ამერიკულმა გამოცემამ „BuzzFeed News” ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა დიდ ბრიტანეთში რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკისა და მისი გარემოცვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე. რამდენიმეთვიანი გამოძიების პერიოდში, ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურისგან, იქ მომუშავე მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირებისგან. საბოლოოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ მტკიცებულებები სერიოზულ ეჭვს აღძრავენ ამ მკვლელობებში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის მონაწილეობასთან დაკავშირებით. Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ თარგმანს.
გამოძიების საწყისი წერტილი 2014 წლის დეკემბერში, ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ბიზნესმენის, სკოტ იანგის სიკვდილია. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნის თანახმად, ის საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. სკოტ იანგი ბორის ბერეზოვსკის მარჯვენა ხელი იყო. რატომღაც, გამოძიებამ ნაკლებად მიაქცია ყურადღება იანგის ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებას, რომ გარდაცვლილი ხშირად საუბრობდა მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე. ასევე, BuzzFeed-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ სიკვდილის დღეს, პოლიციას იანგის პენტჰაუსში თითის ანაბეჭდებიც არ მოუძებნია. ეს ყველაფერი კი სერიოზულ ეჭვს იწვევდა, განსაკუთრებით წინა ფაქტებიდან გამომდინარე, იანგი რიგით მეცხრე ადამიანი იყო ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის გარემოცვიდან, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
buzzFeed News-მა ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოიძია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციას აქამდე არ გამოუაშკარავებია და საქმეში რუსეთის როლზე მიუთითებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სააგენტომ (MI6) ეს ინფორმაციები გამოითხოვა აშშ-სგან „მკვლელობის მუხლით“ საქმის გამოძიების მოტივით. თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ. სატელეფონო ჩანაწერები, მეილები და დოკუმენტები ცხადყოფს, რომ იანგი რუსეთის სპეცსამსახურებისა და მაფიის დაჯგუფებების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ბორის ბერეზოვსკისთან ურთიერთობა წამოიწყო.
გახმაურებულ 14 მკვლელობას შორის არის ბრიტანელი ადვოკატის - სტივენ მოსის სიკვდილიც, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ასევე, სტივენ კურტისი, მისი ვერტმფრენი 2004 წელს ჩამოვარდა. ორივეს ერთი პირი - ბორის ბერეზოვსკი აერთიანებთ. ისინი ოლიგარქს რუსი ფულის ბრიტანეთში გადმოტანაში ეხმარებოდნენ. ამ სიაში არიან ასევე პოლ კასტლი, რობი კურტისი და ჯონი ელიშაფი. ოფიციალური ვერსიით, ამ შემთხვევებსაც სუიციდის კლასიფიკაცია მიენიჭა. თუმცა, BuzzFeed-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ფაილებში ნათლად ჩანს ეჭვი, რომ ეს პირები რუსეთის მიერ არიან მოკლული, მათი ბერეზოვსკისთან თანამშრომლობის გამო.
თავად ბერეზოვსკი 2013 წელს , საკუთარ აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი და ამ შემთხვევასაც სუიციდის კვალიფიკაცია მიენიჭა. მანამდე, 5 წლით ადრე კი, 2008 წელს, გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს ქართველი ოლიგარქი, ბადრი პატარკაციშვილი.
ეს ფაქტები კი ცხადყოფს რუსეთის ტაქტიკას - ოპონენტების თავიდან მოშორებას, თუნდაც ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე, ბრიტანეთის მარცხს, ვერ უზრუნველყოს მის მიწაზე მცხოვრები ადამიანების დაცვა სხვა ქვეყნებისგან. ეს პროცესი ერთდროულად საკმაოდ ცხადია, მაგალითად, რუსეთის მთავრობამ 2006 წელს მიიღო კანონი, რომელიც მის აგენტებს აძლევს ქვეყნის მტრებად გამოცხადებული პირების საზღვარგარეთ მოკვლის უფლებას. თუმცა, ამავდროულად მაინც ვერ მოხერხდა საკმარისი მტკიცებულების მოპოვება ამ სქემის გასაშიფრად, ან, არ არსებობდა ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება.
BuzzFeed ბრიტანეთის სიჩუმის მიზეზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭების შიშს ასახელებს, ასევე, რეალური იყო კრემლისგან კიბერშეტევის საფრთხე, ქვეყანაში შეიძლებოდა ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოწევია რუსული ფულის - მილიარდობით ფუნტის გასვლასაც. რიჩარდ ოულტონმა, რომელიც სკოტლანდ იარდის ტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელი იყო 2016 წლამდე, BuzzFeed-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს გამოძიებები „სარისკო ტერიტორია“ იყო, ამიტომაც ადგილობრივი პოლიციის კომპეტენციას ცდებოდა და მისი გამოძიებისთვის მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური ნება იყო საჭირო.
ბორის ბერეზოვსკი
ბერეზოვსკის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს პარტნიორი ბადრი პატარკაციშვილი იყო. ამ ორმა ბიზნესმენმა საქმიანობა პოსტ-კომუნისტურ ერაში წამოიწყო, რუსეთში ელცინის პრეზიდენტობის დროს. რუსმა ოლიგარქმა საკმაოდ საინტერესო გზით მოახერხა ელცინის გულის მოგება, მისი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემა დააფინანსა. ამის შემდეგ, მისი ბიზნესი უფრო გაფართოვდა და უკვე პოლიტიკური მხარდაჭერაც მოიპოვა. ბერეზოვსკის ქონება მოიცავდა რუსულ გაზეთებსა და სატელევიზიო არხებს, ნავთობკორპორაციას და ავიაკომპანიას. უმეტესობა ეს ბიზნესი სწორედ ელცინთან კარგი ურთიერთობის შედეგი იყო, რადგანაც ოლიგარქი მას რიგი სახელმწიფო დაწესებულების პრივატიზაციის სიკეთეში დარწმუნებას ახერხებდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბერეზოვსკის რუსეთში ყოფნა გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ მას თავდაპირველად პუტინთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გარკვეულ ეტაპზე სიტუაცია შეიცვალა. ოლიგარქმა მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებების პუტინის წინააღმდეგ გამოყენება გადაწყვიტა. ამაზე საპასუხოდ კი, მისი საჯარო მუქარა მიიღო, პუტინმა განაცხადა, რომ ოლიგარქები, რომლებიც „ზღვარს გასცდებოდნენ“ „თავში ტყვიას მიიღეებდნენ“. ბერეზოვსკიმ მუქარის წერილიც მიიღო, როგორც თვითონ აცხადებდა. ამ პერიოდიდან მალევე, ბერეზოვსკიმ რუსეთი დატოვა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა.
2003 წელს, ტონი ბლერის მთავრობამ ბერეზოვსკი პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა. ასევე, მის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც გამკაცრდა, ის კრემლის „სამიზნე ობიექტების“ სიაში ჩასვეს. BuzzFeed-ს სკოტლანდ იარდიდან წყარომ ისიც კი უთხრა, რომ გარკვეულ ეტაპზე ქვეყნის დატოვებაც ურჩიეს, რადგანაც უსაფრთხოების სამსახური შიშობდა, რომ მის მკვლელობას შეეცდებოდნენ. მიუხედავად მუქარებისა, ბერეზოვსკიმ არათუ არ შეწყვიტა პუტინთან ბრძოლა, მისი ღიად გაკრიტიკებაც დაიწყო, უკვე არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. კერძოდ, მან 30 მილიონი დოლარი ჩადო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მოსამზადებლად. ასევე, დიდი ეჭვი არსებობს, რომ ბერეზოვსკის არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და ბელარუსის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ერეოდა.
სკოტ იანგი
სკოტ იანგის და ბორის ბერეზოვსკის ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო.
მაშინ, როდესაც ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა რუსეთის დატოვება და საკუთარი ბიზნესების დიდ ბრიტანეთში გადატანა გადაწყვიტეს, რუსეთში კონტროლი დაწესდა იმაზე, თუ რამდენი რუბლის გატანა შეიძლებოდა ქვეყნიდან. ასევე, ბრიტანეთში ფულის გათეთრების წინააღმდეგ რეგულაციები შემოიღეს, რაც გაურკვეველი წყაროებიდან ბრიტანეთში თანხის შეტანას უშლიდა ხელს. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის სჭირდებოდათ მათ სკოტ იანგი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქე იყო და წარსულშიც არანაირი პრობლემები არ ჰქონდა.
იანგი რუსი ოლიგარქის მარჯვენა ხელი და მულტიმილიონერი გახდა, მის ნაცვლად აგვარებდა ყველა საკითხს ოფიციალურ დონეზე, რადგანაც ბერეზოვსკის რიგი მიზეზების გამო ეს არ შეეძლო. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ, მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ.
„პროექტი მოსკოვი“
„პროექტი მოსკოვი“ მოსკოვის ცენტრში მასშტაბურ მშენებლობას გულისხმობდა, თუმცა, ცხადია, ბერეზოვსკის რუსეთში პირდაპირი ინვესტიციის განხორცილება არ შეეძლო, ამიტომაც იანგის დახმარებით უნდა მოეხერხებინა ეს. პროექტი მოსკოვი რუსლან ფომიჩევისა და იანგის ერთობლივი შედეგი უნდა ყოფილიყო. ფომიჩევიც, იანგის მსგავსად, ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის ერთ-ერთი მარჯევნა ხელი იყო მოსკოვსა და ლონდონში.
თუმცა, იმ პერიოდში მოსკოვში ბიზნესის კეთება შეუძლებელი იყო კრიმინალურ სამყაროსთან საკითხის შეთანხმების გარეშე. კერძოდ, ამ დაჯგუფების სათავეში მოსკოვის იმდროინდელი მერი-ლუჟკოვი იყო, შემდეგ უკვე FSB (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) მოდიოდა. ბოლოს კი ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები.
როგორც წყარო აცხადებს, ნებისმიერს, ვისაც მოსკოვში ბიზნესის გაკეთება სურდა, უნდა გადაეხდა „კრიშის“ საფასური, რასაც ადგილობრივები ამ კლანისთვის უსაფრთხოებისთვის გადახდილ თანხად მოიხსენიებდნენ.
სწორედ მაშინ, 2006 წელს, როდესაც „პროექტი მოსკოვი“ უნდა დაწყებულიყო, ბერეზოვსკიმ რუსულ რადიოს ინტერვიუ მისცა, სადაც პუტინის წინააღმდეგ სამხედრო რევოლუციაზე ისაუბრა. რუსეთის მთავარმა პროკურორმა ის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ასევე, დაიწყო „პროექტ მოსკოვის“ ინვესტორების წინააღმდეგ „ეკონომიკური დანაშაულის“ ბრალდებით საქმის გამოძიება. შესაბამისად, ამაზე უარესი დრო არ იარსებებდა ბერეზოვსკის ფულის რუსეთში შეტანისთვის, თუნდაც შეფარული გზებით.
ამის შემდეგ მალევე, სკოტ იანგმა, რომელიც „პროექტ მოსკოვის“ ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, თავი გაკოტრებულად გამოცხადა, მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თვითმკვლელობა სცადა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი მოხვდა. თუმცა, მის მეგობრებს არ სჯეროდათ ამ ისტორიის. როგორც შემდეგში გახდა ცნობილი , იანგმა ეს სტრატეგია მევალეებისგან დროებით თავის დაძვრენისთვის მოიფიქრა. გაკოტრების გამოცხადების მიუხედავად, იანგი მაინც ძვირადღირებულ ცხოვრებას მიჰყოფდა ხელს.
საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილები
ბერეზოვსკის გარემოცვიდან რუსეთის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი - სტივენ კურტისი იყო. ის პატარკაციშვილსა და ბერეზოვსკის, რუსეთიდან ბრიტანეთში თანხის გატანაში ეხმარებოდა. მან საფრთხე მალევე იგრძნო, ამიტომაც დაცვა დაიქირავა. 2004 წლის თებერვალში, ბიძა გააფრთხილა, რომ „თუ რამე მომივა, იცოდეთ, ეს შემთხვევითობა არ იქნება“. შემდეგ კვირას, 2004 წლის მარტში მისი პირადი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამ შემთხვევას უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა, BuzzFeed-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მჟღავნდება, რომ MI6-ს კურტისზე ინფორმაცია ჰქონდა გამოთხოვილი აშშ-გან, მკვლელობის საქმის გამოძიების მოტივით.
„პროექტ მოსკოვის“ ჩავარდნის შემდეგ იანგიც საფრთხეში გრძნობდა თავს, მის მეგობრებს, ექიმებსა თუ თინეიჯერ ქალიშვილებსაც უზიარებდა საკუთარ ეჭვს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
„საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ“ ადამიანთა სიაში განსაკუთრებული შემთხვევაა ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმე, რომელიც 2006 წლის ნოემბერში მოწამლეს. ამ შემთხვევაში კრემლმა სათანადოდ კარგად ვერ დაფარა კვალი. შესაბამისად, ეს ერთადერთი საქმეა, სადაც დამნაშავეები გამოვლინდნენ, კერძოდ FSB-ის ორი თანამშრომელი. ამის შემდეგ რუსეთმა საკმაოდ დახვეწა საკუთარი სტრატეგია და ყოველ შემდგომ მკვლელობას სუიციდის, უბედური შემთხვევის ან ბუნებრივი სიკვდილის სტატუსი მიენიჭა.
ლიტვინენკოს სიკვდილის შემდეგ, იანგის შიშები უფრო გაძლიერდა. ის ეჭვობდა, რომ ამ მკვლელობების უკან ოლიგარქთა წრეში შემოგზავნილი პიროვნება იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ იანგი ნაწილობრივ მაინც მართალი იყო და ეს პირი ანდრეი ლუგოვოი აღმოჩნდა, რომელიც ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის კომპანიების უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
2007 წელს მკვლელობების სერია იური გოლუბევის სიკვდილით გაგრძელდა. სკოტლანდ იარდმა შემთხვევას ბუნებრივი გარდაცვალების კვალიფიკაცია მიანიჭა და საეჭვო გარემოებები არ აღმოუჩენია. თუმცა, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა - იური ჩაიკამ თავისით აღნიშნა, „არსებობს ეჭვები, რომ იგი მოკლეს.“ აშშ-ის დაზვერვიდან წყარომ BuzzFeed-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები მოსკოვისგან ოლიგარქების გაფრთხილება იყო - თუ კრემლს პრობლემებს შეუქმნით, სიცოცხლეს გამოგასალმებთო.
ამის შემდეგ, კრემლი უფრო დიდ ნაბიჯებზე გადავიდა - 2008 წელს საკუთარ სახლში, ლონდონში, გარდაცვლილი იპოვეს ბადრი პატარკაციშვილი. გამოძიებამ სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. მანამდე, 2007 წლის დეკემბერში პატარკაციშვილმა სკოტლანდ იარდს აცნობა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო.
როგორც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები ამბობენ, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა საიდუმლოდ სთხოვეს ამერიკელ კოლეგებს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რუსეთთან რაიმე კავშირი იური გოლუბევისა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას. „თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ დოსიეები, სადაც დიდ ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვები ძალიან ძლიერია“- განუცხადეს BuzzFeed News-ს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა თანამშრომლებმა.
რაც შეეხება თავად ბერეზოვსკის, მისი ჯერი 2013 წელს დადგა.
საბოლოოდ, ცხადი ხდება, რომ ბერეზოვსკის წრეში მყოფი ადამიანები დროის გარკვეულ პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ, და რაც ყველაზე მთავარია, არაბუნებრივი სიკვდილის მიზეზებით. BuzzFeed-ის წყარო, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური პირია, აცხადებს, რომ ფაქტების მიხედვით, კრემლმა აგრესიულად შეაბიჯა თავისი მტრების გაჩუმების სტრატეგიაში, თუნდაც ისინი სხვა ქვეყანაში ყოფილიყვნენ. ყველა ეს შემთხვევა კი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხდა. ისინი ამბობენ, რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება დარწმუნებითაც ითქვას, რომ ბრძანება პირდაპირ პუტინისგან მოდიოდა.