23 აპრილს ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისში.
1885 წელს ივანე ჯავახიშვილმა სწავლა დაიწყო თბილისში, გიმნაზიაში, ხოლო 1888 წელს იგი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ჩაირიცხა, რომელიც დაასრულა 1895 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს რუსეთის იმპერია საქართველოში რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებდა. ქართული ენა სკოლებში სასტიკად იდევნებოდა, რაც ივანე ჯავახიშვილს კიდევ უფრო უმტკიცებდა ქართული ენისა და ისტორიისადმი სიყვარულს. ჯავახიშვილის სიყრმის მეგობარი - ივანე ნიჟარაძე იგონებს:
“გიმნაზია ვანოს არ მოსწონდა, სწავლობდა კი კარგად. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ შეგნებულ მოწაფეობას”
გიმნაზიაში სწავლის დროს ივანეს ინტერესი ისტორიისადმი განსაკუთრებით გამოიკვეთა. იგი გატაცებით სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას, ძველსა თუ ახალ ენებს. წერდა რეფერატებსა და მოხსენებებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც მთავარ საგნად აირჩია საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესწავლა. უნივერსიტეტში შესვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც, ქართული ენისა და კულტურის შელახული პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ. უნივერსიტეტში ყოფნისას იგი დაეუფლა აღმოსავლურ და დასავლეთ-ევროპულ ენებს, შესაბამისად, თავისუფლად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ წყაროებს.
სწავლის დასრულების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე მოღვაწეობდა 1917 წლამდე. უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში ჯავახიშვილმა 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. ნაშრომები სხვადასხვა ენებზე იყო დაწერილი, თუმცა კაპიტალურ ნაშრომებს მხოლოდ ქართულად გამოქვეყნებული შრომები შეადგენდნენ, რაც არ იყო შემთხვევითი. ივანე ჯავახიშვილს სურდა ახალი ქართული ისტორიოგრაფიისათვის ჩაეყარა საფუძველი, ქმნიდა იმის პირობას, რომ ქართული მეცნიერების განვითარების ცენტრს საქართველოში გადმოენაცვლა.
1913-14 წლებში ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა თავისი შრომის – “ქართველი ერის ისტორიის” პირველი ორი ტომი. ფაქტობრივად, ამ შრომის გამოქვეყნებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეცნიერულ ისტორიას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წერილი მისწერა ივანე ჯავახიშვილს:
„ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთ საქართველოს ისტორიის საკითხებზე გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად. გთხოვთ თქვენი ნაშრომი წარმოადგინოთ კონკურსში მონაწილეობისთვის. ეჭვი არ არის, რომ თქვენი “ქართველი ერის ისტორია” უთუოდ გამარჯვებული შეიქნება“
ივანე ჯავახიშვილის პასუხი კი მისი პრინციპებისა და მოღვაწეობის შესაბამისი იყო:
„მადლობას გიძღვნით მოწვევისთვის, მაგრამ იძულებული ვარ უარი გითხრათ თქვენს თხოვნაზე ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი მე ჩემი პრივატ-დოცენტობა საშუალებას მაძლევს იმდენი სახსარი მქონდეს, რომ მუშაობაში ხელი არ შემეშალოს, მეორეც, კონკურსში გამარჯვება და სახელი ახალგაზრდა მეცნიერებს უფრო სჭირდებათ, ზნეობრივი არ იქნება ჩემი მხრივ მათთვის გზის გადაღობვა“
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან შალვა ნუცუბიძესთან, იოსებ ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების – უნივერსიტეტის დაარსებისათვის. ჯავახიშვილის თანახმად:
„დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას, ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს”
1918 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტში არსებულ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს. უკვე 1919 წლის 17 დეკემბერს კი, ივანე ჯავახიშვილი პროფესორთა საბჭოს სხდომამ უნივერსიტეტის რექტორად აირჩია.
ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი.
ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, 1943 წლის 18 ნოემბერს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.