წყარო: The Guardian
თარგმნა ლაშა ქავთარაძემ
22 ივლისი, 1921 წელი: ომის კორესპონდენტის ჰენრი ნევინსონის Manchester Guardian-ის რედაქტორთან გაგზავნილი წერილი, სადაც ის საქართველოს შესახებ თავის წუხილების შესახებ საუბრობს.
Manchester Guardian-ის რედაქტორს,
სერ,
ცოტა ხნის წინ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე საქართველოში რუსეთის ბატონობის შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, მარტში, რუსული და სომხური არმიის შემოჭრის შემდეგ აღდგა. ინფორმაციის წყაროებს ვერ დაგისახელებთ, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ თავი ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ისინი რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდნენ, ცარიზმის პერიოდში ხანგრძლივი გადასახლების შემდეგ. ყველანი სოციალისტები არიან და აქვე, გვახსოვდეს, რომ 2 000 ქართველი სოციალისტი - მენშევიკები, სოციალ რევოლუციონერები და ცენტრალიზებული რუსული მმართველობის სხვა მოწინააღმდეგეები - თავიანთი ქვეყნის თავისუფლების დაცვის გამო ციხეში სხედან.
ჩემი ინფორმაციით, საქართველოსადმი ამჟამინდელი მიდგომა დიდ წილად იგივეა, რაც იყო ცარიზმის დროს. გარდა იმისა, რომ ეს მიდგომა ახლა უფრო მწვავედ შეეხო სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასაც. ეს არის მილიტარისტული და იმპერიალისტური მიდგომა. მთავრობა სომხურ და რუსულ ბიუროკრატიასთან დაახლოებული პირების ხელშია. თანამდებობის პირებად ბევრი ის „ხულიგანია“ დანიშნული, რომლებიც მეფის რეჟიმის დროს ჯაშუშებად და საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებად მუშაობდნენ, ახლა კი საკუთარ თავებს ბოლშევიკებს უწოდებენ. ქართველები ყველგან გაათავისუფლეს. ბათუმიდან ბაქომდე რკინიგზის გასწვრივ, ყველა ცენტრს რუსები აკონტროლებენ. ოფიციალური პირები კი ქართველების მოთხოვნას დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესახებ აბუჩად იგდებენ. ამაში არაფერია ახალი; ვისაც კი ოდესმე უმოგზაურია რუსეთში, დამეთანხმება, რომ რუსეთს ყოველთვის ასეთი მიდგომა ჰქონდა დამორჩილებული ერებისადმი. 1905-06 წლებში, მას შემდეგ რაც საქართველო შეეცადა მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გადაწვეს და გაანადგურეს დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი მეფის ჯარებმა, თავიანთი ჩვეული სისასტიკით. ამჯერად მთავარი სიახლე კარგად ორგანიზებული მოროდიორობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსი ჯარისკაცები დაძრწიან სოფლიდან სოფელში და ანადგურებენ ყველაფერს, რაც ადგილობრივ გლეხებს გააჩნიათ. საქართველო კი, გარდა იმისა, რომ ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც ოდესმე ვყოფილვარ, ბუნებრივად ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერიცაა.
ყოველგვარი სიმდიდრე, ლოკომოტივებიდან მოყოლებული წამლებისა და ქაღალდის მარგის ჩათვლით, მიითვისეს და ბაქოსა და კასპიის ზღვის გავლით, რუსეთში გაიტანეს. ერთადერთი გამონაკლისი ძვირფასი ხალიჩები და ნოხებია (ძირითადად სპარსული), რომლებიც გერმანელმა და იტალიელმა სპეკულანტებმა შეიძინეს მიზერული საკვების საფასურად; ამ ზვიგენებმა მიისაკუთრეს ძვირფასეულობის დიდი ნაწილიც იგივე ფასად. ყველა ქართულენოვანი წიგნი გაანადგურეს. არავის აქვს უფლება იქონიოს 300 ცალზე მეტი წიგნი; ქართველები კი ძალიან ინტელექტუალური და განათლებულები არიან.
თუმცა მთავარი საზრუნავი ახლა მაინც საკვებია. სასაცილოა რუსული ფულის ღირებულებაზე საუბარიც კი, ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი სრულიად გაუფასურებულია. უხეში გათვლით, 1 ფუნტი სტერლინგი საქართველოში 110, 000 რუბლი ღირს (ომამდე კი 11,000 რუბლი იყო მისი ნომინალური ღირებულება). ამ დროისთვის ერთი უნცია პური 2,110 რუბლი ღირს, ერთი უნცია ბეკონი კი 10,000 რუბლი. ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ფასები იმდენად დაუჯერებლად გაიზარდა, რომ რიცხვების მოტანაც კი არ ღირს; ამ ტერმინებით ვერც აღწერ ფასებს. ხალხმა ფაქტობრივად, შეწყვიტა რუბლის ბანკნოტების თან ტარება და პრიმიტიულ ბარტერით გადაცვლაზე გადავიდნენ. რუსეთის მსგავსად ყოველდღიური რაციონი უნდა გადაეცემოდეს სხვადასხვა კლასს, მათი სამუშაოს შესაბამისად. თუმცა, თანამდებობის პირებისა და რუსი ჯარისკაცების გარდა, მთელი ერი შიმშილობს და ახლა უპირველესი საზრუნავი, გულმხურვალე პატრიოტებისთვისაც კი, პურის ნაგლეჯია უფროა, ვიდრე თავისუფლება. თავად
ქართველებს სჯერათ, რომ მათი მომავალი, და თავისთავად მათი არსებობაც, დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაზე გერმანიასა და ცენტრალურ ევროპასთან. თუკი ვაღიარებთ ცენტრალურ ევროპას დასავლური ცივილიზაციის არეალად, მათ რაღაცის იმედი ჯერ კიდევ ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხედავენ ძალადობრივი რეაქციის საფრთხეს გერმანიაში, რასაც მოჰყვება ანალოგიური ძალადობრივი რეაქცია (შესაძლოა კლერიკალური) რუსეთში, ამ ორს შორის ძლიერი ალიანსი და საქართველოსა და სხვა მცირე ერების სრული მოსპობა. რა თქმა უნდა, იოლი იქნება ქართველი ხალხის საბოლოო განადგურება, რასაც რიცხვებიც ცხადყოფს, რუსეთის ამჟამინდელი მმართველებს კი ეს ქვეყანა მხოლოდ ნაყოფიერი მიწების და მინერალური სიმდიდრის გამო აინტერესებთ. მთელი მათი ყურადღება ახლა უფრო დიადი მიზნებისკენ, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, რომლის შესახებაც ჩემი მეგობარი მისტერ არტურ რენსომი თქვენთან გამოქვეყნებულ წერილებში საუბრობდა.
პატივისცემით,
ჰენრი ნევინსონი