Damoukidebloba.com სტატიების რამდენიმე სერიაში გთავაზობთ საქართველოში რუსული პროპაგანდის საერთო მახასიათებლების აღწერას, დეზინფორმაციის წყაროებს და საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან გამიჯნოთ.
ვიდეო მანიპულაციები ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მეთოდს წარმოადგენს, თანაც, ფოტოს სინამდვილის დადგენასთან შედარებით, ვიდეო მანიპულაციის გამოაშკარავება უფრო რთულია, რადგანაც არ არსებობს ვიდეოების ძებნის ერთი მარტივი მეთოდი. თუმცა, წინამდებარე სტატიაში Damoukidebloba.com წარმოგიდგენთ მსგავსი მანიპულაციისგან თავის დაცვის რამდენიმე საშუალებას.
პირველ რიგში, თუ თქვენ Youtube ვიდეოს Plug in-ს რომელიმე საიტზე ან სოციალურ ქსელში უყურებთ, გირჩევთ, პირდაპირ Youtube-ს გვერდზე გადახვიდეთ, სადაც საშუალება გექნებათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოთ ვიდეოზე. ( ამისთვის საჭიროა ვიდეოში მარჯვნივ, ქვედა ნაწილში არსებულ Youtube-ის ლოგოს დააჭიროთ.)
მაგალითად, სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ რუსული „Комсомольская Правда“-ს მიერ გავრცელებული ვიდეო იაცენიუკისა და ტურჩინოვის შესახებ, სადაც მათ 2014 წლის არჩევნების გამარჯვების შემდეგ, საზოგადოება ცუდ დახვედრას უწყობს, მცდარია. ამის მიხვედრა მარტივია, რადგანაც, თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ვიდეო Youtube-ის გვერდზე განთავსებულია 2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იაცენიუკი და ტურჩინოვი ოპოზიციაში იყვნენ.
თუმცა, ცხადია, მსგავსი „გაპარული შეცდომები“ ხშირი არ არის. იმ შემთხვევებში, როცა ვიდეოს სიყალბის დასადასტურებლად ასეთი თვალსაჩინო ნიშნები არ არსებობს, ყურადღება შემდეგ დეტალებზე უნდა გაამახვილოთ:
თუ ვიდეოს სათაურში მითითებულია აწმყო თარიღი, მაგრამ გადამოწმების მერე აღმოაჩენთ, რომ კონკრეტული ვიდეო მრავალჯერ არის ატვირთული Youtube-ის გვერდზე მოკლე დროის პერიოდში, დიდია ალბათობა, რომ ეს ვიდეო დეზინფორმაციისთვის არის გამოყენებული. იპოვეთ ვიდეო, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს, წაიკითხეთ სხვა მნახველების კომენტარები, სავარაუდოა, რომ ვინმეს მაინც ექნება ნანახი ვიდეოს ორიგინალი ვერსია და მისი წყარო მითითებული.
ასევე, ყურადღება გაამახვილეთ ვიდეოში არსებულ დეტალებზე - ობიექტების დასახელებაზე, მანქანის სალიცენზიო ნომრებზე, ქუჩის აღმნიშვნელ ნიშნებზე. ასეთი ფაქტორები დაგეხმარებათ იმის მიხვედრაში, სად არის ვიდეო რეალურად გადაღებული.
მაგალითად, ამ მეთოდით შეგიძლია გაარკვიოთ, რომ იახტა „აზიმუტ 46“ (რომელიც, რუსული ნტვ-ს ცნობით, ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ ოდესის ჯარისკაცებისთვის გადაცემული საჩუქარი იყო სანაპირო ზოლის დაცვისთვის), რეალურად დაქირავებული იყო საინფორმაციო არხის პერსონალის მიერ ფალსიფიცირებული ამბის შესაქმნელად.
გაყალბებული ვიდეოს რეალურისგან გამორჩევაში დაგეხმარებათ, თუ ვიდეოს აღწერას წერილობითი სახით მოძებნით Google-ს საძიებო სისტემაში. მაგალითად, 2014 წელს სწრაფად გავრცელდა ვიდეო ფრაგმენტი, სათაურით „მესიჯი კიევს გარდაცვლილი ჯარისკაცის დედისგან 14.05.2014“, რომელიც საზოგადოებამ მალე აიტაცა. თუ თქვენ ამ აღწერას ჩაწერთ Google-ში, მთლიან ვიდეოს იპოვით, რომელიც ცხადყოფს, რომ სინამდვილეში, ჯარისკაცის დედის ადრესატი ვლადიმერ პუტინი იყო და მას უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას სთხოვდა.
ასევე, შეგიძლიათ, ვიდეოს ყველაზე ცნობილ ნაწილს ფოტო გადაუღოთ და Google-ს საძიებო სისტემაში მოძებნოთ. ( ამ მეთოდის შესახებ დეტალურად Damoukidebloba.com ის წინა სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ. ) არსებობს ალბათობა, რომ ამ გზით მიაგნოთ ვიდეოს ორიგინალ ვერსიას.
სტატიაში ახსნილი მეთოდით, ვიდეო მანიპულაციების გამოაშკარავება შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის. ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის საუკუნეში მნიშვნელოვანია, რადგან მონაცემების დიდ რაოდენობას, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში ხშირად იყენებენ მანიპულაციისთვის და შეცდომაში შეყვანისთვის.