28 ოქტომბერი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა.რობაქიძის პუბლიცისტიკა ბოლომდე კარგად დღემდე არ არის შესწავლილი, მიზეზი ნათელია- საბჭოთა პერიოდში მისი სახელი ტაბუდადებული იყო.
რობაქიძე აქტიურად წერდა იმდროინდელი ლიტერატურული თუ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე. საინტერესოა მისი პუბლიცისტური ჩანაწერები 1917-1918 წლის პერიოდში, როდესაც რუსეთში ბოლშევიზმა გაიმარჯვა და საქართველოსაც იგივე ემუქრებოდა. პუბლიცისტი უარყოფითად იყო განწყობილი ბოლშევიზმის მიმართ და ცდილობდა, რუსეთში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებით მკითხველიც თავის პოზიციაზე გადმოეყვანა. ჯერ კიდევ 1911 წელს გრიგოლ რობაქიძე არჩილ ჯორჯაძეს წერდა: „საქართველოს ბედ-იღბალი მათ ისე აინტერესებთ, როგორც შარსის მცხოვრებნი. სხვათაშორის, ახალგაზრდა ქართველის ტრაგედია ამაშიცაა.“ გრიგოლ რობაქიძე რუსეთის ბუნებას აფასებდა და თვლიდა, რომ რუსეთის ტრაგედიის სათავე აბსოლუტიზმისკენ სწრაფვა იყო, რაც მის იდეოლოგიაშიც ჩანდა. მწერლისთვის რუსეთის რევოლუცია და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ყოფა, ანარქია იყო, ბოლშევიზმი კი- ძალა, ანარქიული იდეოლოგიით. მწერალი ხვდებოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე ბოლშევიზმი საფრთხეს წარმოადგენდა და ცდილობა ქართველი მოსახლეობისთვისაც აეხსნა, რომ ბოლშევიკები ეროვნულ საკითხს სოციალისტურ-იმპერიალისტურად წყვეტდნენ და ებრძოდნენ ყველას, ვინც მათ არ მიჰყვებოდა. ერთ-ერთ პირველ დასტურად კი უკრაინის სამხედრო გენერალური კომიტეტის წევრის შეტყობინება გამოიყენა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლშევიკები უკრაინას გასრესას უპირებდნენ. „ის ბოლშევიკები, რომელთა პროგრამის ერთ-ერთი მუხლი ერთა განთავისუფლებაა, თუ გინდ მათი სრული გამოყოფა... ომს უცხადებენ უკრაინას“. ამიტომ, რობაქიძე ქართველებს მოუწოდებდა: „ ნუ ვიქნებით უბრალო მორჩილნი იმ ფანტაზიებისა, რაიც პეტროგრადის ნისლში მოელანდებათ. ჩვენ ჩვენი საკუთარი გზა გვაქვს და ვეცადოთ ყველა ძალების შემოკრებას, რომ რევოლუციაში შობილი ეროვნული განთავისუფლების გზა ანარქიით არ მოვისპოთ.“
ამასთანავე, გრიგოლ რობაქიძე ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო 1915 წელს შექმნილი „ცისფერყანწელების“. 1917 წელს კი მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან.
1926 წელს გამოიცა მისი რომანი „გველის პერანგი“, რომელსაც თავის დროზე ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა, მაგრამ გერმანიაში მოიწონეს. 1931 წლიდან მწერალი პოლიტიკურ ემიგრანტად ცხოვრობდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში. ევროპაში ცხოვრების პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა საქმიანობაში.
1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ანტისაბჭოთა შეთქმულებას, რომლის ორგანიზატორთა შორის ახალგაზრდა მწერლები, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ხიმშიაშვილი იყვნენ, შეთქმულება გაიცა, გამოძიებამ კი მისი მონაწილეები გრიგოლ რობაქიძესთან კავშირში და მისგან ფაშისტური დირექტივების მიღებაში დაადანაშაულა.
1962 წელს ის ჟენევაში გარდაიცვალა, წლების შემდეგ, 1976 წელს კი ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მის ბოლო ნატვრად კი ეს შემორჩა: „ ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“
გამოყენებული მასალა:
გრიგოლ რობაქიძის პუბლიცისტური ხედვა (1917-1918 წ.წ.), რუსუდან გახარია