წყარო: netgazeti.ge
ხუთშაბათს, 11 ნოემბერს ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” თვითმკვლელმა ტერორისტმა გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევისას დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.
გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში აღსანიშნია ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და “საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად”.
ქართველების წვლილს გამოეხმაურა გერმანიის საქმეთა სამინისტრო და ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა განცხადება, სადაც ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის.
“გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ფაქტს გამოეხმაურა თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტრ შტაინმაიერი:
“თავდასხმის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც იქ სამშვიდობო მისიით იმყოფებიან, სწრაფად, პროფესიონალურ დონეზე და ყოყმანის გარეშე დაგვეხმარნენ. მათი მამაცი დახმარების შედაგად შესაძლებლი გახდა თავდასხმის დასრულება და საკონსულოს თანამშრომლების დაცვა. ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს და საქართველოს მთავრობას. ეს თანამშრომლობა აჩვენებს, რომ ტეტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ახლაც ერთად ვდგავართ და მომავალშიც ერთად ვიდგებით.” – განაცხადა მინისტრმა.