წყარო: interpressnews.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
პატრიარქი შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
"ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიისთვის", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, დიდი ხანია საქართველოს აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების მონაწილე და ქართულ ეკლესიასაც მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან.
"გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეოთხე საუკუნეში ითარგმნა სახარება. იქმნებოდა ლითონის და სხვა სახის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ჰერმან, რომელსაც გაქვთ დიდი წვლილი ამ საქმეში", - განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.
უწმინდესმა ეს დიდი მოვლენა მიულოცა საქართველოს.