14 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი - შპს „გაზპრომ ექსპორტის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების №22 პროექტი. დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს.
აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს „გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ პროექტს.
„ეს არის „გაზპრომთან“ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ვრჩებით ძველ ფორმატში და რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობების 10% ნედლეულის სახით დარჩება ქვეყანაში. ეს არის ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გამოტანილი და შესაბამისად, იქნება ხელმოწერილი „გაზპრომ ექსპორტსა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის“- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
შეგახსენებთ: რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.
წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო