გორის რაიონის სოფელი ჯარიაშენი ოკუპანტების ახალი სამიზნე გახდა

15 მარტი 2016 Shadow

გორის რაიონის სოფელი ჯარიაშენი ოკუპანტების ახალი სამიზნე გახდა. 

სოფლის ნაწილის მითვისებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ, საოკუპაციო ძალები მიტაცებულ ტერიტორიაზე გზის გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც სოფლის ბაღებს ანადგურებენ.

უკანონო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნას ოფიციალური თბილისი დღეს ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს. შეგახსენებთ, რომ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის პერიოდული შეხვედრები იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კონფლიქტის მხარეები.

 

ჯარიაშენის საკითხი შესულია თვის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგშიც. თუმცა, მანამდე ადგილობრივები შიშობენ, რომ რუსი სამხედროები მიტაცებულ ტერიტორიას კიდევ უფრო გააფართოვებენ და სოფლის სასაფლაო საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩება.

 

საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან ყოფს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მიუყვება ამ ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებს. 2009 წელს, რუსეთის ფედერაციული უშიშროების სამსახურის ოფიცრებისთვის საოკუპაციო ხაზის კონტროლის გადაცემამ, კიდევ უფრო დაამძიმა ადმინისტრაციულ საზღვარებთან და მის მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. რუსეთი ზღუდავს ქართველების თავისუფლად გადაადგილების უფლებას, არ აძლევს უფლებას საქართველოს მოქალაქეებს გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადის ხილნარზე, საძოვრებზე და სახნავ-სათეს მიწებზე. 2013 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება, რაც დამატებითი ხელოვნური ბარიერია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამჟამად, მავთულხლართების სიგრძე შეადგენს 51 კმ-ს ცხინვალის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში - 12 კმ-ს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ  მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. მძიმე დარღვევებს შორისაა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და კერძო საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელყოფა.