ილია ჭავჭავაძე

8 ნოემბერი 2015 Shadow

                                                                                                                    "ჩემზედ ამბობენ: “ ის სიავეს ქართლისას ამბობს..

                                                                                                                      ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია? ”

                                                                                                                      ბრიყვნი ამბობენ…  კარგი გული კი მაშინვე გრძნობს –  

                                                                                                                       ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.“

 

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ქართული მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდა ილია მართლის სახელით წმინდანად შერაცხული - ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა.

მთელი თავისი მოღვაწეობით ილია დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი იყო. მის ტექსტებსა და შეხედულებებს თანამედროვეობა არასდროს აკლდა. თემები , რომლებზეც ილია საუბრობდა, დღესაც ისევე აქტუალურია საქართველოსთვის, როგორც მაშინ. სწორედ ამიტომ, მას თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად მოიხსენიებენ.

მისი, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფის პროცესში, უაღრესად დიდი როლი სტუდენტობის ოთხმა წელმა შეასრულა. ის 1857-1861 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი მეგობარი და შემდგომში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კოხტა აფხაზი იხსენებს: „უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

პეტერბურგიდან საქართველოსკენ მომავალმა, სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები მხატვრულად „მგზავრის წერილებში“ აღწერა, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული.Ilia_Chavchavadze_(photo)

1863 წელს, ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. 1877 წელს კი დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც 30 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი იყო. “ ივერიაში ”, შემოღებული ჰქონდა ისეთი რუბრიკები, როგორებიცაა : “შინაური მიმოხილვა”, “საპოლიტიკო მიმოხილვა” და სხვა. აანალიზებდა უცხო ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების საკითხებს, მათ წარმატებას და წარუმატებლობას, ილია ევროპელთა გამოცდილებაში ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლოს ეძებდა და პოულობდა კიდევაც.  ილია აღნიშნავდა,  რომ კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია”, წერდა, რომ მეტად მნიშვნელოვანია “ კანონს ცოდნა და მისი ფარად გამოყენების აუცილებლობა”, რომ “ერის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთი უდიდესი საზრუნავია”.

ილია ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა ქართველებისთვის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა დაენახებინა. ის თვლიდა, რომ „ევროპული ღირებულებების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერი, თითოეული ადამიანი, ოჯახი. მათი ბედნიერება, კეთილდღეობა, სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა, მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია.

ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს. აქტიურად იყო ჩართული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების „ საქმიანობაში და 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე შეუცვლელად თავმჯდომარეობდა. ამბობდა ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს. ილია მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების  მოთხოვნას.  

იგი აღნიშნავდა:  სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ ილია ამბობდა, რომ ამ მარადიულ ფასეულობებს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა ჩვენი მთლიანობა და თვითმყოფადობა არ დავკარგოთ.

ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ილიასა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში  მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე მიიღო, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნა წარმოადგენდა.

ილიას ეროვნული იდეები სრულიად მიუღებელი იყო მეფის რუსეთისთვის. 1907 წლის  12 სექტემბერს,  თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. ილიას მკვლელობა საქართველოსთვის ეროვნული ტრაგედია იყო. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა : „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია “. ვაჟა-ფშაველა კი წერდა: „ ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“  გალაკტიონმა და მთელმა ერმა კი, ილიას სიკვდილი ასე შეაფასა: „წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი“.