რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მთავარ საფრთხედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და მზარდ ანტირუსულ რიტორიკას მიიჩნევს:
“ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული პროვოკაციული რიტორიკის აშკარა ზრდაა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. რასაკვირველია ჩვენ ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, არ ვუპასუხოთ ყველა ჩხვლეტას, მაგრამ საკუთარი თავისთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა სწორედ იმ წყალგამყოფის წინაშე ვართ, რომელიც უნდა გავიაროთ. ჩვენ ან კონფრონტაციის პერიოდს და იმ სიუჟეტების ძებნას ვუბრუნდებით, რომელიც ჩვენ ისევ წაგვაჩხუბებს ან თანდათან დავალაგებთ ნორმალურ პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას და სწორედ ამ კონტექსტში გადავწყვეტთ ორმხრივ ამოცანებს. ყველა პოლიტიკოსს უნდა, გაამკაცროს თავისი პოზიცია და აჩვენოს, რომ ის ყველაზე დიდი პატრიოტია, ხისტი და შეურიგებელი მებრძოლია ე.წ. რუსული ექსპანსიის და საფრთხეების წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ” - გრიგორი კარასინი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპასუხო განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და მოუწოდებს რუს პოლიტიკოსებს საკუთარ მიდგომებს მიაქციონ ყურადღება:
„ზუსტი განცხადება არ მომისმენია და კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ალბათ, საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე – რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელზეც შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კარასინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენმაც. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება იმ ქვეყნების ხელისუფლებებს მიაწოდონ, რომლებშიც იმყოფებიან. „მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს, ჩვენ მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება იქნას თარგმნილი შესაბამის ენებზე და მიეწოდოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს“, - აცხადებს პრეზიდენტი. კარასინ-აბაშიძის შეხვედრის ფორმატის რესურსების ამოწურვის საკითხზე საუბარი კი, პრეზიდენტის თქმით, ზურაბ აბაშიძის პრაღიდან დაბრუნების შემდეგ შეიძლება
განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც:
"კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში, ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიტორიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია...გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს" - განაცხადა ვოლსკიმ.