რუსული „ისკანდერები“ ჯავაში გამოჩნდა

11 დეკემბერი 2015 Shadow

წყარო:amerikiskhma.com

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია - „ისკანდერ - მ“ განათავსა.

ამ ბალისტიკურ რაკეტას ნებისმიერი სამიზნის განადგურება 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. აქედან გამომდინარე,  რუს ოკუპანტებს საქართველოს მთელი ტერიტორიის გარდა, ცხინვალის რეგიონიდან, სურვილის შემთხვევაში, ნატოს წევრი თურქეთის - შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ. (ასევე, გიუმრის ბაზიდან აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიების)

რუსი სამხედრო ექსპერტების ცნობით, „ისკანდერ მ“-ის სისტემა ჯავის რაიონის სოფელ რაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა, რადგანაც კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სტაციონარულ, ისე მოძრავ მდგომარეობაში, მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა.

რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი კოსტანტინე ზივკოვის განცხადებით: „სარაკეტო კომპლექსს ისკანდერს აქვს რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განადგურების უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. რაც, აზრს უკარგავს რუსეთის წინააღმდეგ რაკეტ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას. ასევე, აღკვეთს საქართველოს მორიგი სამხედრო რევანშის შესაძლებლობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“

საქართველოს, რომელიც ამ დრომდე, არ არის არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი, არ აქვს არც ჰაერსაწინააღმდეგო და მით უმეტეს, არც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

2015 წლის ზაფხულში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარიზში, ფრანგულ-ამერიკულ კომპანია ThalesRaytheonSystems-თან, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, საჰაერო თავდაცვის სისტემის გარკვეული ელემენტების შეძენის თაობაზე. თუმცა ინფორმაცია, კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის რომელი კომპონენტები შეიძინა საქართველომ ან როდის მოხდება მათი საქართველოში ჩამოტანა და ექსპლუატაციაში შეყვანა ამ დრომდე უცნობია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ რამდენიმე რუსი სამხედრო ექსპერტის გამოკვლევით, რუსეთის არმიამ სწორედ  2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოსცადა პირველად, რეალურ საბრძოლო მოქმედებაში „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსი.

ამაზე საუბრობს რუსი ბლოგერი და ექსპერტი ვიაჩესლავ მალჩევიც: „ინტერნეტში შეიძლება ძალიან ბევრი ფოტოს ნახვა, სადაც არა მხოლოდ „ტოჩკა უ-ს“, არამედ, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემაც ჩანს, რომელიც გორის დასაბომბად გამოიყენეს და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. გახსოვთ, ალბათ, ჰოლანდიელი ჟურნალისტი სწორედ ამ რაკეტის აფეთქების შემდეგ დაიღუპა, ხოლო რაკეტის ძრავა, იქვე, მოედანთან მდებარე სახლში შევარდა. ასეთი უსიამოვნო ფოტოები ძალიან ბევრია და ეს ფოტოები ყალბი არ არის.“

გარდა, „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა, არანაკლებ, დამანგრეველი იარაღიც მრავლად აქვთ განთავსებული. მათ შორის აღსანიშნავია, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული საზენიტო-სარაკეტო კომპექსი - „ს-300 ფავორიტი“, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები: „ბურატინო“, „სმერჩი“ და „გრადი“.

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, „ამერიკის ხმამ“ კომენტარი თხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრს-თინა ხიდაშელს, რომელიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აღნიშნული განვითარება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში კი, პენტაგონის წარმომადგენელმა მიშელ ბალდანზამ განაცხადა:

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუ რუსული ისკანდერის ტიპის სისტემების დამონტაჟება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სიმართლეს შეესაბამება, ეს ჩვენი პარტნიორის წინააღმდეგ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მცდელობა და 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებების დარღვევა იქნება რუსეთის მიერ. ასეთი ფაქტი ასევე გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას. რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები."