გიორგი ანწუხელიძე

18 აგვისტო 2016 Shadow

2008  წლის 9 აგვისტოს, ტყვედ ჩავარდნილი 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს.  ქართველი სამხედროს წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. მოგვიანებით კი, ეს შემზარავი კადრები ინტერნეტში გაავრცელეს. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა 41-ე ბატალიონი, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. 

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები აწამებენ, რიგრიგობით, ძლიერად ახტებიან ზურგზე და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში არ ჩანს, რომ ანწუხელიძე დაჭრილია, მაგრამ აშკარაა, რომ ის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ. მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას გარს ბევრი ხალხი ახვევია, სასტიკად სცემენ, მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან, ფეხებით ძლიერად ურტყამენ და მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ. 

რუსულ ინტერნეტ საიტებზე ასევე გავრცელებულია ქართველი სამხედრო ტყვის დაკითხვის ოქმი. 2008 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული ოქმის მიხედვით, ანწუხელიძე რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა დაკითხეს.

ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე ითვლებოდა დაკარგულად, მანამ, სანამ ნოემბერში ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენს ცხინვალიდან და გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო. 

2010 წლის 8 აპრილს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების სურვილით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა გიორგი ანწუხელიძის საქმე - „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“.  სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეს საქმე. სარჩელში  საუბარია სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე, თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე, და რაც მთავარია, სარჩელში ხაზგასმულია, რომ ყველა ეს უფლება დაირღვა დისკრიმინაციულ საფუძველზე, ანუ, იმიტომ, რომ გიორგი ანწუხელიძე ეთნიკურად ქართველი  და ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე იყო.

გიორგი ანწუხელიძე 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, თავდაპირველად, თბილისში, მოგვიანებით კი, სენაკში მსახურობდა. 2008 წლის მაისიდან მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული" მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ანწუხელიძე ეროვნული გმირის ორდენით 2013 წლის აპრილში დააჯილდოვა და ჯილდო მის მეუღლეს გადასცა. 

წყარო:

amerikiskhma.com