ინტერნეტის ინფრასტრუქტურა ახალი გავლენების ობიექტად იქცა. ვის ეკუთვნის ინტერნეტი, ვის და სად სურს საკუთარი ინტერესების გატარება და როგორია მათი სტრუქტურა - ამ საკითხების გამოკვლევის შემდეგ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის პროექტმა“ (OCCRP) ინტერნეტ კომპანიების მფლობელთა ბაზა შექმნა. ჟურნალისტების მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ბევრ ქვეყანაში სერვის პროვაიდერები სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები არიან, ხშირ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში ინტერნეტ კომპანიის მფლობელთა ვინაობა გაუმჭვირვალეა, რადგან მათ ოფიციალურად ოფშორული კომპანიები ფლობენ.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ბაზიდან ჩანს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ინტერნეტის მფლობელი რუსული კომპანია ან რუსეთთან აფილირებული პირები არიან. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ქვეყანა, სადაც ინტერნეტ-ბაზარზე რუსული ინტერესი ღიად ჩანს.
სომხეთი
სომხეთში ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია Armentel-ია (Armenia Telephone Company), რომელსაც რუსული „ვიმპელკომი“ ფლობს. სწორედ „ვიმპელკომია“ ქართული „ბილაინის“ მფლობელი. ამ უკანასკნელმა შეისყიდა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერი „კავკასუს ონლაინიც“, შესაბამისად აღნიშული გარიგებით რუსული „ვიმპელკომი“ სომხეთში და საქართველოში ინტერნეტ-ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.
„ვიმპელკომი“ „არმენტელს“ 2007 წლიდან ფლობს. „არმენტელიც“ „ბილაინის“ სავაჭრო ბრენდით არის ბაზარზე წარმოდგენილი. კომპანია მთელი სომხეთის ბაზარზე მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, ასევე ინტერნეტ სერვისს აწვდის მომხმარებლებს.
„ვიმპელკომი“ მსოფლიოს 14 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა რუსეთი, იტალია, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი, ლაოსი, ალჟირი, ბანგლადეში, პაკისტანი და ზიმბაბვე. „ვიმპელკომის“ ერთერთი მფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.
„არმენტელში“ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სკანდალი 2014 წელს დაიწყო და საქმის გამოძიებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ეჭვმიტანილია „არმენტელის“ ყოფილი დირექტორი იგორ კლიმკო, რომელიც რუსეთში მიიმალა, საიდანაც ნაკლებად სავარაუდოა მისი ექსტრადირება. სომხური მედიის ცნობით, გამოძიება დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარის გაქრობის ამბავს იკვლევს. აღნიშნული თანხა 2009-2012 წლებში იხარჯებოდა „არმენტელით“ განხორციელებული საერთაშორისო ზარებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადატანილია ოფშორული კომპანიების დეპოზიტზე. თავად კლიმკო უარყოფს დანაშაულს და ამბობს, რომ სკანდალი რეალური საბუძველი საინფორმაციო ომია, რომლის მიზანი რუსეთის მოქალაქეების ქურდებად წარმოჩენაა. 2014 წლის მაისში ბელარუსში ფულის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს არმენტელის კიდევ ერთი ყოფილი თანამდებობის პირი, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ საჩკოვი. მისი ექსტრადაცია სომხეთში 2015 წელს მოხდა.
სკანდალში გახვეულია თავად „ვიმპელკომის“ ცენტრალური ოფისიც, რომელზეც საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს უზბეკეთის პრეზიდენტის შვილ გულნარა კარიმოვასთან კავშირის გამო. კარიმოვას ბრალი ედება ქრთამის აღების სანაცვლოდ უზბეკეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რამდენიმე კომპანიის, მათ შორის „ვიმპელკომის“ შეყვანის გამო.
სომხეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მეორე მსხვილი კომპანიაა K-Telekom, რომელიც Vivacell-ის ბრენდით ოპერირებს ბაზარზე. მისი მფლობელია ლიბანში დაფუძნებული კომპანია KT (Holding), რომლის 29,998 აქციის მფლობელიც ოფშორული კომპანიაა. დანარჩენი ორი აქცია კი ეკუთვნის არტემ ვასილევს და პაველ მაშაროვს, რომელებიც რუსული მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Mobile TeleSystems (MTS)-ის მენეჯმენტის წევრები არიან. MTS-ს აქციათა დიდი ნაწილის მფლობელი დიდი რუსული ჰოლდინგი Sistema-ა. მისი 64.1% ეკუთვნის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენს ვლადიმერ ევტუშენკოვს. MTS ს ჰქონდა სლოვენიაში შესვლის სურვილი, თუმცა მთავარი მოთამაშე იქ კომპანია Cinven-ი გახდა.
სომხეთში ოპერირებს GNC Alfa-ც, რომელიც ბაზარზე „როსტელეკომის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სატელეფონო, ისე IP TV-სა და ინტერნეტ მომსახურებას. ჰყავს 27,554 ინტერნეტ აბონენტი. GNC Alfa 2007 წელს დაფუძნდა, მისი დამფუძნებელი სომხეთის მოქალაქე მელიქ სანტურდიჩიანი იყო. 2012 წელს 75% რუსულმა „როსტელეკომმა“ შეიძინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „როსტელეკომი“ რუსეთის ფარგლებს გარეთ გავიდა. ოფიციალურად კომპანია კვიპროსში რეგისტრირებულ Filor Ventures-ს ეკუთვნის, რომლის 75%-ის მფლობელი „როსტელეკომია“.
„როსტელეკომის“ მფლობელები რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები არიან: სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო (Rosimushchestvo) 43%; ეროვნული განსახლების დეპოზიტორი 42%; Vnesheconombank, 3.8%
უკრაინა
როგორც ზემოთ აღინიშნა, „ვიმპელკომი“ უკრაინულ ბაზარზეცაა წარმოდგენილი. აქ კომპანია ფლობს „კიევსტარს“, რომელსაც 800,000 აბონენტი ჰყავს. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშე ამ ქვეყანაში „უკრტელეკომია“, რომელიც უკრაინელ ბიზნესმენს რინატ ახმეტოვს ოფშორული კომპანიის მეშვეობით ეკუთვნის. ახმეტოვის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანია საზოგადოებაში. ის ფიგურირებდა სასამართლო საქმეშიც. ფლობს რამდენიმე ოფშორულ კომპანიას. საერთო ჯამში უკრაინაში ბევრი ინტერნეტ-კომპანიის მფლობელი გაუმჭვირვალეა სწორედ იმის გამო რომ მათი ოფიციალური მესაკუთრეები ოფშორული კომპანიები არიან.
ბულგარეთი
რუსული ინტერესები იკვეთება ბულგარეთის სატელეკომუნიკაციო სექტორშიც. “ვივაკომი” მსხვილი კომპანიაა, რომელსაც ინტერპოლის მიერ ძებნილი ცვეტან ვასილევი ტელეკომპანია TV7-თან ერთად ფლობდა (Tsvetan Vassilev), მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ კომპანია LIC 33-ის (Louvrier Investment Company) ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ “ვივაკომის” ქონება სიმბოლურ ფასად 1 ევროდ იყიდეს. კომპანიას რუსი-ბელგიელი ბიზნესმენი პიერ ლუვიერი (Pierre Louvrier) მართავს.
2015 წლის 19 მარტს ბულგარულმა გამოცემამ Bivol-მა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინა, რომ ლუვიერს და LIC 33-ს აქვთ საერთო ბიზნეს ინტერესები რუს ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევთან, რომელიც პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. მალოფეევი სანქცირებულია კანადისა და ევროკავშირის მიერ უკრაინაში პრორუსი მებრძოლების დაფინანსების გამო. მას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ეკრძალება. ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების მერე, ბულგარეთის სახელმწიფომ კომპანიის ანგარიშები გაყინა.
მალოფეევი არ არის ერთადერთი რუსი ბიზნესმენი, ვისაც “ვივაკომში” აქვს ინტერესი. რუსული ბანკი VTB ფლობს ვივაკომის მცირე წილს საინვესტიციო კომპანია VTB Capital-ის მეშვეობით. ამავე დროს, VTB-ს განყოფილებას ბულგარეთში ხელმძღვანელობს ყოფილი ფინანსთა მინისტრი მილენ ველჩევი და მისი ძმა. სატელეკომუნიკაციო კომპანიას 150 მილიონი აშშ დოლარის დავალიანება აქვს VTB ბანკის მიმართ.
LIC 33-ს საკუთარ ვებსაიტზე მისამართად მითითებული აქვს პარიზი. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ამგვარი სახელით პარიზში რეგისტრირებული არ არის არც ერთი კომპანია. სამაგიეროდ ლუქსემბურგში მიაკვლიეს კომპანიას S.H.C.O. 79, რომელიც “ვივაკომის” წილის ბოლო მფლობელი იყო. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა LIC 33. LIC 33-ის ხელმძღვანელი ლუვიერი, რომელსაც რუსულ ძალოვან სტრუქტურებთან აქვს ურთიერთობა, არის კომპანია კემირასი (KEMIRA) ყოფილი მენეჯერი. ხოლო კემირა ფლობს სამხედრო ქარხანას, რომელიც ვასილეევის საკუთრება იყო. 2015 წლის ივლისში ლუვიერმა თქვა, რომ ვივაკომი უკან დაუბრუნა ვასილევს და მას ინტერესი ამ კომპანიაში აღარ აქვს.
ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი, რომლის მფლობელებიც ხშირ შემთხვევაში ინტერნეტ-პროვაიდერები არიან, რამდენიმე ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტთა სიაშია შეტანილი. სწორედ აღნიშნულის გამო სლოვენიამ შეაჩერა საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პრივატიზაციის პროცესი და არ დაუშვა მისი გადაცემა სხვა ქვეყნის, კერძოდ რუსეთის MTS-ის, მფლობელობაში, მსგავსი მიდგომა არის მოლდოვეთში, ჩეხეთში და სერბეთში. აქედანაც ცხადად ჩანს, თუ რატომ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ინტერნეტის მფლობელი. OCCRP-ს არ დაუსრულებია ინტერნეტ კომპანიების მესაკუთრეთა ბაზის შევსება. ამიტომაც შესაძლებელია რუსეთის მოქალაქეთა ინტერესები სატელეკომუნიკაციო სფეროში კიდევ არაერთ ქვეყანაში გამოჩნდეს.