ინტერ რაო (ИНТЕР РАО ЕЭС) რუსული მსხვილი ენერგო ჰოლდინგია, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობს.
„ინტერ რაოს“ აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. სამეთვალყურეო საბჭოში კი შედიან - რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკო, “გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანია “როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი შუგაევი, რუსული სახელმწიფო კორპორაციის, “ვნეშეკონობენქის” ხელმძღვანელი ვლადიმერ დმიტრიევი. მმართველ საბჭოს ბორის კოვალჩუკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006-2009 წლებში რუსეთის მთავრობის პრიორიტეტული პროექტების დეპარტამენტის უფროსი იყო.
საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასი“, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“.
„თელასი“ ელექტროენერგიით საქართველოს დედაქალაქს ამარაგებს და ჯამში 416 500 აბონენტი ჰყავს. „ინტერ რაო“ „თელასის“ მესაკუთრეთა შორის 2003 წელს ჩნდება, როდესაც „თელასის“ მფლობელის, “Silk Road Holdings B.V.”-ის აქციათა 100% იყიდა ფინურმა კომპანიამ – სს RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია რუსული „ინტერ რაო“.
2015 წლის მონაცემებით, „ინტერ რაო“-ს საკუთრებაშია „თელასის“ აქციათა 75%, დაახლოებით 25%-ს კი ქართული სახელმწიფო ფლობს.
სს “თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დმიტრი ვოლკოვი - „ინტერ რაოს“ ცენტრალური აზიისა და კავკასიაში აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი. ამავე საბჭოში შედიან პაველ ოკლეი - „ინტერ რაოს“ საწარმოო საქმიანობის ხელმძღვანელი, დიმიტრი პალუნინი - „ინტერ რაოს“ ფინანსურ ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ილნარი მირსიაპოვი - „ინტერ რაოს“ სტრატეგიისა და ინვესტიციების ბლოკის ხელმძღვანელი და ალექსანდრე პახომოვი - „ინტერ რაოს“ სამართლებრივი მუშაობის ბლოკის ხელმძღვანელი.
სამეთვალყურეო საბჭოში საქართველოს 2 მოქალაქეა - თემურ ჭინჭარაული და ვახტანგ ჯორბენაძე. ეს უკანასკნელი სს “საპარტნიორო ფონდის” იურისტია, “საპარტნიორო ფონდი” სახელმწიფო კომპანიაა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან საქართველოს ენერგეტიკის, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები. შეიძლება ითქვას, რომ ვახტანგ ჯორბენაძე „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოში ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენს.
“ინტერ რაოს” ეკუთვნის თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკაც“. ამ კომპანიის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის წარმოება და მისი რეალიზაციაა. „ინტერ რაომ“ აღნიშნული თბოსადგური „თელასთან“ ერთად 2003 წელს შეიძინა და მისი 100 პროცენტის მესაკუთრე გახდა, „ინტერ რაო“ „მტკვარი ენერგეტიკის“ ოფშორული კომპანიის, "გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი." საშუალებით ფლობს.
"გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვის." (შესაბამისად „ინტერ რაოს“) საკუთრებაშია ჰიდროელექტროსადგურები „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“.
საქართველოს მთავრობამ „ხრამჰესის“ გადაცემის შესახებ „ინტერ რაოსთან“ მემორანდუმი 2011 წლის 1 აპრილს გააფორმა. იმ დროს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მედიასთან განაცხადა, რომ "აღნიშნულ მემორანდუმში ახალი არაფერია, რადგან "ხრამი 1" და "ხრამი 2"-ში "ინტერ რაო" მართვის უფლებით 2000 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იყო შესული. ეს ხელშეკრულება კი 25 წლიანია და მას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურებოდა".
2011 წელს დადებული ახალი მემორანდუმით, "ინტერ რაო" ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ვალდებულებას იღებდა, რისთვისაც 193 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა. ამ პროექტით ახალი ჰესებით 85100 მეგავატი ენერგიის გამომუშავება იყო დაგეგმილი.
IDFI-მ გამოიკვლია, რომ “ხრამჰესის” გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა .
„მტკვარი ენრგეტიკის“, „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“-ის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან „ინტერ რაოს“ წარმომადგენლები დიმიტრი ვოლკოვი, პაველ ოკლეი და დიმიტრი პალუნინი. დირექტორის პოსტს დევი კანდელაკი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ დევი კანდელაკის კომპანია “მცირე ენერჯი” ფლობს მაშავერაჰესსა (0.8 მგვტ სიმძლავრის) და აჭიჰესს (1 მგვტ სიმძლავრის). “მცირე ენერჯი” არის ერთპიროვნული მფლობელი შპს “პრაიმ ენერჯისა”, რომელიც თავის მხრივ 1.65 მგვტ სიმძლავრის ინწობა ჰესს განაგებს.
2008 წლის დეკემბერში, რუსეთ - საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „ინტერ რაოსთან“ კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა, რაც „ენგურჰესის“ ერთობლივ მართვას გულისხმობდა“. “ენგურჰესი” უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია კავკასიაში, რომელიც მდინარე ენგურთან მდებარეობს. მასში შედის ვარდნილჰესების კასკადიც. მისი ჯამური სიმძლავრე 1300 მგვტ-ია. ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ გასაჯაროებულა არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ ”ენგურჰესის“ აქციათა 100% იყო, არის და დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში, რაც შეეხება მართვას, ეს იქნება ერთობლივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პარიტეტულ პრინციპზე - ქართული სახელმწიფოსა და ”ინტერ რაო”-ს წარმომადგენლების მიერ. ხეთაგურის თქმით, მემორანდუმით ”ინტერ რაო” თანხმდება გადაიხადოს იმ ელექტროენერგიის საფასური, რომლის მიწოდებაც ამ ჰესის საშუალებით ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც ”დამატებით 15 მლნ ლარის შემოსავალს შეადგენს”. “ენგურჰესის” მფლობელი მართლაც არ შეცვლილა და 2015 წლის მონაცემებით, კვლავაც საქართველოს სახელმწიფოა.
აფხაზური "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ 2015 წლის 15 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენგურჰესის სამართლებრივი კუთვნილების საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებია დაწყებული . მეორე დღეს ეს ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ უარყო და აღნიშნა, რომ ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს და “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას.