ტრაგედიით მანიპულირება, როგორც შიდა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი

21 ოქტომბერი 2024 Shadow

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიზაციის გზას უნდა დასდგომოდა, ქართული პოლიტიკა ემოციების, პირადი ანგარიშსწორების, მოწინააღმდეგის პიროვნული მარგინალიზაციისა და საზოგადოების ინფორმაციული მანიპულირების არენად არის ქცეული. ამ პლატფორმაზე კი სიკვდილი დღემდე ერთ-ერთ მამოძრავებელ როლს თამაშობს. მოწინააღმდეგე პარტიებისა და კანდიდატების ომთან თუ ამა თუ იმ მკვლელობასთან დაკავშირება კი პოლიტიკური სუბიექტებისთვის საკუთარი კამპანიის პრიორიტეტად იქცა.

 

2024 წლის არჩევნების წინ კი ეს თემა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, სახელისუფლებო პარტია უკრაინელი ერის ტრაგედიით მანიპულირებს და საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ქვეყნის შეპირისპირებით ცდილობს ამომრჩევლების ემოციებზე თამაშს.

 

არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია და მისი საშუალებით ძალაუფლების გადაცემა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე მეტყველებს. ამ კუთხით საქართველო კვლავ განვითარების გზას ადგას, თუმცა ბოლო პერიოდში სწორედ არჩევნებსა და პოლიტიკურ პოლარიზაციასთან დაკავშირებული მოვლენების, უფლებების დამაზიანებელი კანონების მიღების და სხვა, არაერთი ფაქტორის გამო, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უკუსვლით ფასდება არაერთი საერთაშორისო აქტორის მიერ, რაც ქვეყნის საგარეო დახმარებაზე, პროგრამების შეჩერებაზე, მაღალი დონის კავშირების გაწყვეტასა და დასავლეთის სხვა გადაწყვეტილებებში აისახა.

 

2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად პოლარიზებული და დაძაბული კამპანიით გამოირჩევა. პარტია “ქართული ოცნება”, ბანერების საშუალებით, ამომრჩევლის მანიპულირებისა და დილემის წინაშე დაყენების პრაქტიკას 2024 წელსაც აქტიურად იყენებს. 26 სექტემბრიდან თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა." ბანერების მარცხენა მხარეს გამოსახულია რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის ქალაქების, ეკლესიებისა და ინფრასტრუქტურის შავ-თეთრი ფოტოები, კუთხეში ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადახაზული საარჩევნო ნომრები; მარჯვენა მხარეს კი, ვხვდებით ქართულ ქალაქებს, ეკლესიებსა და სხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს.

 

იმავე კადრების საფუძველზე შეიქმნა წინასაარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც “ქართული ოცნების” სოციალური მედიის გვერდზე განთავსდა, ამავდროულად კი, ტელევიზიები დაავალდებულეს გაეშვათ აღნიშნული ვიდეორგოლი უფასო პოლიტიკური რეკლამის კვოტით, რაზეც სამმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ („მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“) უარი განაცხადა. 

 

„ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს… მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“, ნათქვამია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

 

დაბომბილი და მშვიდობიანი გარემოს შეპირისპირება ძლიერ ვიზუალურ მეტაფორას წარმოადგენს, რომელიც სიმბოლურად გადმოსცემს მკვეთრ განსხვავებებს ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და უსაფრთხოებას შორის. ამ კონტრასტს შეუძლია  საზოგადოებაში იმ ემოციური ფონის შექმნა, რომელიც უბიძგებს დაფიქრდეს კონფლიქტის შედეგებსა და მშვიდობის ღირებულებაზე, განსაკუთრებით საქართველოს უახლეს წარსულში გადატანილი კონფლიქტების გათვალისწინებით. “ქართული ოცნების” მიერ ბანერების პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად გამოყენება მოსახლეობის კოლექტიური ტრავმის გამოღვიძების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პირადი ან ოჯახური კავშირი აქვს ომთან. 

 

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის ომის ან მშვიდობის არჩევანზე დაყვანა საზოგადოების დეზინფორმაციის რისკს წარმოადგენს - წინა პლანზე აყენებს ემოციური მანიპულირების პოტენციალს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მსგავსი კამპანიების მიზანია, ომის შედეგად დაზარალებულთა ტანჯვა და მათი გამოცდილება უბრალო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადააქციოს. მმართველი პარტია ცდილობს, ბანერებზე ფოკუსირებით, გააძლიეროს სტერეოტიპები კონფლიქტთან და მის გლობალურ შედეგებთან დაკავშირებით და ქვეყნის შიდა პოლიტიკური დისკურსი  გადაფაროს.

 

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ “გმობს და მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შემზარავი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას. 

ქართველ ხალხს არ უნდა ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი სწორედ მშვიდობის ფასი არის საქართველოში.

 

ბანერების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც მმართველი პარტიის კამპანიას სამარცხვინო, ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი უწოდა. 

 

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერებს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა, მათ შორის, აღსანიშნავია უნგრული მედიასაშუალებები, რომლებიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ  ქართული ოცნება, უპირველეს ყოვლისა, აკოპირებს უნგრული კამპანიის “ომი ან მშვიდობა“ მესიჯბოქსს და ეთანხმება უნგრეთის მმართველ პარტიას “ფიდეს” ბევრ სხვა საკითხშიც: ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები დასავლური აგენტები არიან, რომლებიც ქვეყანას ომის საფრთხის ქვეშ აყენებენ და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია უნგრეთში იმავე საინფორმაციო ტექნოლოგიებით უპირისპირდება განსხვავებული პოზიციის ადამიანებს, მედიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, როგორც საქართველოში. ერთი მხრივ, მშვიდობისმყოფელი ორბანი და, მეორე მხრივ, ომის მხარე - სოროსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. თუმცა, უკრაინის ტრაგედიის პირდაპირი გამოყენება მათ ბანერებზე არ გვხვდება.

 

უნგრეთის მმართველი პარტიის “ფიდეს” წინასაარჩევნო კამპანია - “ომი თუ მშვიდობა”

ფოტო: https://hvg.hu/ 




მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერებზე გამოხმაურება არც რუსეთში დავიწყებიათ. სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის მხრიდან განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა ბანერებზე უკრაინის დაბომბილი ქალაქების გამოსახვასა და მშვიდობასთან ომის შედეგების შეპირისპირებას. მაგალითად, პროკრემლისტური “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტი და ბლოგერი პროპაგანდისტი ალექსანდრე კოცი ტელეგრამ არხზე წერს: “ქართველები დღეს თითქმის ყველაზე ადეკვატური ხალხია მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. დასავლეთის „დახმარება“ და „მონაწილეობა“ მათ უკვე მოჰბეზრდათ. ახლა კი, უკრაინაში რა ხდება, პირჯვარს იწერენ და მადლობას უხდიან ღმერთს, რომ საქართველოში ასე შორს არ წასულა ყველაფერი. ქართველებმა იციან, როგორ ისწავლონ სხვის შეცდომებზე”.





უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი / თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი



რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინის ქალაქი მარიუპოლი, რომელზეც რუსეთის ჯარებმა კონტროლი სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან სამ თვეში დაამყარეს /  ქალაქი ბათუმი





ომის დროს დანგრეული ქალაქის / თბილისის ხედი




რუსეთის მიერ 2022 წლის 16 მარტს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი. დაბომბვას, რომელსაც Associated Press (AP) გამოძიების თანახმად, 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა / სენაკის თეატრის შენობა





ქალაქ დნეპრის მახლობლად სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული ავტობუსი/ თბილისის ავტობუსი







რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული საკლასო ოთახი სამხრეთ უკრაინის სოფელ ზელენი ჰაიში / საკლასო ოთახი სავარაუდოდ საქართველოში



2022 წლის 5 მარტი, ძლიერი დაბომბვის დროს მოსახლეობის ევაკუირების პროცესი დანგრეულ ხიდზე, ქალაქი ირპენი, კიევის ჩრდილო-დასავლეთი / რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი



“პოლიტექნიკოსის” სპორტული კომპლექსის მძლეოსნობის არენა, რომელიც განადგურდა ხარკოვში, უკრაინაში რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად, ფოტო გადაღებულია 2024 წლის 7 ივნისს / რუსთავის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 




იური გაგარინის სახელობის სტადიონი ჩერნიჰივში / მარნეულის ახალი საფეხბურთო სტადიონი






ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი ხარკოვში / ქუთაისის ოლიმპიური აუზი

 

 

დასკვნა

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიები საქართველოს პოლიტიკის უახლეს ისტორიაში ტრაგედიებითა და სიკვდილის თემით მანიპულირების ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა არა ერთადერთი. 

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2018 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გამოიყენებოდა. ამაზე მიუთითებდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშიც. ნეგატიური ხასიათის ბანერები ქალაქის გარშემო და ონლაინ სივრცეში გავრცელება, ანგარიშის მიხედვით, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ იყო გამოყენებული. მსგავსი შინაარსის ზოგიერთი  ბანერი მაშინ საარჩევნო კანდიდატების სურათების ნაცვლადაც განთავსდა. აღნიშნული აქტი გარკვეულწილად ასახავს საარჩევნო კამპანიის ტრაექტორიას: ნაცვლად პოლიტიკური აქტორების გაცნობისა და მათი იდეების წარმოჩენისა, საკუთარ პოლიტიკურ კამპანიაში მოწინააღმდეგე ჯგუფის დისკრედიტაცია მეტად სტრატეგიულ ნაბიჯად არის ჩათვლილი.

კვლევის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა თუ რა პოლიტიკური ბენეფიტები მოუტანა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის განხილულმა ნაწილმა - რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი უკრაინისა და საქართველოს მაგალითების შეპირისპირებამ. საფუძვლიანი კვლევის გარეშე ვერ მოხდება იმის დადგენა, როგორ იმოქმედებს ბანერები იმ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არ იცის რომელ პარტიას მისცეს ხმა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული მასალები არა მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციის გაღრმავებას, არამედ არ აძლევს საშუალებას ამომრჩეველს, მიიღოს კანდიდატების პროგრამულად რელევანტური ინფორმაცია  და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საჯარო განცხადებებიდან და პოზიციებიდან კი ცხადია, რომ ეს იწვევს რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი უკრაინელი ხალხის საფუძვლიან გულისწყრომას და ბრაზს ბანერების ავტორის - “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ.