელმაც დაიწია.

2006 წლის 14 ოქტომბერს, იმ დროს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულმა ზურაბ პატარიძემ მოინახულა დაზარალებული, რომელსაც სუნთქვა უჭირდა. კონსულმა მოითხოვა ტოგონიძის გადაყვანა საავადმყოფოში, რაზეც მან პასუხად უარი მიიღო.

2016 წლის 16 ოქტომბერს, ტოგონიძე 24 ქართველთან ერთად ავტობუსით წაიყვანეს დომოდედოვოს აეროპორტში, რათა სატვირთო თვითმფრინავით გაეძევებინათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან.

დაზარალებულისთვის ავტობუსში გაუსაძლისი პირობები იყო. კონდიცირება უზრუნველყოფილი არ იყო იმის მიუხედავად, რომ მგზავრობა 8-9 საათს გრძელდებოდა. მგზავრებს ფანჯრების გაღების უფლებას არ აძლევდნენ. უჰაერობის შედეგად, ტოგონიძეს სუნთქვა უჭირდა და აეროპორტამდე მისვლისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

აეროპორტში ზურაბ ტოგონიძე დახვდა დაკავებულებს, რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ტოგონიძე ჩამოვიდა ავტობუსიდან, მას სუნთქვა უჭირდა და იხრჩობოდა. ტოგონიძემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა აეროპორტის ტერმინალისკენ, რის შემდეგაც წაიქცა და გარდაიცვალა.