ფეხბურთის როლი პოლიტიკურ პროპაგანდაში

23 ივლისი 2020 Shadow

ავტორი: მაიკლ ქოული არის ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი და FATIGUE პროექტის ახალგაზრდა მკვლევარი. მისი კვლევა ფოკუსირებულია პოპულიზმის სოციალურ გავლენებზე, ანტი-ლიბერალიზმსა და ულტრა-მემარჯვენე მოძრაობებზე საქართველოში, უკრაინასა და სხვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

შეგიძლიათ გამოიწეროთ მისი ანგარიში Twitter-ზე: @NotTheMikeCole.

FATIGUE პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის Horizon 2020 (ჰორიზონტი 2020-ის) კვლევითი და ინოვაციური პროგრამის ფარგლებში გრანტის ნომრით No. 765224.

 

შესავალი

 

ეს ყველგან ხდება... პოპულისტი პოლიტიკოსები ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მათი სიძულვილით სავსე დღის წესრიგი არის ერთადერთი გზა ეწ. „ტრადიციული“ ღირებულებების დასაცავად. თუმცა, მაინც რა არის ის, რაც ლიდერებს, რომლებიც ასეთ ექსტრემისტულ შეხედულებებს ავრცელებენ, ხდის ხალხისთვის მიმზიდველს სხვადასხვა ქვეყანაში?

პოპულისტები სამყაროს ყოფენ „უბრალო ხალხად“ ერთ მხარეს და „კორუმპირებულ ელიტებად“ მეორე მხარეს. ამგვარად, ამ ტიპის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მახასიათებელი არის ის, რომ ლიდერები საკუთარ თავს წარმოაჩენენ „ხალხის ნაწილად“. ეს ხშირად მოითხოვს ტრადიციული და ახალი მედია საშუალებების ოსტატურ გამოყენებას, რათა შეიქმნას ლიდერის, როგორც უბრალო ადამიანის იმიჯი, რაც ხაზს გაუსვამს მის უფლებამოსილებას, რომ იყოს „ხალხის“ წარმომადგენელი.

რა თქმა უნდა, იმისდა მიხედვით თუ რომელ ეროვნულ/ნაციონალურ კონტექსტში ოპერირებენ ისინი, იმის აღქმა, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა რიგითი ადამიანი, შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. ამიტომ, პოპულისტები საკუთარი იმიჯის ადაპტაციას შესაბამისად ახდენენ. ბრიტანეთში ეს შეიძლება ნიშნავდეს ადგილობრივ პაბში ერთი კათხა კარგი, ძველი ლუდის დალევას, მაგრამ სხვაგან შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს საყვარელ შინაურ ცხოველთან ერთად პოზირება ან ფეხბურთის ეროვნული გუნდის გულმხურვალე მხარდაჭერა.

ყოველთვის ნამდვილად არაა ცუდი, როდესაც პოლიტიკოსს აქვს იგივე ინტერესები, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს მის ქვეყანაში, თუმცა, სულ უფრო ხშირი ხდება, როდესაც რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები ამას იყენებენ, ფართო აუდიტორიაზე გათვლილ პროპაგანდად. სულ უფრო მეტ მაგალითს ვხვდებით, როდესაც ექსტრემისტული და ანტი-დემოკრატიული შეხედულებების მქონე პოლიტიკური ლიდერები იყენებენ სოციალურ მედიას იმგვარი კონტენტის შესაქმნელად და გასავრცელებლად, რაც არბილებს მათ საჯარო იმიჯს. ამის შედეგი მათ მიმართ მეტი მიმღებლობა და მხარდაჭერაა, რის შემდეგაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი დისკრიმინაციული პოლიტიკური მიზნები.

ამ ბლოგში მიმოვიხილავთ სხვადასხვა გზას, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ლიდერები სოციალურ მედიას საკუთარი იმიჯის, როგორც „ხალხის ნაწილის“, შესაქმნელად.

 

“შაბათ-კვირის საკითხავი“, ძლევამოსილი უნგრელები, კუბოკრული მაისურები და მსოფლიო თასის რეალური გამარჯვებულები: როგორ თამაშობს ფეხბურთი წამყვან როლს პოლიტიკურ პროპაგანდაში

 

საერთაშორისო სპორტს აქვს ის იშვიათი უნარი, რის გამოც პოლიტიკოსები ყველაფერს დათმობდნენ: უნარი, გააერთიანოს ერი. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ლიდერები პოპულისტური დღის წესრიგით, ცდილობენ, წარმოაჩინონ თავიანთი სიყვარული ეროვნული გუნდის მიმართ ან დაამყარონ პირადი კავშირები თავიანთი ქვეყნის სპორტულ სუპერვარსკვლავებთან. თუმცა, ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ცდილობს, რომ სპორტით საკუთარი „ზეადამიანური“ თვისებები წარმოაჩინონ მაშინ, როცა სხვები სპორტს იყენებენ იმისთვის, რომ წარმოჩნდნენ ჩვეულებრივ ადამიანებად.

2018 წლის მსოფლიო თასმა რუსეთში 3.5 მილიარდ ადამიანზე მეტი აუდიტორია მიიზიდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მხარდამჭერი იყო ხორვატიის მაშინდელი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი. გრაბარ-კიტაროვიჩი, რომელსაც ნაკრების ცნობილი, კუბოკრული მაისური ეცვა, ხორვატიის თამაშების უმეტესობას პირადად ესწრებოდა და გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ ქვეყანას, რომელმაც შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია და მოსკოვში ფინალამდე მიაღწია. როგორც ამბობენ, მან თავად გადაიხადა საკუთარი ბილეთების ფული და ზოგიერთ თამაშზე დასასწრებად ეკონომ-კლასის თვითმფრინავით იმგზავრა რიგით ხორვატებთან ერთად, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა. შესაძლოა, გრაბარ-კიტაროვიჩი მართლაც გატაცებული იყო იმ ეროვნული ეიფორიით, რომელმაც ხორვატია იმ ზაფხულს მოიცვა, მაგრამ ეს შესაძლოა ასევე ყოფილიყო პოლიტიკური PR კამპანია, რომელმაც იგი ეროვნული გუნდის დიდებასთან დააკავშირა საჯაროობისა და მხარდაჭერის გასაზრდელად.

მას შემდეგ, რაც ხორვატიამ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს, ფეხბურთმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქვეყნის ეროვნულ იდენტობაში. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არაა, რომ გრაბარ-კიტაროვიჩი შეეცადა, სპორტისთვის ადგილი მის საჯარო იმიჯშიც გამოენახა. მისი Instagram-ის ანგარიშზე ხშირად ქვეყნდება მისი სურათები ცნობილ ხორვატ ფეხბურთელებთან ან სურათები, რომლებშიც ის ამხნევებს ეროვნულ გუნდს თამაშებზე და ამგვარი ფოტოები გაცილებით მეტ მოწონებას იმსახურებენ, ვიდრე სხვა კონტენტი, რომელსაც იგი აზიარებს. 2019 წლის დეკემბერში, გრაბარ-კიტაროვიჩმა გამოაქვეყნა ფოტო ეროვნული გუნდის მწვრთნელთან, ზლატო დალიჩთან ერთად, რომელმაც 19,000 მოწონებაზე მეტი დაიმსახურა - დღესდღეობით ეს მისი ყველაზე პოპულარული ფოტოა, თუ არ ჩავთვლით ვიდეოს, რომელშიც იგი საკუთარ ძაღლს ეთამაშება.

თუმცა, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკურ ლიდერს იმდენად არ გაუმართლა, რომ მის ქვეყანას წარმატებული ეროვნული გუნდი ჰყავდეს, ფეხბურთმა მაინც შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მისი იმიჯის შექმნაში. ყველასათვის ცნობილია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ძალიან უყვარს ფეხბურთი. სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, ორბანი არც ისე ცუდი მოთამაშე იყო და პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადის დროსაც კი ერთ-ერთ ნახევრადპროფესიონალურ კლუბში ასპარეზობდა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მან საკუთარი რეპუტაცია დაუკავშიროს უნგრეთის ამჟამინდელ ეროვნულ გუნდს, რომელიც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა, ორბანი ფეხბურთს იყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს ქვეყნის მომავალზე და უნგრეთის დიდებულ წარსულზე.

1950-იან წლებში, უნგრეთის „ძლევამოსილი უნგრელები“ (Mighty Magyars), რომელსაც ფერენც პუშკაში უძღვებოდა, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი იყო და ორბანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მისი ნაციონალისტური პროექტის ნაწილიც გამხდარიყო. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეტროსადგურებსა და სპორტულ აკადემიებს პუშკაშის სახელი დაერქვა და ახლა არსებობს ახალი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდიც, რომელსაც „პუშკაშის აკადემია“ ქვია - ისინი საშინაო თამაშებს სულ ახალთახალ სტადიონზე თამაშობენ, ორბანის აგარაკიდან რამდენიმე მეტრში, რაშიც თანხას არ იხდიან. ფეხბურთი კი ორბანის წარმოდგენებსა და დიდ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომლის მიზანიცაა „ქრისტიანული დემოკრატიის“ მშენებლობა, რაც ევროკავშირის მულტიკულტურულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, არის არა უბრალოდ „დანამატი“, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. ორბანმა დააარსა ფეხბურთის აკადემიები სლოვაკეთში, უკრაინაში, სერბეთში, ხორვატიასა და რუმინეთში, რისი მიზანიც იყო უნგრელების მომავალი თაობებისთვის, რომლებიც 1920 წელს ტრიანონის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყნის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ, სათანადო პირობების შექმნა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს საზღვრები ყოფთ, ფეხბურთი აერთიანებს.

2020 წლის 4 ივნისს, უნგრეთმა აღნიშნა ტრიანონის საზავო ხელშეკრულების 100 წლის თავი სხვადასხვა ღონისძიებით, რომელიც ხაზს უსვამდა „ტრავმას“, რომელსაც ქვეყანა დღემდე განიცდის ტერიტორიებისა და ადამიანების დაკარგვის გამო. ისტორიული უსამართლობის ამ განცდამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორბანის ნაციონალისტური რიტორიკის მიმართ ფართო მხარდაჭერასა და საგარეო გავლენების მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივებაში. აღნიშნული ღონისძიებების კვირეულის შემდეგ კი, 8 ივნისს, ორბანმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ორი წიგნის სურათი წარწერით „შაბათ-კვირის საკითხავი“. წიგნის „ქრისტიანული ღირებულებები ევროპულ კულტურაში“ („Christian Values in European Culture“) გვერდით იყო მეორე წიგნი „სპორტი და მეცნიერება“ („Sport and Science“), რომლის ყდაზეც მომღიმარი ფერენც პუშკაში იყო გამოსახული. ქვეყნისთვის ამდენად მნიშვნელოვანი კვირეულის შემდეგაც კი, რომელიც ნაციონალურ მნიშვნელობას ატარებდა, ორბანისთვის ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა და ფეხბურთი ერთმანეთისგან განცალკევებული არ ყოფილა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეიძლება ზაფხულის საღამოს ფეხბურთის შესახებ წიგნების კითხვით ირთობდეს თავს, ვლადიმირ პუტინი კი უფრო მეტად ჰოკეითა და ძიუდოთია დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს იმ სარგებელს, რაც ფეხბურთმა შეიძლება მოუტანოს პირადად მის და რუსეთის საერთაშორისო რეპუტაციას. 2018 წელს, რუსეთმა უმასპინძლა FIFA-ს მსოფლიო თასს მაშინ, როცა რუსეთის რეპუტაცია კვლავ დაზიანებული იყო ყირიმის უკანონო ანექსიისა და მოგვიანებით სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის გამო.

რუსეთის გუნდმა მოულოდნელად კარგად ითამაშა ჩემპიონატზე, თუმცა პუტინმა საკუთარი ფიგურის მარცხთან ასოცირებას ამჯობინა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გაეგზავნა მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ ფეხბურთელების გასამხნევებლად. თუმცა, რუსეთისთვის ჩემპიონატის ჩატარების კუთხით ფეხბურთი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი რამ იყო. როგორც მუსოლინის იტალიისთვის 1934 წელს ან ხორხე რაფაელ ვიდელას არგენტინისთვის 1978 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა იყო იდეალური საშუალება პრობლემური რეჟიმის ლეგიტიმაციისა და ფართო აუდიტორიის წინაშე ქვეყნის რებრენდინგისთვის. პუტინმა ჩემპიონატი დაიწყო საუდის არაბეთის ლიდერთან, მუჰამედ ბინ სალმანთან ხელის ჩამორთმევით მათ ქვეყნებს შორის გახსნითი თამაშის დაწყებისას და დაასრულა ფინალისტებისთვის მედლების დარიგებით მაშინ, როცა ძლიერი მოსკოვური წვიმისგან მას დაცვა ქოლგით იფარავდა. ქოლგა არ შეუთავაზებიათ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩისთვის, რომელიც მედლების დარიგების ცერემონიაზე პუტინის გვერდით იდგა, წვიმისგან სველდებოდა საკუთარ კუბოკრულ მაისურში და მამაცად ამხნევებდა ხორვატ ფეხბურთელებს.

აქ მნიშვნელოვანი არის არ არის ის, პუტინს ან ნებისმიერ სხვა ლიდერს მართლა მოსწონს თუ არა ფეხბურთი. უფრო საყურადღებოა ის, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ლიდერები სპორტს იმისათვის, რომ საკუთარი თავი რიგით ადამიანებად წარმოაჩინონ ან განიმტკიცონ ლეგიტიმაცია საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როცა საფრანგეთის გუნდი ფინალში გამარჯვებას ზეიმობდა, ვიქტორ ორბანი, რომელიც ახალთახალ „პუშკაშს არენას“ ბუდაპეშტში ამზადებს შემდგომი ევროპის ჩემპიონატისთვის, აკვირდებოდა და ყველაფერს ინიშნავდა. რადგან, როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, 2018 წლის მსოფლიო თასის რეალური გამარჯვებული იყო არა საფრანგეთი არამედ ვლადიმირ პუტინი იმის გამო, რომ ფეხბურთს აქვს ერთი უნიკალური თვისება პოლიტიკური ლიდერებისთვის - თვისება, რომ თუნდაც დროებით, მსოფლიო აიძულოს, რომ თვალი დახუჭოს პრობლემური რეჟიმების ქმედებებზე.