რუსული ოკუპანტების პოლიგონი დღესაც ცხინვალის რეგიონში, განადგურებულ ქართულ სოფელში იმყოფება, ამის პარალელურად კი,ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების გამოძიებას აგრძელებს, რის გამოც საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის მიზანია ქართული მხარისთვის საკუთარი მანდატის გაცნობა და თანამშრომლობის კონკრეტული ჩარჩოს განსაზღვრა.
დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ჰააგის პროკურორის ოფისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსხვერპლთათვის მართლმსაჯულება აღსრულდეს და გამოძიება იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო და პროკურორის ოფისი, რუსეთის ფედერაციის წინასწარ ცნობილი პოზიციის მიუხედავად, ომის მონაწილე ყველა მხარესთან თანამშრომლობას გეგმავს. ასევე, ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ მოცემული გამოძიების არცერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება, მოწმეთა დაცვის და გამოძიების მიუკერძოებლად ჩატარების მიზნით.
საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია და არა დამოუკიდებელი ქვეყანა.