გაიქეცი ხვიჩა, გაიქეცი!

23 ივლისი 2021 Shadow

 

ავტორი: ლაშა გოდუაძე, სპორტული ჟურნალისტი

2021 წლის 23 ივლისი

 

ჩვენი ეროვნული გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დღეს რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს, ყაზანის რუბინის ლიდერი და ვარსკვლავია.

ის ახალგაზრდაა - 20 წლის გახლავთ, ასაკის კვალობაზე მძიმე ტვირთს ეწევა და სრულიად დამსახურებულად იღებს აპლოდისმენტებს.

2020 წლის რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა ლამის ყოველ მეორე ტურში საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს იღებდა, ევრო 2020-ის შესარჩევსა და ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდის იმედი გახლდათ, მოიგო "სარბიელის" პრიზები და წლის მოთამაშედაც დასახელდა.

20 წლის ბიჭისთვის არაა პატარა ამბავი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით მას გაცილებით მეტი შეუძლია. ოღონდ რუსეთში დარჩენა და საუკეთესო წლების იქ გატარება წინსვლა-წარმატებაში ვერ დაეხმარება.

პირველი არ ვიქნები ვინც იტყვის, რომ ხვიჩამ დასავლეთ ევროპის რომელიმე კარგ, წელგამართული ქვეყნის ჩემპიონატში უნდა ითამაშოს. მჯერა რომ ჩვენი ფეხბურთის იმედი რომელიმე სოლიდური კლუბის კოხტა სარბიელზე გაცილებით წარმატებული და დაფასებული იქნება, ვიდრე ახლაა. ამის თქმის საფუძველს მისი თამაშის ხარისხი მაძლევს.

სპეციალისტებთან, გულშემატკივრებთან თუ ვეტერან მოთამაშეებთან არაერთხელ მისაუბრია ამ საკითხზე - ხვიჩას მომავალსა და მის რუსულ პერსპექტივაზე...

და ყველანი ერთ აზრამდე მივსულვართ: ნიჭიერია და ცოდოა მსგავსი მძიმე და უხეში პირველობისთვის. გარეშე თვალისთვის რუსეთის პრემიერლიგა, შესაძლოა, კარგადაა შეფუთული, ხელფასებიც ყურს ჭრის, მაგრამ წმინდა სპორტული კუთხით მასსა და ვთქვათ, იმავე ინგლისის პრემიერლიგას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

რუსეთის პირველობა, ფინანსური სიმძლავრის და შედარებით მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ვერ იქცა დასავლურ კლუბებში ტრამპლინად. თუ იქ მიდიხარ სათამაშოდ, უკეთეს შემთხვევაში იქვე რჩები - როგორც ფეხბურთელი ვერ იზრდები.

 

UEFA- საკლუბო ჩემპიონატების მიმდინარე (2021 წლის 23 ივლისის მდგომარეობით)
რეიტინგში რუსეთი მერვე ადგილს იკავებს.
წყარო: www.uefa.com

 

როცა ამ სიტყვებს ვწერ, სულაც არ ვგულისხმობ მხოლოდ რჩეულ ქართველებს. გულახდილად თქვით: რამდენი ლეგიონერი გახსენდებათ, ვინც რუსეთის ჩემპიონატიდან კარგ საფეხბურთო ლიგაში გადავიდა და იქ თავი დაიმკვიდრა?

ვეჭვობ, ბევრს ვერ გაიხსენებთ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთთა რიცხვი მცირეა. მე, რომელმაც ლამის მთელი შეგნებული ცხოვრება საფეხბურთო ჟურნალისტიკას შევალიე, სულ ოთხი ასეთი მოთამაშე მოვიგონე:
ნემანია ვიდიჩი, ძალიან მაღალი დონის სერბი მცველი, რომელმაც მოსკოვის სპარტაკის მაისური 2006 წლის ზაფხულში გაცვალა მანჩესტერ იუნაიტედის ფორმაზე; მისი თანამემამულე მილოშ კრასიჩი, ვინც ცსკადან გადავიდა იმხანად კრიზისში მყოფ ტურინის იუვენტუსში; მარტინ შკრტელი, სლოვაკი უკანახაზელი, სანკტ-პეტერბურგის ზენიტიდან რომ შეუერთდა ლივერპულს და არგენტინელი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი, ვის სანაცვლოდაც იმავე ზენიტმა 2017 წლის ზაფხულში 23 მილიონი ევრო მიიღო პარი სენ-ჟერმენის შეფებისგან. ამ უკანასკნელს, ისევე როგორც კრასიჩს, ვიდიჩს და შკრტელს ნაღდად ვერ შევადარებ, მაგრამ მაინც - უცბად ეს ოთხი გამახსენდა.

ოთხი ტრანსფერი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ცოტა ხომ არაა? მართალი ბრძანდებით: ძალიან, ძალიან ცოტაა.

ამიტომაც: ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მჯერა რომ დიდ ფეხბურთზე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე უნდა მიაშუროს დასავლეთ ევროპის რომელიმე ძლიერ კლუბს. მით უმეტეს, რომ შესაძლო ტრანსფერის შესახებ უკვე ხშირად იწერება.

თუ ამ წერილს კითხულობთ და ფეხბურთის გულშემატკივარი ბრძანდებით, უჩემოდაც გეცოდინებათ რა გუნდებს დაუკავშირეს ხვიჩა ბოლო პერიოდში: იუვენტუსი, მილანი და ატალანტა, იქეთ ლივერპული და ლიდს იუნაიტედი... დორტმუნდის და მიონხენგლადბახის ბორუსიაზეც ითქვა, ლა ლიგის რამდენიმე გუნდიც ახსენეს...

ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი პორტალ „ტრანსფერმარკეტზე“ და მისი სატრანსფერო ფასი - 18 მილიონი ევრო
(2021 წლის 23 ივლისის მდგომარეობით).
წყარო: www.transfermarkt.com  

მესმის, რომ ასეთი ამბები სატრანსფერო ფანჯრის თანამდევია და გაქნილი მენეჯერებიც ხშირად იყენებენ მსგავს ხერხებს - დიდი კლუბების შესაძლო კავშირს მათ კლიენტთან, მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ რამდენიმე გავლენიანი გამოცემა თუ ჟურნალისტი იმედისმომცემ ქართველს გრანდებს უკავშირებს, საინტერესოა.

საყურადღებოა ისიც, თუ რას ამბობს კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი. თავადაც ვეტერანი მოთამაშე და ალბათ ყველაზე წარმატებული ქართველი მენეჯერი აცხადებს, რომ ხვიჩა 2021 წლის სეზონსაც რუსეთში გაატარებს. სასიამოვნოა თუ არა, ვფიქრობ, მის სიტყვებს ყველაზე მეტად უნდა ვენდოთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ თუ თავად მოთამაშემაც არ იაქტიურა, შესაძლოა მისმა მატარებელმა უკანმოუხედავად ჩაიაროს.

ასეთებიც გვინახავს: რუსეთის ჩემპიონატში ათეულობით ქართველს უთამაშია, მათ შორის ეროვნული გუნდის რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს და ვინც დროულად დატოვა იქაურობა, მხოლოდ მოიგო. სხვებს კი გუნდის გამოცვლა დააგვიანდათ და ამით, პირველ რიგში, საკუთარ კარიერას ავნეს.

ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჯერ რუსეთში წავიდა და შემდეგ კარგ ჩემპიონატში გადავიდა, ეროვნული გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე გახლდათ.

თბილისის დინამოს ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა 1991 წლის ზაფხულში მიაშურა მოსკოვის სპარტაკს. ძველი თაობის ქომაგებს გემახსოვრებათ ამ ნაბიჯის გამო რა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ცხადაძე - ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგარმა, მოდი პირდაპირ ვიტყვი, არცთუ გონიერმა ადამიანებმა, კახი ლამის მოღალატედ შერაცხეს, ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაკრებში თამაშის გამო კი ჯვარს აცვეს.

მაგრამ კახიმ მოითმინა, ბევრი დაუმსახურებელი სიტყვაც აიტანა და როგორც მოთამაშემ, მხოლოდ მოიგო - მოსკოვის დინამოდან მალე გადავიდა ფრანკფურტის აინტრახტში და 90იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ლეგიონერი გახდა. და ამით იმ ხალხის ტაშიც დაიმსახურა, რამდენიმე წლით ადრე რომ ლანძღავდა.

კახა ცხადაძე

 

ცხადაძის მსგავსი გზა გაიარა კიდევ რამდენიმემ: მაგალითად მურთაზ შელიამ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც საჩემპიონო სეზონის შემდეგ თითქმის ერთდროულად დატოვეს ვლადიკავკაზის ალანია და მანჩესტერ სიტის მიაშურეს. სამწუხაროდ, მათი ინგლისური კარიერა ცხადაძის ბუნდესლიგურ პერიოდთან შედარებით ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ ეს სხვა ამბავია.

ცხადაძე-ყაველაშვილი-შელიასგან განსხვავებით მეტს მიაღწია ეროვნული გუნდის რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა 1997 წლის სეზონი გაატარა ალანიაში, 1998 წლის დასაწყისში კი მეორე ბუნდესლიგის ფრაიბურგს მიაშურა და კარიერის დასასრულამდე, 2011 წლის ზაფხულამდე(!), გერმანიაში დარჩა.

შრომისმოყვარეობით კობიაშვილი ჯერ კიდევ ჩვენ ჩემპიონატში გამოირჩეოდა. მან ამ თვისებით მიიქცია ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის ყურადღება, გერმანიაში კი პროფესიონალები ყოველთვის წარმატებულნი იყვნენ და გამონაკლისი არც ლევანი ყოფილა.

ჩემი აზრით, მისი საკლუბო კარიერა დიდ ფეხბურთზე მეოცნებეთათვის ერთგვარი სახელმძღვანელო უნდა იყოს: საქართველოს პირველობა, შემდეგ შედარებით უკეთესი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც ნაკლებად სასურველი ასპარეზი - რუსეთი, მალევე ნახტომი მეორე ბუნდესლიგაში და ბოლო ნაბიჯი - უმაღლესი დონე, ბუნდესლიგა.

შესაძლოა არ იცოდეთ და ამიტომ დავწერ: ლევან კობიაშვილი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში უცხოელთა შორის მეორეა ჩატარებული მატჩებით. ესეც დასტური იმისა, რომ შრომა და მონდომება თუ სადმე ფასობს, იქ, დალაგებულ ქვეყანაში.

ხვიჩა კვარაცხელიას ასეთ კარიერას ვუსურვებდი - ეტაპობრივად განვითარებულს და ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში სტაბილური თამაშით საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

მხოლოდ ისაა გულდასაწყვეტი, რომ კობიაშვილი იშვიათი გამონაკლისია, სურვილი და რეალობა კი, ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

ზევით ვთქვი რუსულ კლუბებში ჩვენი ეროვნული გუნდის ბევრ ფეხბურთელს უთამაშია-მეთქი. ასეა. და უმეტესობამ უსახელოდ დატოვა ჩრდილოური სარბიელი. როგორც უკვე დავწერე - არაერთს სხვაგან გადასვლის დრო გამოეპარა.

 არ შეიძლება არ ვახსენო ზაზა ჯანაშია. 90-იანების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფორვარდმა საუკეთესო წლები მოსკოვის ლოკომოტივს შესწირა. ის იური სიომინის კლუბის ლიდერი და ვარსკვლავი გახლდათ, მშვენიერი თამაშით და ულამაზესი გოლებითაც დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ფორმის პიკზე მყოფმა ასპარეზის შეცვლა იუარა და ამით მხოლოდ წააგო.

პირადად ზაზასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია, ამიტომ რაც წამიკითხავს და მსმენია, მხოლოდ იმას დავწერ: 1999 წლის გაზაფხულზე, თასების თასის დასკვნით ეტაპზე რომის ლაციოსთან ბრწყინვალე მატჩების შემდეგ (ის ტურნირი საბოლოოდ სწორედ ამ იტალიურმა კლუბმა მოიგო, ზაზამ კი მოსკოვში ეფექტური გოლი გაუტანა ლუკა მარკეჯანის), ჯანაშიას ლაციო იწვევდა, მაგრამ მან მოსკოვში დარჩენა გადაწყვიტა.

უარი იმ სერია ას! უარი იმ ლაციოს!
ეს უხეში შეცდომა იყო. მერე რაც მოხდა, გემახსოვრებათ: დაღმა წასული კარიერა და არცთუ სასიამოვნო ამბები - ჩხუბი ღამის კლუბებში, გახმაურებული სასიყვარულო სკანდალები...

ზაზა ჯანაშია

 

კიდევ ორ მოთამაშეს გავიხსენებ, მაგრამ არ დავასახელებ: ორივეს რუსული კარიერა მეტ-ნაკლები წარმატებით განვითარდა, მაგრამ იქაურობას ვერ გასცდნენ. მიზეზი კი საშინელია: შავი სამყაროს წარმომადგენლები (და ისინი უკიდეგანო რუსეთს არასდროს აკლდა), რომლებიც ფეხბურთელთა გარემოცვის თქმით, ბიჭებს, სხვა ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ - მუხლების დახვრეტით!

რუსეთის ჩემპიონატში დიდი ფული ტრიალებს, დიდი ფული კი კრიმინალს იზიდავს. ამ ქვეყანაში ხომ არასდროს ყოფილა ადამიანის, და ამ შემთხვევაში სპორტსმენის უსაფრთხოება დაცული. ქართველ ფეხბურთელებს რომ თავი დავანებოთ, წამყვანი რუსი ჰოკეისტები გაიხსენეთ, მათი იძულებითი კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან...

დიახ, მოსკოვის სპარტაკის, დინამოს, არმიის სპორტული კლუბის და იმავე სანკტ-პეტერბურგის ზენიტის ვარსკვლავებს იმაზე მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე სერია ას, ბუნდესლიგის თუ ესპანეთის ჩემპიონატის ბევრ მოთამაშეს. საფრანგეთის, პორტუგალიის და ნიდერლანდები-ბელგიის პირველობების გამორჩეულ ფეხბურთელებზე არაფერს ვამბობ. მაგრამ შთამბეჭდავი საბანკო ანგარიშების სანაცვლოდ მათ ისეთი ამბების ატანაც უწევთ, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია.

ხვიჩა ამიტომაც მინდა რომ იქაურობას მოშორდეს და ნორმალურ ჩემპიონატსა და  გუნდში გადასულმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.

კარგი ანაზღაურება კარგია, მაგრამ თავბრუდამხვევ სატრანსფერო ჰონორარს, ეგრეთ წოდებულ „პადიომნის“ და მაღალ ხელფასს ბევრი მინუსი აქვს. კრიმინალს რომ თავი დავანებო, დიდი მინუსია ახირებული მწვრთნელებიც, რომელთა გაუგებარი გადაწყვეტილებები ბევრმა ჩვენიანმა იწვნია საკუთარ თავზე - ერთი, თუნდაც მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონი მოულოდნელად დაბალი ლიგის კლუბებში ტრანსფერით გაგრძელებულა, უარეს შემთხვევაში კი კარიერის დანგრევით.

დიდ ფულთან დაკავშირებით კიდევ ერთ ქართულ მაგალითს გავიხსენებ: ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა რუსული კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ერთი მატჩის მოგების სანაცვლოდ (ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან), სოლიდური პრემია აიღო და თბილისში ბინა იყიდა. ოღონდ ეგაა, რომ კარგ ფორმაში მყოფი ცოტა ხანში, სრულიად მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ის ამბავი გუნდის გამოცვლით დასრულდა.

სამწუხაროდ, უმეტესობისთვის მთავარი დღევანდელი კვერცხია. ხოლო მისი გარსი რომ ძალიან ფაქიზია და ყოველ წამს შეიძლება გატყდეს, ამაზე ბევრი არ ფიქრობს - ჩიტი ბდღვნად ღირს.

ხვიჩა ნამდვილად არ წასულა რუსეთში მაღალი ანაზღაურებისთვის, მაგრამ ნათელია რომ მან უკვე გაიარა ეს საფეხური და ახლა მორიგი ნაბიჯი უნდა გადადგას. ამას ყველა გრძნობს: ჩვენ, მისი გულშემატკივრები და რა თქმა უნდა უახლოესი გარემოცვა, პირველ რიგში მამა, ბადრი კვარაცხელია, თავადაც ყოფილი მოთამაშე.

ძალიან არ მინდა, რომ ჩვენი ფეხბურთის დღევანდელ იმედს გუნდის და ასპარეზის გამოცვლა დააგვიანდეს და ჩრდილოეთში ხელმოცარულთა იმ სიაში ჩაეწეროს, წლიდან წლამდე რომ ივსება და იზრდება. ხვიჩა უბრალოდ ცოდოა ასეთი მომავლისთვის.

ხოლო ის, რომ ყველაზე ნიჭიერი ქართველი ოკუპანტი ქვეყნის ჩემპიონატში ბრწყინავს, ბუნებრივია ძალიან არ მომწონს, მეტიც - მაღიზიანებს. ეს ორჯერ ორი ოთხია.

ამიტომაც: სასწრაფოდ სწორი არჩევანია საჭირო.

ეს ბიჭი უკეთესი ქვეყნის უკეთეს კლუბში უკეთ ითამაშებს.

და ამით ყველა მოიგებს: ხვიჩაც, ნაკრებიც და გულშემატკივარიც.