დეზინფორმაციის გამავრცელებელი საიტების ამოცნობის ხერხები

13 მარტი 2017 Shadow

24 სექტემბერს ხარკოვის ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის- პეტრო პოროშენკოს შესახებ, თითქოს მას ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის გამო კიევი-მოსკოვის რეისი დაატოვებინეს. უკრაინულმა საიტმა Stopfake-მა, რომელიც ყალბ ინფორმაციას ააშკარავებს, ნაბიჯ-ნაბიჯ აუხსნა საზოგადოებას რატომ იყო ეს ამბავი დეზინფორმაცია. ამავდროულად, მოსახლეობას რამდენიმე ხერხი შესთავაზა, რითაც მათ თავად ექნებათ შესაძლებლობა რეალური და ყალბი ამბავი ერთმანეთისგან გამიჯნონ.

თუ იმ სააგენტოს (nahnews.org) შესახებ მოიძიებთ ინფორმაციას, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა- აღმოაჩენთ, რომ საკონტაქტო ველში მისამართად ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, პოჩტოვას ქუჩა #2 აქვს მითითებული, რაც მიუთითებს, რომ ვებ-საიტი მხარს უჭერს პრო-რუსულ სამხედროების ქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

ასეთი ცხადი მაგალითები იშვიათია და სიმართლეც უფრო შეფარულია.  Damoukidebloba.com  სტატიების რამდენიმე სერიაში გთავაზობთ საქართველოში რუსული პროპაგანდის საერთო მახასიათებლების აღწერას, დეზინფორმაციის წყაროებსა და საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან გამიჯნოთ. წინამდებარე სტატიაში კი შემოგთავაზებთ საიტის სანდოობის გადამოწმების გზებს, რაც დაგეხმარებათ, რომ საიტის უკან მდგომი ადამიანებისა თუ ორგანიზაციების იდენტიფიცირება მარტივად მოახერხოთ.

nahnews.org-ის პრო-რუსული წარმომავლობის დადგენა Spyonweb-ის დახმარებითა არის შესაძლებელი. ასე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს საინფორმაციო სააგენტო დაკავშირებულია ევრომაიდანის სახელის მქონე საიტთან- emaidan.com.ua, რომელიც ცნობილია, რომ პრო-უკრაინულ სახელს იყენებს შიგადაშიგ მანიპულაციური სტატიებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

ამ ორ საიტს შორის კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ორივე მათგანი გუგლის ერთი და იგივე ანალიტიკურ კოდს იყენებს. გუგლის ანალიტიკური სერვისი ვებ-საიტის შესახებ არსებულ ჩანაწერებს აგროვებს. ყოველ მომხმარებელს უნიკალური კოდი ენიჭება და ვებ-საიტზე  თავსდება. ასე რომ, Spyonweb და გუგლის ანალიტიკური სერვისის გამოყენებით, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, რომელი საიტების უკან დგას ერთი ადმინისტრატორი. სწორედ ამ გზით ირკვევა, რომ ზემოთხსენებულ ორ ვებ-საიტს (emaidan.com.ua და nahnews.org) , ისევე, როგორც სანტ-პეტერბურგში არსებულ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს, ერთი და იგივე ადამიანი მართავს.

Damoukidebloba.com შეეცადა მსგავსი ხერხი გამოეყენებინა ქართულ რეალობაშიც და Spyonweb-ზე სპუტნიკ-საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება სცადა. შედეგად გამოირკვა, რომ ამ დომენის ქვეშ კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტო ფუნქციონირებს - newsgeorgia.ru.

Untitled_4

ასევე, გადავამოწმეთ საიტი tb24.ge, რომელიც ხშირად არის შემჩნეული დეზინფორმაციის გავრცელებაში და გამოირკვა, რომ ამ დომენის 104 ვებ-საიტი ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყანაში.

Untitled1

ასეთივე ფუნქცია აქვს ReverseInternet, SameID და Website.Informer -საც. ჩვენ რეკომენდაციას ყველა მათგანის გამოყენებას ვუწევთ, რადგანაც რიგ შემთხვევებში, მიღებული შედეგები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ვებსაიტის დომენით თუ IP მისამართით, რაც ხშირად ძალიან ეფექტიანია. მაგალითად, IP რეგისტრაციის მონაცემთა შორის შეგიძლიათ მოძებნოთ IP მისამართი, SameID-ის სერვისი გამოიყენებით კი, აღმოაჩინოთ სხვა საიტები, რომელთაც იგივე IP მისამართი აქვთ. SameID 5 უფასო ძებნის საშუალებას გთავაზობთ დღეში.

მაგალითად, ვებსაიტ ukraina.ru-ს გადამოწმებისას, რომლის უკანაც,  ცნობილია, რომ საინფორმაციო სააგენტო “Russia Today” დგას, თქვენ დამატებით აღმოაჩენთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან რამდენიმე სხვადასხვა ვებ-საიტს, რომელსაც მსგავსი დომენი აქვს.

დომენის რეგისტრაციის ჩანაწერების მოძიება შესაძლებელია საიტზე- who.is, სადაც  ზოგჯერ ამ დომენთან ასოცირებული ხალხისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ ცნობები შეიძლება გამოვარკვიოთ.  

საბოლოო ჯამში, მთავარია, ყოველთვის შეეცადოთ და გადაამოწმოთ წყაროს ვალიდურობა, მიუდგეთ საკითხს კრიტიკულად და მხოლოდ ის სიახლეები გაუზიაროთ მეგობრებს სოციალურ ქსელში თუ პირადად, რომელთა ნამდვილობაც შემოწმებულია და ეჭვქვეშ არ დგას.

 

წყარო: stopfake.org