წყარო: idfi.ge
რუსეთის ფედერაცია სულ უფრო ეფექტიანად იყენებს პროპაგანდას, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. მართალია, საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კრემლის მიერ პროპაგანდის გამოყენება არ არის ახალი მოვლენა, თუმცა, მისი ხარისხი და მასშტაბები ბოლო წლების გამავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასავლური ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც დაიწყეს პროპაგანდის რეალური საფრთხის გაცნობიერება, საქართველოს ხელისუფლებამაც დროულად უნდა აღიაროს ამ მზარდი პრობლემის არსებობა და შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.
IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი: "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა" მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას. იგი წარმოაჩენს რისკებს და გამოწვევებს რომლებიც თან სდევს კრემლის საინფორმაციო ომს და რომლის წინააღმდეგაც საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, დაუპირისპირდეს კრემლის საინფორმაციო ომს.
რაში მდგომარეობს საფრთხე
ბოლო წლებში გაზრდილი მასშტაბის გათვალისწინებით, კრემლის საინფორმაციო ომი თვისობრივად ახალ პრობლემად უნდა ჩაითვალოს, რომელიც ასევე ახალ გადაჭრის გზებს საჭიროებს. ამ დასკვნამდე უკვე მივიდნენ კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნე ქვეყნები და ინსტიტუტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ პროპაგანდასთან დაპირისპირების სტრატეგიებზე.
თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს კრემლის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას:
1. შესუსტდება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და გაიზრდება რუსეთთან დაახლოების მხარდამჭერთა რიცხვი, რითიც საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უსაფრთხოებას.
2. გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითიც საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს.
3. დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად საქართველოს ამომრჩეველთა შორის გაიზრდება გაურკვევლობისა და დისონანსის დონე, რაც ხელს შეუშლის ამომრჩეველს, მიიღოს ფაქტებზე და არა ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამით, გარეშე ძალა შეასუსტებს ქართულ დემოკრატიას და გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ამასთან, შემცირდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლობის ნდობა, შემცირდება მათი ლეგიტიმაცია.
4. საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი, შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა და გართულდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტეგრაცია.
კრემლის საინფორმაციო ომი, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ისეთი დონის პრობლემაა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აქვს საკმარისი ბერკეტი და რესურსი, გაუწიოს მას ეფექტინი წინააღმდეგობა.
კრემლის პროპაგანდის არხები საქართველოში
მედია საშუალებები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება.
რუსული მედია ქართულ სატელევიზიო სივრცეში - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2016 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს.
გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ ქართველი ტელემაყურებლების თითქმის ნახევარი (47%) ქართული არხების გარდა უცხოურ არხებსაც უყურებს. ყველაზე პოპულარული უცხოური არხები კი რუსული არხებია (HTB, ORT და RTR)
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, საქართველოს ტელემაყურებელთა 23% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს უცხოური არხებიდან, რომელთა უმეტესობა რუსულია, გამოდის, რომ პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის გამოყოფა შეიძლება - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.
პოლიტიკური პარტიები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი. რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად, ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია:
1. პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;
2. პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.
განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.
სასულიერო პირები - დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები. რთულია დავადგინოთ, ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ.
სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით და გავლენით სარგებლობენ.
NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მრევლის ან მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა.
კრემლის პროპაგანდის უარყოფითი შედეგის მაგალითი: საინფორმაციო სივრციდან რეალურ სივრცეში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი ძირითადი მითი, რომლის გავრცელების მხარდაჭერაც კრემლის პროპაგანდის ძირითად ამოცანად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქართველოში, არის დასავლური ღირებულებების და ქართული ტრადიციების შეუთავსებლობა და NATO-ში ინტეგრაციის საფრთხიდან გამომდინარე საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა.
ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გახდეს საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე კრემლის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოვლენების მამოძრავებელი, არის სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრისა და საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ რეფერენდუმის საკითხები.
2013 წლიდან, კრემლის პროპაგანდისტების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომლის თანახმად, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის სანაცვლოდ (მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების ან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ) საქართველოს მოუწევდა ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების დაკანონება.
დეზინფორმაციული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა 2014 წლიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის მიღებამდე და მას შემდეგ, კრემლის პროპაგანდის სხვადასხვა წყაროები პერიოდულად ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციას ავრცელებდნენ.
საკითხის აქტუალობამ ეტაპობრივად იმატა და 2015 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა მმართველი გუნდის ინიციატივა - კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად სწორედ რუსული „რბილი ძალის“ აქტიურობაზე პასუხის გაცემა დასახელდა.
მმართველი გუნდის ინიციატივამ საპარლამენტო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა ჰომოფობიურად განწყობილმა საინიციატივო ჯგუფმა გამოიყენა პირდაპირი დემოკრატიის ისეთი საშუალება, როგორიცაა რეფერენდუმის გამართვის საშუალება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაარეგისტრირა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის მოთხოვნა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ანტი-დასავლური, ჰომოფობიური და ანტი-თურქული განცხადებებით გამოირჩევიან, შესაბამისად, სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფი მთლიანად დაკომპლექტებულია კრემლის პროპაგანდის პირდაპირი ან ირიბი გამავრცელებლებით.
რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნას მძაფრი რეაქცია მოყვა პრო-დასავლურად განწყობილი საზოგადოებისა და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. 4 აგვისტოს გავრცელდა მოქალაქეთა ონლაინ პეტიცია, რომელიც მოუწოდებდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არ დაენიშნა რეფერენდუმი. პეტიციის ავტორთა თანახმად:
„პროცესი თავიდან ბოლომდე ექცევა რუსული პროპაგანდის ნარატივში, სადაც დასავლეთი წარმოდგენილია როგორც „გარყვნილების თავსმომხვევი“ და „ეროვნული იდენტობისა და მართლმადიდებლობის მტერი“. რეფერენდუმის გამოცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ლგბტქი ორგანიზაცია დღის წესრიგში არ აყენებს ქორწინების თანასწორობის საკითხს, ყველა იმ ლეგენდისა და მითის ლეგიტიმაციაა, რომელიც ქართული საზოგადოების დასაშინებლად რუსული პროპაგანდის მანქანამ შეთხზა.“
9 აგვისტოს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა. თუმცა, იმავე დღეს, მოქალაქეთა სხვა საინიციატივო ჯგუფმა, რუსეთთან დაახლოების მომხრეთა პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში შეიტანა განაცხადი კონსტიტუციაში საქართველოს უბლოკო სტატუსის განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის გამართვისთვის აუცილებელი ხელმოწერების შეგროვებაზე.
აღნიშულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, რომელმაც საკუთარი პარტიის სახელით წამოაყენა წინადადება, რომ კონსტიტუციურად გამყარდეს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში გაერთიანების მისწრაფება.
რეფერენდუმებთან დაკავშირებული მოვლენები ცალსახა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია კრემლის პროპაგანდას და დეზინფორმაციას განსაზღვროს საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი და საზოგადოებრივი დისკურსი. ასევე პოტენციურად, შეცვალოს არსებული ძალთა ბალანსი და სამართლებრივი მექანიზმებით შეაფერხოს ქვეყნის პროდასავლური განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი.
საფრთხე კიდევ უფრო რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ანტი-დასავლური რიტორიკისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალებს გარკვეული წარმატების იმედი გააჩნიათ, რასაც ადასტურებს საზოგადოებრივი განწყობის კვლევები.
რეკომენდაციები
1. კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;
2. რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია;
3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;
4. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;
5. ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;
6. უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები;
7. საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას;
8. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.