რა ჯდება რუსეთის საინფორმაციო ომი

11 ნოემბერი 2015 Shadow

2013 წლიდან რუსეთის მიერ უკრაინაში „ჰიბრიდული ომის“ (ომში კონვენციური და არაკონვენციური საშუალებების გამოყენება) წარმოება მოექცა მკვლევარებისა და ექსპერტების ყურადღების ცენტრში. უკრაინაში დაწყებული ომი მხოლოდ ნაწილობრივ იმართება ტრადიციული იარაღით - ტყვიამფრქვევებით, ტანკებით და ქვემეხებით. საბრძოლო მოქმედებების სცენის მიღმა რჩება რუსეთის ინფორმაციული ომი. უკრაინული ვებ-გვერდი „ინფორმაციული წინააღმდეგობა“ (Информационное Сопротивление) შეეცადა გამოეთვალა, თუ რამდენს ხარჯავს რუსეთი ინფორმაციულ ომზე. კვლევის მთავარი მიზანი იყო რუსეთის ინფორმაციული ომის ზოგადი სურათის დანახვა, რომელიც მიმდინარეობს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.

კვლევის მიხედვით, საინფორმაციო ზეგავლენის საშუალებები და მათი მასშტაბი ცხადყოფს რუსეთის მისწრაფებას ჩამოაყალიბოს პრორუსული აუდიტორია ევროპაში და სამომავლოდ გამოიყენოს როგორც პლატფორმა საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის.

Damoukidebloba.com გთავაზობთ კვლევის თარგმანს.

გავლენის მოპოვების მედია საშუალებები:

ა) რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია და რადიო სამაუწყებლო კომპანია (ВГТРК), რომელიც უზრუნველყოფს რამდენიმე არხის ფუნქციონირებას - „Россия-1“, „Россия-2“, „Россия-24“, „РТР-Планета“, „EuroNews“; ინტერნეტ პროექტებს როგორიცაა - Россия, Вести.ru, Страна друзей, Digitalrussia.tv, Страна.ru და სხვა - მთლიანობაში 2014 წელს მათზე დაიხარჯა 52,9 მილიარდი რუსული რუბლი (დაახლოებით 1,3 მილიარდი აშშ დოლარი).

რამდენიმე თვის წინ, ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ВГТРК-ს მხარდაჭერით ამოქმედდა საზოგადოებრივი ყირიმულ-თათრული ტელე-რადიო კომპანია, რომელშიც გაერთიანდნენ ტელეკომპანია „Миллет“ და რადიოკომპანია „Ватан седасы“. მიახლოებითი დათვლით, 2015 წელს  ВГТРК-სთვის გათვალისწინებულია 55 მილიარდი რუსული რუბლი. ამ თანხიდან, სპეციალური პროგრამით დაახლოებით 12 მილიარდი რუბლი გათვალისწინებულია „საზღვარგარეთ რუსეთის ობიექტური სახის შექმნისთვის“, ასევე დამატებით 3.5 მილიარდი რუბლი საერთაშორისო საქმიანობის უზრუნველყოფისათვის.

ბ) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ „Россия сегодня“-მ (ტელეკომპანია „Russia Today“, საინფორმაციო ვიდეოსააგენტო „Ruptly“, საერთაშორისო ინტერნეტ-სტუდია „Sputnik“, „РИА Новости“, საიტი „Ria.ru“ და ა.შ.) გაზარდა ხარჯები 41%-ით 2014 წელთან შედარებით. ეს გამოწვეულია RT-ს მიერ ლონდონში ოფისის გახსნით და გერმანულენოვანი, ასევე ფრანგულენოვანი 24 საათიანი სამაუწყებლო არხების ამუშავებით. ამასთანავე, სააგენტო „Россия сегодня“-მ მთლიანად შთანთქა/შეისყიდა რადიოსადგური „Голос России“ და ასევე მიიერთა „РИА Новости“. ოფიციალური მონაცემებით:

Russia Today“-ს ბიუჯეტმა 2014 წელს შეადგინა დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი.

РИА Новости-ს და საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-ის ბიუჯეტმა 2014 წელს შეადგინა დაახლოებით 4,5 მილიონი აშშ დოლარი.

სხვადასხვა მონაცემებით, საინფორმაციო სააგენტო «Россия сегодня» -ს მთლიანი ბიუჯეტი 2015 წლისთვის არის  650 მილიონი აშშ დოლარი.

გ) რუსეთის პირველი არხის ბაზაზე გაშვებულია არხი „Первый Балтийский канал“, რომელიც ვრცელდება ლატვიაში, ესტონეთსა და ლიტვაში. ამ არხის ფუნქციონირებისთვის, რუსეთის პირველმა არხმა 2014 წელს ბიუჯეტიდან მიიღო 150 მილიონი აშშ დოლარი. 2015 წლისთვის, არხს გამოუყვეს დაახლოებით იგივე თანხა და დამატებითი ფინანსები 3,5 მილიარდი რუბლის ოდენობით (64 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც რუბლის გაუფასურების დანაკლისს აანაზღაურებს.

დ) ჰოლდინგ „Газпром-медиа“-ს დაფინანსება ხორციელდება „გაზპრომის“ საშუალებით (შემდეგი არხები - „НТВ“, „ТНТ“; თანამგზავრული ტელევიზია „НТВ-ПЛЮС“; რადიოსადგურები - „CИТИ-FM“, „Эхо Москвы“, „Авторадио“, „101.ru“; გამომცემლობა „Семь дней“; კინოსტუდია „НТВ-кино“, „Централ Партнершип“; ინტერნეტ პორტალები - „Rutube“ და „Now.ru“. ამჟამად, „ Газпром-Медиа“ გეგმავს გააფართოვოს საკუთარი მაუწყებლობა ახალი არხების ამუშავებით. დაახლოებითი გამოთვლებით, მისი ყოველწლიური ბიუჯეტი შეადგენს 300 მილიონ აშშ დოლარს.

ე) ეროვნული მედია ჯგუფი (Национальная Медиа Группа (НМГ)) საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც კერძო მედია ჰოლდინგს. მასში გაერთიანებულია შემდეგი ტელეარხები - „Пятый канал“, „РЕН ТВ“, „LifeNews TV“, გაზეთი - „Известия“; საიტი - „LifeNews.ru“; სტუდია - „Русская служба новостей“.

მისი დაფინანსება ხდება ბენეფიციარების მიერ - კომპანია „Согаз“, ბანკი „Россия’’ და „Сургутнефтегаз“. არხი „LifeNews“-ის აქციების 49% ეკუთვნის ეროვნულ მედია ჯგუფს და ფინანსდება კომპანია „Сургутэкс“-ის მიერ.

ვ) „Russia Beyond the Headlines“ – „Российская газета“-ს საერთაშორისო საგამომცემლო პროექტი, რომელიც პერიოდულად იბეჭდება 16 ენაზე უფასოდ, ასევე ელექტრონული ვერსიით, როგორც დანამატი ყველაზე ცნობილი გამომცემლობებისთვის - The Washington Post (აშშ), The New York Times (აშშ), The Daily Telegraph (გაერთიანებული სამეფო), Le Figaro (საფრანგეთი), Süddeutsche Zeitung (გერმანია), The Economic Times (ინდოეთი), Folha de Sao Paolo (ბრაზილია), La Repubblica (იტალია), JoongAng Ilbo (სამხრეთ კორეა), China Business News (ჩინეთი) და სხვა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტია 10-12 მილიონი აშშ დოლარი.

ინფორმაციული ზეგავლენის მხრივ დიდ როლს თამაშობს ასევე რუსული ქსელური კომუნიკაციის საშუალებები:

რუსული სოციალური ქსელები - „Одноклассники“, „ВКонтакте“ и „Мой Мир“, ასევე „მესენჯერები“ – „Агент Mail.Ru“ საფოსტო სერვისით „ICQ“. 2014 წლიდან ზემოთჩამოთვლილი ქსელები მთლიანად ეკუთვნის რუსულ ინტერნეტ-კომპანია „Mail.Ru Group“-ს. ამ კომპანიას კი მართავს კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი (აქციების 45%).

რუსული სოციალური ინტერნეტ პლატფორმის მიახლოებითი დაფინანსებაა 50 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

საზოგადოებრივი აზრის სოციალური ფორმირების რუსული სისტემა:

წარმოდგენილია „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული ცენტრით“ (ВЦИОМ), ასევე კვლევითი სააგენტო „ევრაზიული მონიტორით“ (Евразийский монитор), სოციოლოგიური სამსახურის „საზოგადოებრივი აზრის ფონდით“ (Фонд Общественное Мнение), ანალიტიკური ცენტრ „ლევადა-ცენტრით“ (Левада-центр) და სხვა სუბიექტებით.

ეს ინსტიტუტები წარმოადგენენ სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე აუდიტორიის აზრის ჩამოყალიბების საბაზისო საშუალებას. უკრაინაში ВЦИОМ-ის და მისი სტრუქტურების საქმიანობა იყო შემჩნეული 2014 წლის „ყირიმის რეფერენდუმისა“ და შემდგომ „არჩევნების“ ჩატარებამდე.

სოციოლოგიური გამოკითხვებისთვის დამაჯერებლობის შემატებისთვის „ВЦИОМ“-ის მუშაკებმა შექმნეს „ქვედანაყოფი“ (подшефное подразделение) ყირიმის რესპუბლიკური პოლიტიკური და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტი, რომლის კვლევებსაც დაეფუძნენ პლებისციტის შედეგების გამოქვეყნებისას. 2015 წლის ზაფხულში ლუგანსკსა და დონბასში ერთდროულად გაჩნდა სოციოლოგიური კვლევების ორი ცენტრი ერთნაირი სახელწოდებებით - „Особый статус“(განსაკუთრებული სტატუსი), რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში აზრის ფორმირებას ახორციელებს.

კრემლის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევების და დაქვემდებარებული სტრუქტურების უზრუნველყოფის მიახლოებითი ბიუჯეტია 100 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენა უცხოეთში

ხორციელდება დსთ-სა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საქმეთა ფედერალური სააგენტოს მიერ - „როსთანამშრომლობა“ (Россотрудничество). სააგენტოს წარმომადგენლობები აქვს 80 სახელმწიფოში.

სააგენტო არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს „რბილი ძალის“ გამოყენებისთვის გამოყოფილი იყო დაახლოებით 330 მილიონი აშშ დოლარი. ამასთანავე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტიც ანალოგიური იყო. 2015 წელს კი, სააგენტოს დაფინანსება გაიზარდა 2 მილიარდი რუბლით (36 მილიონი აშშ დოლარი) რუსული ენის პოპულარიზაციის მიზნით.

საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საქმიანი კლიმატის ფორმირება რუსეთის საზღვრებს მიღმა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და სამთავრობო ფონდების საშუალებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სამთავრობო ფონდების მიზანია - რუსული კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკის გაცნობა უცხოური აუდიტორიისთვის. მათგან შეგვიძლია გამოვყოთ:

საზოგადოებრივი ორგანიზაცია/ფონდი „რუსული სამყარო“ (Русский мир) - მთავარი მიზანია ისტორიის, რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ფონდის დამაარსებლები არიან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა ვრცელდება ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებზე. ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტია 750 მილიონი რუბლი დამატებული ინტერნეტ-ტელევიზიისა და რადიოსადგურის „Русский мир“-ის დასაფინანსებლად საჭირო თანხები (15,2 მილიონი აშშ დოლარი);

არასამთავრობო ორგანიზაცია - „ა. მ. გორჩაკოვის სახელობის საზოგადოებრივი დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდი“. მიზნად ისახავს რუსეთის საგარეოპოლიტიკური იმიჯის გაუმჯობესებას. წლიური ბიუჯეტი შეადგენს 55 მილიონ რუბლს (1,1 მილიონი აშშ დოლარი);

არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდი „ისტორიული პერსპექტივები“, რომელიც შეიქმნა დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის ევროპული (პარიზი) და ამერიკული (ნიუ-იორკი) ფილიალებისთვის. ინსტიტუტის საქმიანობა ფოკუსირებულია რუსული იდეების გავრცელებაზე და რუსეთის საგარეო პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობის მიღებაზე, კონკრეტულად - საერთაშორისო ურთიერთობების, გეოპოლიტიკის, ისტორიისა და მედიის მიმართულებით. წლიური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ აშშ დოლარს.

შესაბამისად, მოსკოვის ყოველწლიური ხარჯი უცხოეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე შეადგენს დაახლოებით 390,3 მილიონ აშშ დოლარს.

უცხოურ აუდიტორიაზე ზემოქმედება ნაციონალისტური და ულტრა-რადიკალური მოძრაობების დაფინანსებით:

ხორციელდება კრემლსა და ევროპის გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ორგანიზაციებთან საკომუნიკაციო არხის შექმნით. ესენია ეროვნული ფრონტი (Front National, საფრანგეთი), „UKIP“ (გაერთიანებული სამეფო), ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD, გერმანია), იობიკი (Jobbik უნგრეთი), “Latvijas Krievu savieniba“ (ლატვია), „Атака“ (ბულგარეთი), „Forza Italia“ (იტალია) და სხვა. ამ ჯგუფების ნაწილს ევროპარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა ყავს. კრემლი აფინანსებს არამარტო მათ საქმიანობასა და წინასაარჩევნო კამპანიებს, არამედ მათ საკუთრებაში მყოფ გაზეთებსა და ტელეარხებს

დაახლოებითი გამოთვლებით, ასეთი ტიპის მხარდაჭერა კრემლს უჯდება არანაკლებ 200 მილიონ აშშ დოლარი.

რუსეთის ჯარის საინფორმაციო უზრუნველყოფა დონბასში:

ა) ელექტრონული ბრძოლის რუსული საშუალებები, რომლებიც ანტი-ტერორისტული ოპერაციების ზონაში იყო შემჩნეული:

ელექტრონული ბრძოლის სამი კომპლექსი „Ртуть-БМ“, კავშირისა და რადიოლოკაციური ჩამხშობი - 70 მილიონი რუსული რუბლი თითო დანადგარი.

РЭБ „Красуха-4“-ი, რადიოლოკაციური დახშობის კომპლექსი, გამოიყენება ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გასანეიტრალებლად - 258 მილიონი რუსული რუბლი.

„Борисоглебск-2“-ის კომპლექსი, გამოიყენება დაზვერვისთვის, ასევე მობილური სისტემებისა და რადიოკავშირის დახშობისთვის - 500 მილიონი რუსული რუბლი.

ბ) რადიო დაზვერვის საშუალებები, რომლებიც შემჩნეულა ანტი-ტერორისტული ოპერაციების ზონაში:

„Торн“-ის ტიპის რადიო დაზვერვის კომპლექსი - 100 მილიონი რუსული რუბლი.

„Орлан 10“-ის ტიპის უპილოტო კომპლექსი, გამოიყენება GSM-ის ტიპის მობილური ქსელის დასახშობად - 336 მილიონი რუსული რუბლი.

გ) ფსიქოლოგიური ბრძოლის საშუალებები, რომლებიც შემჩნეულია ანტი-ტერორისტული ოპერაციების ზონაში:

ბროშურები და გაზეთები - 10 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში (დაახლოებით 200 000 დოლარი წელიწადში)

 

 

პრორუსული იდეოლოგიის მქონე მოძრაობების მხარდასაჭერი რესურსები:

„Свободный Донбасс“, „Донецкая Республика“, „Оплот“, „Мир Луганщине“, „Новороссия“, „Юго-восток“, „Луганский экономический союз“ და სხვა - დაახლოებით 80 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში.

პრორუსული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსები:

ა) სატელევიზიო არხები - „Луганск-24“,  „Новороссия TV“, „1-й республиканский телеканал“, „Оплот ТВ“, „ЮНИОН-ДНР“, “АР-ТВ“ - დაახლოებით 180 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში;

ბ) ინტერნეტ არხები - „Первый Республиканский - ДНР ТВ“, „Информбюро“, „Патриотические Силы Донбасса“, „News-Front“ და სხვა - დაახლოებით 5 მილიონი რუსული რუბლი წეიწადში;

გ) რადიო-FM – „Радио Новороссии“ და „Радио ДНР“ - დაახლოებით 5 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში;

დ) ფედერალური ტელეარხების და რადიო პროგრამების პაკეტის რეტრანსლირება - 2 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში;

ე) ბეჭდური პრესა - „ХХІ век“, „Муниципальная газета“, „Голос народа“ და სხვა - დაახლოებით 1 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში;

ვ) ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერა - „lugansk-online.info“, „novorosinform.org“, „komitet.net.ua“, „dnr.today“, „rusvesna.su“ და ა.შ. - დაახლოებით 1 მილიონი რუსული რუბლი წელიწადში.

მთლიანობაში რუსეთი ფედერალური ბიუჯეტიდან 274 მილიონ რუბლს (5,5 მილიონ აშშ დოლარს) ხარჯავს საინფორმაციო-პროპაგანდისტულ საქმიანობაზე ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე.

ამასთანავე, საბრძოლო ტექნიკის საფასური, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შევიდა, შეადგენს 1,4 მილიარდ რუბლს (25 მილიონი აშშ დოლარი).

 

დასკვნა

მაშასადამე, ინფორმაციული კამპანიის განხორციელებისთვის მოსკოვი იყენებს საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების ფართო სპექტრს - დაწყებული დონბასში სამხედრო ტექნიკით, დამთავრებული უცხოურ აუდიტორიაზე „რბილი ძალის“ ელემენტების გამოყენებით.

ამასთანავე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველწლიურად საინფორმაციო კამპანიაზე ხარჯავს არანაკლებ 3,5 მილიარდ აშშ. დოლარს.

 

ავტორი: ვიჩესლავ გუსაროვი, ექსპერტი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში, სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრი (ЦВПИ)