2016 წლის 22 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, ერთიანი სარდლობის ქვეშ დაგეგემილი გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება გამიზნულია ხელმომწერ მხარეთა ტერიტორიებზე აგრესიასა და ასევე სხვა სამხედრო საფრთხეებზე რეაგირებისათვის.
გაერთიანებული დაჯგუფების შემადგელობაში რუსული მხრიდან აფხაზეთში განთავსებული რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა, ხოლო აფხაზური მხრიდან - ორი ცალკეული მოტომსროლელთა ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, ასევე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები შევლენ.
ოფიციალური თბილისის შეფასებით, „რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს.“
ხელშეკრულების რატიფიკაციისა და პრეზიდენტის ხელმოწერას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. აშშ არ აღიარებს რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულების ლეგიტიმაციას.
გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთში 23 ნოემბრიდან ამოქმედებული კანონით, გალი „სამხედრო ქალაქად“ გამოცხადდა. გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა ერთობლივად მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25 სამხედრო საგუშაგო განთავსდა. გალის რაიონის სოფლების და ოჩამჩირის, ნაწილი კი ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს. ოკუპირებული გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადება ნიშნავს, რომ გალში მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი შეზღუდული გახდება და სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, რომელიც მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების 2011 წლის აღწერით, გალში 29 813 ქართველი ცხოვრობს, რაც ამ რაიონის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს და, ექსპერტების თქმით, სწორედ ამ ქართველ მოსახლეობას შეეზღუდება მიმოსვლა ენგურის ხიდზე, უფრო მეტიც, დიდი ალბათობაა, რომ გალი დანარჩენი საქართველოსთვის საერთოდ ჩაიკეტოს კიდეც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პაატა დავითაიას თქმით, ძირითადი აქცენტი გალზე სწორედ იმიტომ კეთდება, რომ ქართული მოსახლეობა შეავიწროვონ და არ გააღიზიანონ აფხაზები. რადგან ცნობილია, რომ რუსი სამხედროების აფხაზეთში მომრავლებით თავად აფხაზები ძალიან ღიზიანდებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ქმედებები მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებში მოხდეს ამ საკითხის განხილვა და შესაბამისი დიპლომატიური გზების მოძებნა კონფლიქტის დარეგულირებისთვის.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ პროექტი ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებული არიან, რომლებიც ახლა სოხუმში იმყოფებიან.
„ამჯერად ამ შეთანხმებით კიდევ უფრო იზრდება კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო, სავარაუდოდ, ათასობით ახალი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ოკუპირებული გალის ე.წ. სამხედრო ქალაქად გამოცხადება რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანს გალში რუსი სამხედრო ოჯახების ჩასახლება და მისი წმინდა სამხედრო ქალაქად გადაქცევა წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ მოსკოვს დაექვემდებარება.
„რუსეთს მკაფიოდ უნდა ეთქვას, რომ სამხედრო კავშირი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სერ ალან დუნკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის განცხადებით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯი და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გამოწვევა.