ცხოვრება ოკუპაციის ხაზთან

11 იანვარი 2017 Shadow

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას ცხადყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვარტალური ანგარიშები. ბოლო ანგარიშში, რომელიც 2016 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა ადამიანების წამება და არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობით დაინტერესდა ამერიკის წამყვანი გამოცემა -CNN და ვრცელი სტატია მიუძღვნა არსებულ სიტუაციას.

Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

 

მავთულხლართების უკან დარჩენილი ჭაღარა, მოხუცი ფერმერი, 82 წლის დათო ვანიშვილი აცხადებს, რომ ის საკუთარ ეზოში პატიმარია. 

 „ისინი ნებას არ მაძლევენ სახლი დავტოვო. გაჭედილი ვარ აქ. სად უნდა წავიდე? არ მაქვს საკვები, პური, არაფერი საერთოდ. რა უნდა ვქნა? თავი მოვიკლა? თუ გადავკვეთ ( ე.წ. საზღვარს), დამაპატიმრებენ და ფულის გადახდა მომიწევს, პრაქტიკულად მითვალთვალებენ.“

საქართველოსთვის, ვანიშვილი „საოკუპაციო ხაზის“ მსხვერპლი და გაყინული კონფლიქტის სახეა. სწორედ მის სახლში გადის ხაზი, რომელიც საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ერთმანეთისგან ყოფს და ვანიშვილს, მის შვილიშვილსა და ავადმყოფ მეუღლეს ერთ სახლში კეტავს.

170103175541-08-georgia-farmer-russia-border-super-169

სახლი „სხვა ქვეყანაში“

როგორც ვანიშვილი ამბობს, 5 წლის წინ სახლიდან გავიდა საქონლის გვერდზე სოფელში გასაშვებად, დაბრუნებულს კი სახლთან მავთულხლართები დახვდა, რაც აუწყებდა, რომ იმ მომენტიდან ის „სხვა ქვეყანაში“ ცხოვრობდა.

მითხრეს - „ ეს რუსეთის ტერიტორიაა, ასე რომ, თუ არ გინდა რუსეთში ყოფნა, შეგიძლია დატოვო აქაურობა.“ ვანიშვილი კი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას დღემდე ასე ახდენს: „სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან ვარ. დათო ვანიშვილი - საქართველოს მოქალაქე“. მისი თქმით 5 წლის წინ ურთულესი არჩევანის წინაშე დადგა: ან უნდა მიეტოვებინა მშობლიური სახლი ან დაეკარგა კონტაქტი ქვეყანასთან, რომელიც უყვარს. " მთელი ცხოვრება საქართველოსი იყო ეს ტერიტორია და ახლა გახდა რუსეთის? ვერ გავიგე"- კითხულობს ის. 

ერთადერთი მომენტი, როდესაც ვანიშვილს გარე სამყაროსთან - მეზობლებთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, მაშინ არის, როდესაც ისინი ნათესავს კრძალავენ, რადგანც სასაფლაო სწორედ ვანიშვილის სახლის მავთულხლართების მოპირდაპირე მხარესაა.

ვანიშვილი მოწყვეტილია არა მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, ასევე საყოფაცხოვრებო საჭიროებებისგან - როგორიცაა გაზი და ელექტროენერგია, რის გამოც ოჯახი ამ ცივ ზამთარში გათბობისთვის მხოლოდ შეშაზე არის დამოკიდებული.

„ჩემი ცხოვრება თანდათან უფრო და უფრო უარესი გახდა. დამეხმარეთ, თუ შეგიძლიათ." - ღობის მეორე მხრიდან გვეუბნება ვანიშვილი. თუმცა, შეუძლია კი ვინმეს საქართველოდან რაიმე გააკეთოს მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

ცხოვრება „არავის მიწაზე“

ვანიშვილი ერთი-ერთი მსხვერპლია იმისა, რასაც ევროკავშირი რუსულ „ბორდერიზაციას“ უწოდებს. მათი თქმით, რუსეთი ცდილობს ნელ-ნელა ახალი საზღვრები შექმნას ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ამ პროცესის კიდევ ერთი მსხვერპლია მერაბ მეკარიშვილი, რომლის სახლი დვანის იმ პატარა სოფელთან ახლოს არის, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაიბომბა. რუსებმა გზა შემოღობეს, რის შემდეგაც სახლის ერთი ნაწილი ე.წ. საზღვრის ერთ მხარეს დარჩა. მისი თქმით, მათ არჩევანი მისცეს - გამხდარიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ან დაეტოვებინა სახლი.

170103113311-04-georgia-farmer-russia-border-l1002270-edit-super-169

მეკარიშვილების ოჯახმა უარი თქვა მშობლიურ სახლზე და ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს და ახალ სახლს აშენებს, რომელსაც ხედად ძველი სახლი აქვს, სადაც მიღწევა ამჟამად შეუძლებელია.

თამარა ქორელიც “არავის მიწაზე“ ცხოვრობს ქმართან და ორ შვილიშვილთან ერთად. მათი სახლი საქართველოს სასაზღვრო პოსტსა და რუსეთის გამშვებ ხაზს შორისაა მოთავსებული. მისი თქმით, აქ ცხოვრება ომის შემდეგ გაცილებით გართულდა.

„ადრე ვახერხებდი მეცხოვრა - მეარსება, მყავდა ძროხები, მაგრამ ომის შემდეგ მხოლოდ ერთი ძროხა მყავს, რომლის ტარებაც თოკით მიწევს, რადგანაც ირგვლივ ტერიტორია დანაღმულია. ადრე შემოსავალი მქონდა, ახლა კი ჰაერზე ვარ დარჩენილი. არც პენსია გვაქვს, არც სოციალური დახმარება, აბსოლუტურად არაფერი გვაქვს.“

170103113325-05-georgia-farmer-russia-border-l1002299-edit-super-169

მცოცავი საზღვარი წინ მიიწევს

საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვარად ცნობილ ტერიტორიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს.  როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, ყოველ წელს ხაზი ‘სტაბილურად’ წინ მიიწევს და ყლაპავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ზოგჯერ მთლიან სოფლებსაც კი.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, კესტუტის იანკაუსკასი ამბობს, საზღვარი თვითნებურია და არაფერი აქვს საერთო ოფიციალურად აღიარებულ საზღვართან, რის გამოც, რიგ ადგილებში მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის სად გადის საზღვარი. რუსული ჯარი თვითნებურად ამოტაჟებს ე.წ. საზღვართან მწვანე ნიშანს წარწერით - „შესვლა აკრძალულია“.

ამ წელს რუსებმა ორი სანგარი გათხარეს და ამტკიცებდნენ, რომ ასე სახანძრო თავდაცვის მიზნით იქცეოდნენ. თუმცა, ქართველებს, რომლებიც ამ თხრილს გადაკვეთდნენ, აკავებდნენ.

 „ჩვენ არ ვიცით სად და რამდენად შორს შეიძლება ხაზი გავიდეს, რადგანაც ეს წინასწარ ცხადი არასდროსაა“- აღნიშნავს იანკაუსკასი, რომელიც დასძენს, რომ რუსები დღესაც 1980 წლის ძველი საბჭოთა რუკებით ხელმძღვანელობენ.

საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ თითოეული ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ ცნობენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

ჯონ დურნინი, ევროკავშირის მისიის მონიტორინგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსი მესაზღვრეების ბაზები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში 2009 წლიდან გამოჩნდა, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ნაწილია.

ბაზები ისეა აგებული, რომ მათი სწრაფად გაძლიერება მარტივი იქნება, როცა ამის საჭიროება დადგება. თითოეული დაახლოებით 30 დან 50 მდე ჯარისკაცზეა გათვლილი. ბაზები ასევე დაოჯახებული წყვილებისათვის საცხოვრებელ კვარტლებსა და საბავშვო მოედნებს მოიცავს. ადგილობრივების თქმით, ბაზების აშენება იმის ნიშანია, რომ რუსები აქ დარჩენას აპირებენ.

CNN-ის ამ მოგზაურობამ კონფლიქტურ რეგიონში ხაზი გაუსვა დაძაბულობას ხაზის ორივე მხარეს. უცხოური ჟურნალისტების გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიებზე ნებადართულია მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის დამკვირვებლების თანხლებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩვენ ძალიან ახლოდან გვაკვირდებოდნენ ‘რუსი მშვიდობისმყოფელებიც“

CNN-მა სცადა არსებულ სიტუაციაზე კომენტარი მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებისგანაც, თუმცა ჯერაც არავისგან ყოფილა გამოხმაურება.  

რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში სეპარატისტულ რეგიონს რამდენიმე სახის ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ რუსეთთან.

კონფლიქტი სრულმასშტაბიანი 2008 წელს გახდა, როდესაც სამხრეთ ოსური სეპარატისტები თავს ქართველ მშვიდობისმყოფელებს დაესხნენ, რაზეც საპასუხოდ საქართველომ ჯარი გაგზავნა, რუსეთმა კი სამხედრო ინტერვენცია წამოიწყო.

ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა უკან მხოლოდ სამხრეთ ოსეთამდე დაიხიეს, რადგანც იმ მომენტიდან ისინი მას დამოუკიდებელ რეგიონად აღიარებდნენ.

2017-ში რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობა შეიძლება უფრო გართულდეს, რადგანაც სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

კრემლი ამ საკითხზე კვლავაც დუმს, არც მიესალმება და არც წინააღმდეგობას გამოთქვამს. როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოდან, კრემლის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს,  ის ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, „ეს არ არის ჩვენი საქმე.“ მაგრამ რუსეთის უსიტყვო მხარდაჭერა ისედაც ნათელია.

წარსულის ტრავმები, მომავლის შიში

აშკარაა, რომ საქართველო მძიმე ბრძოლა უწევს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

„მძიმე წარსული ჯერ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ალბათ“ -აცხადებს იანკაუსკასი.

მერაბ მეკარიშვილი შიშს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში რუსები კვლავ მიუახლოვდებიან მათ. 

„ყოველ ჯერზე ჩვენ ველით და გვეშინია, რომ ისინი კიდევ გააფართოებენ საზღვარს, ვიცით რას ნიშნავს ომი. ამიტომ, უმჯობესია ასე ვიყოთ, ვიდრე ომში“

თამარა ქორელი და მისი ოჯახიც მუდმივ ტერორში ცხოვრობენ, რომ ომი ისევ განახლდება,

„ყოველთვის, როცა თვითმფრინავის ხმა მესმის, ჩემი პატარა შვილიშვილი გაიძახის „ბებია, ჩქარა დაქოქე მანქანა, რუსები მოდიან“

170103113355-07-georgia-farmer-russia-border-l1002297-edit-super-169