პოლონეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღავლინეს პანაშვიდი გრიგოლ ფერაძისა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
„გავიხსენოთ გრიგოლ ფერაძე, გავიხსენოთ ის, რაც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გვჯეროდეს ადამიანისა, არ დავკარგოთ რწმენა და გვჯეროდეს საქართველოს ღირსებისა!..“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აუშვიც - ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმთან არსებულ ოსვენციმისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის განათლების ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - წმ. მღვდელმოწამე ,,გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონიაში.
თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა).
გრიგოლ ფერაძე თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფ. მანავში გააგზავნა მასწავლებლად.
1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე, სადაც გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოებას წარმოადგენდა, გადაწყდა მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი.
გერმანიაში გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა. მოკლე ხანში მან შეისწავლა 16 ენა.
1931 წლის 18 აპრილს ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. აქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ გაგზავნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახ. ქართულ ეკლესიაში, სადაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაუღალავად იღვწოდა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცემოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა".
რამდენიმე ხნის შემდეგ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მან უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცულ ქართული ხელნაწერების მოძიება–შესწავლის საქმეში. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში ქართული განძის გადარჩენაში გრიგოლ ფერაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
II მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 5 მაისს გრიგოლ ფერაძე დააკავეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლი თავისი ფეხით შევიდა გაზის კამერაში. ერთი ვერსიით, მრავალშვილიან ებრაელს გაუცვალა ადგილი, მეორე ვერსიით კი სხვის მიერ მოპარული პურის ქურდობა დაიბრალა.
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა.
წყარო: nbg.gov.ge; president.gе; Auschwitz Memorial / Muzeum Auschwitz