2015 წლის 10 ნოემბერს, აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალში, „Foreign Affairs“-ში გამოქვეყნდა მაიკლ ცეცირის სტატია, „გათიშე და იბატონე საქართველოში: როგორ უპირისპირდება ქვეყანა საკუთარ თავს“. ავტორი შავი ზღვისა და ევრაზიის რეგიონების დამოუკიდებელი ანალიტიკოსია, ამასთანავე ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარია. სტატიაში ავტორი აანალიზებს კავშირს საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, პრო-რუსული ძალების გაძლიერებასა და საქართველოში რუსეთის ინტერესებს შორის.
სტატიის შესავალში, ავტორი აღწერს თუ რა გავლენას ახდენს მოსახლეობაზე ორ ძირითად პოლიტიკურ გუნდს შორის დაპირისპირება და თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში:
„ქართული ოცნება, რომელმაც დამაჯერებლად მოუგო 2012 წლის არჩევნები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თანდათან სუსტდება. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, კოალიციის მხარდამჭერთა რიცხვმა კვლავ იკლო. ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით სავარაუდო ამომრჩევლის მხოლოდ 14% უჭერს მხარს ქართულ ოცნებას.“
ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ არასტაბილურ ვითარებას რუსეთი სათავისოდ იყენებს და ხელს უწყობს პრო-რუსული ძალების გააქტიურებას:
„ამავდროულად, პრო-რუსული ელემენტები, ისეთები როგორიცაა პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე და პატრიოტთა ალიანსის პოპულისტი წარმომადგენლები, თანდათან ძალას იკრებენ და მკვიდრდებიან ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. ეკონომიკური სიდუხჭირე და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის შეუსრულებელი პირობა კი ამ ყველაფერს მხოლოდ ხელს უწყობს. საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და გადააჭარბა წევრობის თითქმის ყველა ნიშნულს, თუმცა ქვეყნის დაბრკოლებად რჩება რუსეთის რეაქციის საშიშროება.
ამ ყველაფერში მოსკოვი ხედავს შესაძლებლობას, რომ ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე, საკუთარ მოკავშირეებს მხარი დაუჭიროს. ამ სატყუარაზე კი ეგება ქართული ოცნება და ენმ - ორივე მეტწილად პრო-დასავლური მაგრამ ერთმანეთს გადამტერებული პოლიტიკური ძალა.“
ასევე, სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს თუ როგორ იყენებს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს როგორც საქართველოზე ზეწოლისა და გავლენის გაზრდის ბერკეტს:
„ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი მრჩეველი - ვლადისლავ სურკოვი პრო-რუსული „სატრაპიების“ პერიოდული ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონს - სამხრეთ ოსეთს ესტუმრა. ვიზიტის შემდეგ, რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის რუსეთთან შეერთების თაობაზე, რამაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.
სამხრეთ ოსეთის ანექსია მოსკოვისთვის არც თუ ისე ხელსაყრელია. რეგიონის რუსეთში ფორმალურად გაერთიანებას, ძალიან ცოტა ან საერთოდ არანაირი სარგებელი არ მოაქვს. რუსეთს უკვე ჰყავს ათასობით სამხედრო რეგიონში და აქვს თითქმის სრული კონტროლი სეპარატისტულ რეგიონზე. ფორმალურად ტერიტორიის მიერთება რუსეთს არანაირ დამატებით სამხედრო უპირატესობას არ აძლევს. ეს ყველაფერი უფრო დიდ საერთაშორისო აღშფოთებას და ეკონომიკურ სანქციებს გამოიწვევს, რაც დააზიანებს საქართველოში პრო-რუსული ძალების პოლიტიკურ მიღწევებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ეწინააღმდეგება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ან რუსეთთან მათ მიერთებას
უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთის ანექსიის შემდეგ, რუსეთს აღარ ექნება მთავარი ბერკეტი საქართველოზე და მის მოსახლეობაზე. რუსეთისთვის ანექსიის საფრთხე იყო და არის მოსახერხებელი იარაღი საქართველოში შიდა არეულობის გამოსაწვევად. სწორედ ამგვარი საფრთხეები უსვამს ხაზს საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაციის წარუმატებლობას და მეტ დამაჯერებლობას მატებს ანტი-დასავლური ჯგუფების მოთხოვნას რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.“
ავტორი ასევე ეხმაურება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და „უკრაინულ“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს. ის მიანიშნებს, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო საქმის გამო შექმნილ არასტაბილურ გარემოს ერთვის რუსული პროპაგანდისტული საშუალებების გააქტიურება, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას:
„უკრაინული ვიკილიქსი არც უკრაინულია და არც ვიკილიქსი. ვებ-გვერდი რუსულ სერვერებზეა განთავსებული, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში შიდა პოლიტიკური კრიზისის გასაღვივებლად.
„ვიდეო კადრების გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინულმა ვიკილიქსმა გამოაქვეყნა ენმ-ს ლიდერის, გიგა ბოკერიას და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის (რომელიც ამჟამად კიევის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მმართველია უკრაინის ოდესის რეგიონში) საუბრის სტენოგრამა. სტენოგრამის მიხედვით, ისინი განიხილავენ ძალადობრივი კონფრონტაციის გეგმებს მთავრობის წინააღმდეგ ქართული ოცნების ჩამოსაშორებლად. თავიდან იყო ვარაუდი, რომ სტენოგრამა რუსეთის დაზვერვის მიერ იყო შექმნილი (რატომ განიხილავდა ვინმე სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ათათურქის აეროპორტში?), თუმცა შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სტენოგრამა შესაძლოა ნამდვილი ყოფილიყო, რუსეთის მიერ ჩაწერილი და გამოქვეყნებული.
გამოქვეყნებული ვიდეო და სტენოგრამა კარგად ჯდება ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის რუსთავი 2-ისთვის გამართულ ბრძოლაში. ამჟამად მიმდინარეობს საქმე სასამართლოში ტელევიზიასა და მის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს შორის. ხალვაშის მტკიცებით, მას უსამართლოდ ჩამოართვეს წილები ენმ-ს მმართველობის პერიოდში. ხალვაშის მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან ენმ-ს დროს რუსთავი 2 - ისევე როგორც სხვა მედია საშუალებები - პარტიის მმართველობის გაგრძელება გახდა. არხის კონტროლი ხშირად გადადიოდა ენმ-თან დაკავშირებულ პირებს შორის.“
„საბოლოოდ, სასამართლომ დავა ხალვაშის საკეთილდღეოდ გადაწყვიტა და დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ის რაც იყო აღქმული ენმ-ის გადაცდომების წინააღმდეგ მიმართულ ლეგიტიმურ ქმედებად, ამჟამად დანახულია როგორც ქართული ოცნების მცდელობა გაანადგუროს ენმ და სავარაუდო შედეგებმა შეიძლება მთელ ქვეყანას მოუტანოს ზიანი. ამავდროულად, ყოველივე წააგავს რუსეთის გავლენის მოპოვების ოპერაციების კიდევ ერთ მცდელობას. ოქტომბრის ბოლოს, ახალი ჩანაწერები გავრცელდა უკრაინულ ვებ-გვერდზე, ამჯერად სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის (რუსთავი ორის გენერალური დირექტორი), ასევე საუბარი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის.
გვარამია და ბოკერია ადასტურებენ ჩანაწერების ავთენტურობას. ჩანაწერში სააკაშვილი გვარამიას აძლევს რჩევას მიმართოს ძალადობრივ გზებს სასამართლოს არასახარბიელო განაჩენის შემთხვევაში. მეორე ჩანაწერში კი იმავე საკითხს სააკაშვილი განიხილავს ბოკერიასთან. ამ ინფორმაციის გავრცელებაც დროული აღმოჩნდა.“
საბოლოოდ ავტორი მიუთითებს თუ ვის აწყობს სინამდვილეში საქართველოში არეულობა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. კერძოდ, საქართველოში არსებული არასტაბილური გარემო და წინასაარჩევნო არეულობა სავსებით ჯდება რუსეთის და მისი მოკავშირეების სტრატეგიულ გეგმებში:
„პოლიტიკური დაპირისპირებების მთავარი ბენეფიციარები არიან რუსეთი და მისი დასაყრდენი ორგანიზაციები საქართველოში. ამაზე მიუთითებს გამოკითხვების შედეგები. უკანასკნელი მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ქართული ოცნებისა და ენმ-ის მხარდამჭერთა რიცხვი დაბალია. ქართული ოცნებისთვის ეს ნიშნავს 60%-იანი მხარდაჭერის დაკარგვას, რომელიც პარტიას 2013 წელს ჰქონდა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა გიორგი მარგველაშვილი. ენმ-მა კი, ორგანიზაციული შესაძლებლობების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიანი აპარატის, იდეოლოგიური ბაზისა და სტაბილური დაფინანსების მიუხედავად, ვერ შეძლო ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების სათანადო გამოყენება.“