რუსული პროპაგანდის ახალი ტალღა "ოსების გენოციდის" შესახებ

5 თებერვალი 2020 Shadow

2020 წლის თებერვალში, სამხრეთ ოსეთში რუსი პარლამენტარების ჯგუფს ელიან, რომლებიც მუშაობენ 1920 წელს ქართველების მიერ ოსებისთვის მოწყობილი „გენოციდის“ აღიარების საკითხზე. როგორც რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებში ვკითხულობთ, პროცესში, გარდა პოლიტიკოსებისა, ჩართული არიან ისტორიკოსები და არქივების წარმომადგენლები.[1] აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ვლადიმირ პუტინის იმ განცხადების ფონზე იპყრობს, რომელიც მან 2019 წლის 9 ივლისს, თბილისში გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენების პასუხად გააკეთა:

„ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად, მისი სამხრეთი ნაწილიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამთავრო. შემდეგში ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია... 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ“.[2]

 


პროპაგანდისტული ნახატი "ოსების გენოციდის" შესახებ, დე-ფაქტო ცხინვალის მედიასაშუალებების სტატიებიდან

 

ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომ ნარატივი ქართველების მიერ ოსებისთვის მოწყობილი „გენოციდის“ შესახებ უფრო აქტუალური გახდებოდა პოლიტიკურ სივრცეში. ამას ადასტურებს სწორედ 2019 წლის ივლისის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში უეცრად გაჩენილი არა ერთი სტატია 1920 წლის „გენოციდის“ შესახებ.[3] ამასთანავე, პუტინის განცხადებიდან მალევე, 2019 წლის ივლისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, რომ ოფიციალურად ეღიარებინა ოსების გენოციდი.[4] 2019 წლის აგვისტოში კი ანატოლი ბიბილოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი მსგავსი თხოვნით მიმართავს სხვა სახელმწიფოებსაც.[5] თებერვალში დაგეგმილი რუსეთის წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ ოსეთში, რომლის შესახებაც რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად იუწყება, შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ პასუხად სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნილ თხოვნაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოსების „გენოციდის“ თემა 2019 წლამდე ბევრად უფრო ადრე წამოწყებული კამპანიაა, რომლის ყველა ეტაპზეც რუსული ხელისუფლების კვალი იკვეთება.

„გენოციდის“ თემა 1980-იან წლებში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის მატება დაიწყო. 1990 წლის 20 სექტემბერს კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოს დეპუტატებმა 1920 წლის მოვლენებს მიანიჭეს „გენოციდის“ კვალიფიკაცია.[6] მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და პერიოდულად ეს თემა აქტუალური ხდებოდა ხოლმე. მაგალითად, მიუხედავად იმისა მაშინ გენოციდის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია მოვლენებისთვის, პუტინმა 2006 წელსაც გააკეთა 2019 წლის მსგავსი განცხადება:

„ჩვენ ვიხსენებთ, რომ 1920 წელს, საქართველოს შეიარაღებულმა ჯარებმა ჩაატარეს სამი სადამსჯელო ოპერაცია ოსი ხალხის წინააღმდეგ... ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ძალიან რთული ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ ძალიან ფრთხილად“.[7]

 

დემონსტრაცია ცხინვალში 1980-იანი წლების ბოლოს

 

პუტინის ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავადვე განაცხადა, რომ აღნიშნული ომისთვის რუსეთი სწორედ 2006 წლიდან ემზადებოდა.[8] შესაბამისად, საფუძველმოკლებული არაა ვარაუდი, რომ ომისთვის სამხედრო სამზადისს თან ახლდა საინფორმაციო ველის მომზადებაც, რაც ამ შემთხვევაში, გაყალბებულ ისტორიას მოიცავდა და საბოლოოდ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დაგვირგვინდა.

2018 წელს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (მგიმო-ს) მკვლევარმა, ვადიმ მუხანოვმა გამოსცა წიგნი, რომელშიც მთელი ერთი თავი ეძღვნება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ოსების საკითხს. მუხანოვის წიგნი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ პოზიციად, რადგან ინსტიტუტი და მასთან მოქმედი კავკასიის კვლევითი ცენტრი, სადაც ვადიმ მუხანოვი მუშაობს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციებია. წიგნი ეფუძნება ძირითადად სხვადასხვა ნაშრომებს და მასში ხშირადაა შეფასებითი სათაურები თუ პასაჟები: ერთ-ერთ თავს ეწოდება „თავისუფლების ილუზია“. თავი სახელწოდებით „ნაციონალიზმის მოთოკვა: საქართველოს და მისი უახლოესი მეზობლები“ ეთმობა არა მხოლოდ საქართველოს ურთიერთობას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მთიელთა რესპუბლიკასა და თურქეთთან, არამედ მასში ცალკე განიხილება ქვეყნის პოლიტიკა აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში. შესაბამისად რთული არაა დავასკვნათ, თუ რა პოზიციიდან წერს მკვლევარი წიგნს - მეზობლებად განიხილავს საქართველოს ისტორიულ კუთხეებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა ეთნიკური და ენობრივი განსხვავებულობიდან გამომდინარე და ცდილობდა მათ ეფექტურად ინტეგრაციას.

ისევე როგორც ვადიმ მუხანოვის, ასევე სხვა რუსი და ოსი ისტორიკოსების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი საქართველოს მხარის გენოციდში დადანაშაულებაში არის ვალიკო ჯუღელის მოგონებები. ვალიკო ჯუღელი იყო სამხედრო პირი და პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის მეთაური. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, ჯუღელი უშუალოდ მონაწილეობდა არა ერთ ბრძოლაში, ასევე, ჩართული იყო 1924 წლის აჯანყების მომზადებაში, რის გამოც იგი დახვრიტეს. მოგონებების დამოწმებისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ისტორიული წყაროები არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად თუ მას არ ამყარებს საარქივო დოკუმენტები. მემუარები ერთი ადამიანის გადმოსახედიდან იწერება და მასში ხშირად ვხვდებით ფაქტების დამალვას, ჰიპერრეალიზებას და ინტერპრეტაციას. აგრეთვე აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ისტორიული მომენტი, რომელშიც ვალიკო ჯუღელი მემუარებს წერდა: 1921 წლის შემდეგ ბოლშევიკების მიერ ქვეყნიდან იძულებით გაგდებული, ომში დამარცხებული სამხედრო, რომელიც ემიგრაციაში უსახსრობით იტანჯება. ჯუღელი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა ძალების მოკრებასა და ქვეყნის უკან დაბრუნებაზე, თუმცა ამავდროულად ხვდებოდა, რომ ამის საშუალება მცირე იყო.

ჯუღელის რუსულენოვანი მემუარების პასაჟებშიც კარგადაა დაფიქსირებული თუ რა მიდგომა აქვს მის არმიას ოსეთის ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ:

„ახლა ვიმყოფებით ოსი ხალხის შეკრებაზე ჯავასთან. საცოდავი, მოტყუებული გლეხები! როგორ მიყვარს ისინი და როგორ მეცოდებიან“ („Сейчас мы на сходе осетинских обществ около Джава. Бедные, обманутые крестьяне! Как я люблю их и как мне их жаль“).

„ოსები არ აბარებენ იარაღს. გვიწევს დაპატიმრებებს მივმართოთ. გვიწევს...“ („Осетины не сдают оружия. Приходится прибегать к арестам. Приходится…“)

„ოსი ნაციონალისტები ჩვენი ბოროტი და დაუძინებელი მტრები არიან. ისინი ყოველთვის სარგებლობენ ჩვენი გაჭირვებით და აჯანყებებს გვიწყობენ... რამდენიმე წლის წინ მათ თურქებს გაუადვილეს საქმე ბათუმში. ნოემბერში გამოდიოდნენ როგორც დენიკინელები! ახლა კი მხარდამხარ მიდიან ბოლშევიკებთან“ („Осетинские националисты – наши злейшие и неусыпные враги. Они всегда пользуются нашими затруднениями и устраивают нам востание … Несколько лет назад своим востанием они облегчили туркам взятие Батума. В прошлом году они помогали Деникину, а теперь идут заодно с большевиками!“).

 

ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის წევრებთან ერთად, 1918 წელი

 

ბოლშევიკური აჯანყების კერების ჩახშობის გარდა, რომელსაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა 1918 წლიდან, 1920 წელს ოსეთში სიტუაცია პირდაპირ კონფრონტაციამდეც მივიდა. 1920 წლის 23 მარტს ბოლშევიკებმა ჯავაში შექმნეს სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) - ორგანო რომელსაც ბოლშევიკური რუსეთის ძირითადად დაპყრობილი მხარეების დროებით სამართავად ქმნიდა ხოლმე. რევკომმა ორი ძირითადი მიზანი დაისახა: 1. საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება; 2. შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ შექმნა. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი მოქმედებები იმ დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებით თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის საბაბად. მეტიც, 28 მაისს სამხრეთ-ოსეთის რევკომმა გამოსცა მემორანდუმი, რომლის ერთ პუნქტში ეწერა: „სამხრეთ ოსეთი საბჭოთა რუსეთის განუყოფელი ნაწილია“. სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ 1920 წლის 1-17 მაისს, მიუხედავად იმისა, რომ 7 მაისს დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, ფაქტობრივად ომი მიმდინარეობდა მე-11 წითელი არმიის შენაერთებსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის.

მუხანოვი თავს სამხრეთ ოსეთზე ასრულებს სტატისტიკით, რომელიც დამკვიდრებულია ამ თემაზე დაწერილ რუსულ და ოსურ წყაროებში. მუხანოვი წერს, რომ სტატისტიკა აღებულია 1930-იან წლებში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან. შემდეგ კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ აღნიშნული სტატისტიკა გამოქვეყნდა საქართველოს ბოლშევიკური პარტიის სამხრეთ ოსური აღმასრულებელი კომიტეტის (ობკომის) მიერ გაზეთში „ხურზარინ“ (N21 (193); 15 ივნისი, 1928). აქედანვეა მოყვანილი 4.812 მოკლულის ადამიანის და გატაცებული 19.764 მსხვილფეხა და 46.428 წვრილფეხა საქონლის რიცხვები. მეორე წყარო, სადაც მონაცემებია დაფიქსირებული არის 1931 წელს გამოცემული - Краткый очерк Автономной области Юго-Осетии.

აღნიშნულ „დოკუმენტებზე“ დაყრდნობით გენოციდის აღიარება ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს. 8-10 წლის თავზე, გაზეთში გამოქვეყნებულ „სტატისტიკურ მასალაზე“ დაყრდნობა, საქონლის რიცხვების სკურპულოზურად მოყვანა და ამაზე სერიოზულად საუბარი თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებისთვის ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს. თუმცა, რუსი და ოსი მეცნიერები ზედმიწევნით ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთას და შეთხზულ რიცხვებს ისტორიულ ფაქტად ასაღებენ.

აღსანიშნავია, რომ ვადიმ მუხანოვის ნაშრომის თავი სამხრეთ ოსეთის შესახებ მიყვება და იმეორებს რუსულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ მოსაზრებას, თუმცა ის 22 გვერდის მანძილზე არც ერთხელ არ იყენებს ტერმინს გენოციდი. ტერმინი „გენოციდი“ რუსულ სივრცეში 2019 წლიდან ჩნდება.

„ოსების გენოციდის“ საკითხის დღის წესრიგში დასმა, რუსეთის დუმაში კომიტეტის შექმნა და აღნიშნული საკითხის განხილვის გააქტიურება 2020 წლის თებერვალში, წარმოადგენს საქართველოს მიმართ წარმოებულ ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთ ეტაპს. 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში უნდა გაიმართოს მნიშვნელოვანი არჩევნები და 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანას ელოდება ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი. რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია და გავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე ისევე როგორც დადასტურებულად ახდენდა გავლენას მათ შორის აშშ-ს არჩევნებზეც კი. ამ თემით სპეკულირება ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილი შეიძლება გახდეს.

რა თქმა უნდა შეუძლებელია გვერდი ავუაროთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ძალის გამოყენების ფაქტებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მემუარებით, საგაზეთო სტატიებით და სხვა ფაქტებით დადასტურებულია სახლების გადაწვაც და სოფლების „აყრა“ და სხვა ადგილებზე გადასახლებაც. ეს გამოწვეული იყო ფაქტობრივად საომარი ვითარებით: რეგიონში ყველაზე აქტიური იყო ბოლშევიკური მტრული ძალა და ამისთვის ისინი ადგილობრივ მოსახლეობას იყენებდნენ. საარქივო დოკუმენტებში მრავლადაა დაცული ცნობები იმის შესახებ, რომ ბოლშევიკები დიდ ფინანსებს ხარჯავდნენ რეგიონში, იარაღს ურიგებდნენ გლეხობას და უბიძგებდნენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისკენ. მეორე მხრივ აღსანიშნავია ის, რომ თბილისში პოლიტიკოსები ცდილობდნენ გამოსავლის პოვნას და სამხრეთ ოსეთისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის სამუშაო ვერსია. იყო იდეა, რომ სამხრეთ ოსეთს განსაკუთრებული, კანტონის სტატუსი მინიჭებოდა, თუმცა ამ ყველაფრის რეალურად განხორციელების საშუალება თბილისს არ მიეცა ბოლშევიკური ოკუპაციის გამო.

სამხრეთ ოსეთში ვალიკო ჯუღელის რაზმების მოქმედებებში ნამდვილად იყო ძალის გადამეტების ფაქტებიც, თუმცა ამ ყველაფრის „გენოციდად“ აღიარება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას ისტორიული „საფუძველი“ არ გააჩნია.

 

[1] https://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20200129/9980864/V-Tskhinvale-proydet-zasedanie-rabochey-gruppy-Gosdumy-RF-po-priznaniyu-genotsida-osetin.html?fbclid=IwAR04AvFcUGy1DWtwEjNFUBW6woDzMaVp1c73QIQelXosKMogVlftUi5h1fk

[2] https://netgazeti.ge/news/379568/

[3] იხილეთ: https://south-ossetia.info/socialno-demograficheskie-posledstviya-genocida-osetin-1920-goda/?fbclid=IwAR3hTvVHSgXTM_D3r4iX7ckk0O6yCZwgOg3bPFA6XxJd_Mkiq0Gx6_5WmtA; https://eadaily.com/ru/news/2019/07/16/genocid-osetin-1920-goda-o-chem-putin-napomnil-gruzii?fbclid=IwAR2SsyZLivQBunhAaLQ8l5YgU4HNl_VWq4pA4XiCc2qVGCZoPSGEO6GazMQ

[4] https://www.ekhokavkaza.com/a/30065451.html?fbclid=IwAR3_N0XC1Suhtb9VwCEkd--blRXTeY_cdfD9qiZZeNKL4CV8rqm1G46yUYY

[5] https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/6741907?fbclid=IwAR3oWUWlpWpJHH7wraVq12mMpsV2HzbzNaindHtSqn6oSJKYgmLovo5hl4E

[6] http://iratta.com/2007/04/27/1920.html

[7] https://www.rferl.org/a/1072408.html

[8] https://jamestown.org/program/putin-confirms-the-invasion-of-georgia-was-preplanned/