23 მარტს, რუსულმა საზოგადოებრივმა პროექტმა - „გუნდმა 29“-მ გამოაქვეყნა სტატია ექვსი ქალის შესახებ, რომლებიც რუსეთში სასჯელს იხდიან „სახელმწიფოს ღალატისთვის“. საქმე ეხება ქალებს, რომლებმაც 2008 წელს საქართველოში მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS) გააგზავნეს კრასნოდარის ოლქიდან აფხაზეთის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. სტატიაში განხილულია ის საეჭვო გარემოებები, რომლებიც აერთინებს ყველა საქმეს და დეტალურადაა აღწერილი დაპატიმრებულთა ისტორიები.
„გუნდი 29“ საზოგადოებრივი გაერთიანებაა რუსეთში, რომელიც ჟურნალისტებსა და ადვოკატებს აერთიანებს. „გუნდი 29“-ის ადვოკატები ეხმარებიან რუსეთის მოქალაეებს, რომლებსაც უსამართლოდ დასდეს ბრალი სახელმწიფოს ღალატში. ჟურნალისტები ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაკავებისას და დაკითხვისას, როგორ მოიძიონ ინფორმაცია სახელმწიფოს მონაცემთა ბაზებიდან და როგორ დაიცვან პერსონალური ინფორმაცია.
Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
დეკემბერში (2016), „გუნდმა 29“-მ დაასახელა ექვსი ქალის ვინაობა, რომლებსაც კრასნოდარში, 2013 წელს ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. მას შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი - ოქსანა სევასტიდი გაათავისუფლეს, რომელმაც გვიამბო ერთ-ერთი დაპატიმრებულის, ანიკ კესიანის საქმეზე.
სამოცი წლის დიასახლისმა ციხეში რვა წელი გაატარა სამხედრო ტექნიკის ღია გადაადგილების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის გამო. SMS-ების გამო გასამართლებული ყველა ქალის ისტორია ერთმანეთს ჰგავს. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ანიკ კესიანი და სხვა "სახელმწიფოს მოღალატეები“ იძულებული ეღიარებინათ სამშობლოს ღალატი და რატომ არ გვსმენია მათ შესახებ აქამდე.
2008 წლის აპრილში, ოკსანა სევასტიდიმ მიიღო ტექსტური შეტყობინება ქართველი ნაცნობისგან: "თქვენი ტანკები პლატფორმაზე დგანან?". ქალმა უპასუხა: „ ადრე იდგნენ, ახლა არ ვიცი“. 2015 წელს, იგი დააპატიმრეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
სევასტიდის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო მას შემდეგ რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ ქალბატონის ბედით და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს დაუსვეს მის შესახებ შეკითხვა. ოკსანა შეიწყალეს და მისმა ადვოკატებმა ივან პავლოვმა და ევგენი სმირნოვმა მოახერხეს სასჯელის სამ წლამდე შემცირება.
პავლოვის აზრით, სევასტიდის საქმემ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა გასამართლებულების ბედზეც: „ეს საქმეები ერთმანეთს ძალიან გავს - ერთი და იგივე გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, მოწმეები, სასჯელები. ამჟამად ჩვენ ანიკ კესიანის საქმეს მოვკიდეთ ხელი. ასევე ვიცით, რომ მსგავსი გარემოებების მქონე საქმისთვის კიდევ ორი ქალია ციხეში.“
განთავისუფლების შემდეგ, ოკსანამ ჟურნალისტებს უამბო ანიკ კესიანის შესახებ. 2015 წელს, მოსამართლე კობზევმა, რომელმაც ასევე გაასამართლა სევასტიდი, კესიანს მიუსაჯა 8 წლით პატიმრობა.
ანიკ კესიანი დაიბადა ადლერში, 19 წლის ასაკში გათხოვდა და ქმართან ერთად გადასახლდა გაგრაში, თუმცა 1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე მთელი ოჯახი რუსეთში დაბრუნდა. მისი ქალიშვილი ვიოლეტა გათხოვდა საქართველოს მოქალაქეზე და კესიანიც ხშირად დადიოდა მათთან სტუმრად საქართველოში. ადლერში კესიანი მუშაობდა ბაზარში სადაც ტანსაცმლით ვაჭრობდა, გათხოვების შემდეგ კი დიასახლისი იყო. „ის პელმენებს აკეთებდა სახლში შეკვეთით, თავისი კლიენტები ყავდა და კვლავ ყავს. ისინი ელოდებიან როდის გამოვა ანიკი. რა სახელმწიფოს ღალატი, რაზეა საერთოდ საუბარი?!“ - აცხადებს ანიკის შვილი ვიოლეტა.
აფხაზეთისა და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე კესიანმა გაიცნო ქართველი, რომელიც ოჯახის მეგობარი გახდა. 2008 წლის აპრილში, მიმოწერაში ჩანს, რომ მან კითხა ანიკს მოდიოდნენ თუ არა სოჭში ტანკები, რაზეც ანიკმა უპასუხა - „კი, მოდიან“.
27-დან 30 აპრილამდე, სოჭის ბევრმა მაცხოვრებელმა დაინახა აფხაზეთისკენ მიმავალი ტანკების ეშელონი, რომელიც რკინიგზით გადაჰქონდათ. ანიკს აზრადაც არ მოსვლია, რომ ტექნიკა, რომელიც გადაჰქონდათ დაუფარავად, სახელმწიფო საიდუმლოება იყო. მომდევნო 6 წელი მშვიდად გავიდა და ანიკს ეს მიმოწერა დაავიწყდა.
სევასტიდის და კესიანის ისტორიები მსგავსია. მსგავსია ასევე ეკატერინე ხარებავას საქმეც, რომელიც პირველი იყო იმ გასამართლებულებს შორის, რომლის ისტორიაც გახდა ცნობილი.
2008 წლის 30 აპრილს, ხარებავამ დაინახა სამხედრო ტექნიკა რკინიგზაზე და ნანახის შესახებ მიწერა მეგობარს საქართველოში. ის დააკავეს 2013 წელს. ვინაიდან ის იყო საქართველოს მოქალაქე, მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით ჯაშუშობის მუხლით. განაჩენი გამოიტანა ვლადიმერ კობზევმა, რომელმაც სხვა კრასნოდარელი „სახელმწიფოს მოღალატეებიც“ გაასამართლა.
ხარებავა უდანაშაულოდ აცხადებს თავს. მისმა ადვოკატმა, ლეონიდ ერჩენკომ, „გუნდ 29“-ს განუცხადა, რომ მისი საქმეში ჩართვის მომენტისთვის, ეკატერინეს უკვე ხელი ქონდა მოწერილი აღიარებით ჩვენებაზე. გამომძიებელი, ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი, ურჩევდნენ ეკატერინეს ხელი მოეწერა ჩვენებაზე, რათა შეემცირებინა სასჯელი. „ის ყველაფერს ამბობდა და ყველაფერზე აწერდა ხელს, რადგან ვერ ხედავდა ვერანაირ საფრთხეს. როგორ აღმოჩნდა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) უკვე აგროვებდა მასალას სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.“
დროებით იზოლატორში, ხარებავამ შეიტყო SMS-ების საქმეზე დაკავებული სხვა ქალის - მარინა ჯანჯღავას შესახებ. ისინი ერთმანეთს პირადად არ იცნობდნენ, თუმცა ხარებავამ იცოდა, რომ ჯანჯღავა იყო მოწმე მის საქმეში. ამასთანავე, ჯანჯღავას საქმეში მოწმედ მოხსენიებულია ხარებავა. ორივე ქალბატონს ჰქონდა მიმოწერა საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც უშიშროების სამსახურმა მიიჩნია ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლად. ჯანჯღავამ ქართველი გაიცნო საქართველოში მგზავრობისას. ის იყო მისი მამის თანამშრომლის ნათესავი. ხარებავას და ამ პირს საერთო ნაცნობები ყავდათ გაგრაში, სადაც ორივე ცხოვრობდნენ 1992 წლამდე.
ასევე ერთი და იგივე მოწმე ფიგურირებს ჯანჯღავასა და ხარებავას საქმეებში: ვინმე ა.ვ. დერიგლაზოვა, რომელიც ორჯერ იყო ნასამართლევი რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებისთვის. ხარებავას ადვოკატის თქმით, ამ ქალს არ ქონია ქართულ დაზვერვასთან შეხება. არც ეკატერინე ხარებავა და არც მარინა ჯანჯღავა არ იცნობდნენ დერიგლაზოვას.
ჯანჯღავა მუშაობდა მატარებლის გამცილებლად ადლერში. მისი დედა ყვება, რომ მარინამ იმუშავა 25 წელი ამ პოზიციაზე. სიუჟეტი ნაცნობია: ოჯახი გადასახლდა აფხაზეთიდან ადლერში ომის გამო. გადასახლების შემდეგ, ოჯახი ხშირად დადიოდა აფხაზეთში: მარინამ აფხაზეთში დაასაფლავა ქალიშვილი და ქმარი, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპნენ. მიმოწერაში მარინამ პასუხი გასცა მეგობარ ქართველს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ჯანჯღავას მამის მეგობარი - სოსო გაბუნია, იმავე დეპოში მუშაობდა. გაბუნიას თანახმად, სამხედრო ტექნიკის ეშელონებს აბამდნენ სამგზავრო ვაგონებს და ერთ-ერთის გამცილებელი იყო მარინა. მისი აზრით, ეშელონები არ იყო საიდუმლო ადლერის მაცხოვრებლებისთვის: „რუსული სამხედრო ეშელონები აფხაზეთში დაუფარავად გადაადგილდებიან, მე პირადად ბევრჯერ მინახავს. ეს ეშელონები ჩვენ დეპოშიც გაუჩერებიათ წყლის ასავსებად და რემონტისთვის. გამოდის, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვნახოთ ის რაც გვერდზეა? მარინა, ვაგონების დახვეტის გარდა არაფერს აკეთებდა, ახლა კი ჯაშუშობისთვის ზის ციხეში.“
საბედისწერო მიმოწერიდან 6 წლის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში, კესიანი დაიბარეს ФСБ-ში. დაკითხვაზე ის ორჯერ იყო დაბარებული, ისე რომ კესიანი ვერ ხვდებოდა თუ რით შეიძლება დაინტერესებულიყვნენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში. 2014 წლის 26 თებერვალს, დილის 5 საათზე კესიანს სახლში მიაკითხეს ჩხრეკის ნებართვით: წაიღეს მთელი ტექნიკა, დაკითხეს ნათესავები და კესიანი თან წაიყვანეს.
კესიანის შვილი იხსენებს ამ დილის მოვლენებს: „მე ოპერატიულ თანამშრომლებს ვკითხე დაბრუნდებოდა თუ არა ის [კესიანი] სახლში - ერთერთმა მიპასუხა „თუ არ აღიარებს, დაბრუნდება“. სახლში ანიკი არ დაბრუნებულა. დროებითი დაკავების იზოლატორში, უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სახეში ხელი გაარტყა კესიანს და უთხრა „მიდი გაიხსენე, რა იცი, რა არა“.
კესიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ნახევარი წელი, მასზე მუშაობდა გამომძიებელი რომან ტროიანი. ტროიანი ხელმძღვანელობდა ასევე სევასტიდის, ხარებავას, ჯანჯღავას და მოხუცი აეროპორტის დისპეჩერის პეტრ პარპულოვის საქმეებს.
სასამართლოში კესიანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი. სახელმწიფოს ღალატი მან აღიარა დაკითხვისას. აპელაცია, რომლის საშუალებითაც განაჩენის გასაჩივრება ან ვადის შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, არ ყოფილა. ვიოლეტას ადვოკატმა უთხრა, რომ „აზრი არა აქვს [გასაჩივრებას], ასეთი მუხლით როდესაც ასამართლებენ არ ათავისუფლებენ, ის იჯდება ციხეში და კიდევ კარგი რომ 20 წელი არ მიუსაჯეს.“ კესიანმა მოუყვა ვიოლეტას, რომ სასამართლოში, როდესაც მას კითხეს აცნობიერებდა თუ არა იმას, რომ რაც ჩაიდინა იყო არაკანონიერი, ადვოკატი მას თავს უქნევდა, რომ კესიანი დათანხმებოდა. შემდეგ, განაჩენში კესიანმა აღმოაჩინა, ვითომდა როგორ დაწერა SMS-ში ტანკების რაოდენობის შესახებ, რის შესახებაც ანიკმა არაფერი იცოდა.
მას სასჯელის მოხდა მოუწია მორდოვის კოლონიაში. მას იქ კარგად ეპყრობოდნენ. დაკავებულია სანიტარული საქმიანობით - ვიოლეტას მიხედვით ხელფასს არ იღებს, თუმცა დაკავებულია და დროც ადვილად გადის.
„ყველაფერი შიშის გამო გააკეთა, მხოლოდ შიშის: შიშის გამო არავისთვის გვითქვამს არაფერი, მხოლოდ ახლა მოვეგეთ გონს და დავიწყეთ ღიად საუბარი. ის ისევ რეკავს [კოლონიიდან] და გვეუბნება, რომ მას არაფერი უჭირს. მე მას ვეუბნები: იქნებ რამე მაინც თქვა რაც გაწუხებს. დედას აქ აწუხებდა მთელი რიგი დაავადებები, წარმომიდგენია კოლონიაში როგორაა!“ - განაცხადა კესიანის ქალიშვილმა.
26 თებერვალს გავიდა ანიკის დაპატიმრებიდან სამი წელი. ვიოლეტამ მიმართა „გუნდ 29“-ს, მას შემდეგ რაც გაიგო ოკსანა სევასტიდის საქმის შესახებ. უახლოს პერიოდში, კესიანის ახალმა ადვოკატმა ივან პავლოვმა უნდა მოინახულოს კესიანი კოლონიაში. მას დიდი სურვილი აქვს შეხვდეს ადვოკატს და დაელაპარაკოს მას. ქალიშვილის თანახმად, კესიანი არ დანებებულა და ბრძოლას აგრძელებს.
მარინას დედამ, თამარა ჯანჯღავამ იცოდა, რომ მის შვილს კომუნიკაცია ქონდა ნაცნობ ქართველთან, თუმცა არცერთი არ აქცევდა ამ ფაქტს ყურადღებას. მარინას ბრალი დასდეს ორი SMS-ის გაგზავნაში 2008 წლის აპრილის მიწურულს. ის სხვებთან შედარებით ადრე, 2012 წელს დააკავეს.
თამარა (დაპატიმრებულის დედა) ყვება, რომ: „ისინი მოვიდნენ 2012 წლის 2 ოქტომბერს. სამ ან ოთხ „გაზელზე“ მოაკითხეს ნიღბებით და ავტომატებით აღჭურვილნი, თითქოს რეციდივისტის დასაჭერად მოვიდნენ. ყველა ოთახის შემოწმება დაიწყეს. ვერაფერი ვერ იპოვეს, თუმცა ის მაინც დაიჭირეს. თქვეს საღამოს დავაბრუნებთო, თუმცა მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. გაასამართლეს და ღმერთმა უწყის რა არ დააბრალეს.“
79 წლის დედა სოჭიდან ვოლოგოდის გამოსასწორებელ კოლონიაში დადის შვილის მოსანახულებლად ყოველ ოთხ თვეში ერთხელ.
„ის მეუბნება: „დედა, მე იძულებული ვიყავი მეთქვა „კი“, აქ არ არსებობს სიმართლე, აქ მას ვერ იპოვი.“ ასევე ამბობს, რომ ტროიანი (რომან ტროიანი, გამომძიებელი, რომელიც ყველა ქალის საქმეში ფიგურირებს) მას ემუქრებოდა და აიძულა ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე. მერე გადაწყვიტა, რომ მოეწერა ხელი, მეუღლე და ქალიშვილი გარდაცვლილი ყავს, მოიხდიდა სასჯელს. ის მარტოა, 59 წლის, მე უკვე 79 წლის ვარ და მოხუცს მიწევს მასთან სიარული.“
ჩხრეკის შემდეგ მარინა გადაიყვანეს დროებით იზოლატორში და ბრალი დასდეს საქართველოს დაზვერვის თანამშრომლისთვის ინფორმაციის მიწოდებაში. „რაში სჭირდებოდა ის ეშელონები 2008 წელს, როდესაც აფხაზეთის ომი ქონდა ნანახი? ავადმყოფობებიც ბევრი ქონდა გადატანილი, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციაც გაიკეთა, გულიც აწუხებდა, მე კიდევ არც კი მომაწოდეს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.
2 ოქტომბერს 5 წელი შესრულდება რაც მარინა ჯანჯღავა დააკავეს. დედამისის თანახმად, მეზობლები გაოგნებულნი არიან, რომ ის ჯაშუშად შერაცხეს: „ის არავის არ უშავებდა არაფერს, მუშაობდა. ჩეჩნეთში, გროზნოშიც მუშაობდა ჯარისკაცების გამცილებლად (გიდად).“ 2013 წლის 1 ნოემბერს, ვლადიმერ კობზევმა, რომელმაც გაასამართლა კესიანი, ხარებავა და სევასტიდი, ჯანჯღავას მიუსაჯა 12 წელი სახელმწიფოს ღალატისთვის.
ვოლოგოდის ქალთა გამოსასწორებელ კოლონია №1-ში ასევე სასჯელს იხდის სოჭის კიდევ ერთი მკვიდრი - ინგა თუთისანი. თუთისანი და ეკატერინე ხარებავა დროებით იზოლატორში ერთ საკანში იყვნენ. ინგაც სახელმწიფოს ღალატისთვის გაასამართლეს, ასევე SMS-ის გაგზავნისთვის.
ხარებავას თქმით, SMS რომლის გამოც თუთისანი გაასამართლეს იყო გაგზავნილი 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. თუთისანის ქალიშვილმა დაადასტურა, რომ დედამისის საქმე ხარებავასა და სევასტიდისას გავს, თუმცა თქვა, რომ საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ არ იცის დეტალები: „მე საქმის კურსში არავინ ჩამაყენა და არაფერს მეუბნებიან, თუმცა მინდა რომ მისი საქმე ხელახლა განიხილონ.“
თუთისანს განაჩენი გამოუტანეს 2014 წლის ივლისში. მის საქმეს განიხილავდა მოსამართლე ალექსეი ივანოვი, რომელმაც ორი წლის შემდეგ განაჩენი გამოუტანა და ციხეში გაუშვა აეროპორტის დისპეჩერი პეტრ პარპულოვი. თუთისანმა გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, ისევე როგორც კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს სხვა მსხვერპლებმა. სევასტიდის პრეცედენტი, შეიძლება სხვებისთვის მაგალითის მიმცემი გახდეს და მათთაც მოახერხონ საკუთარი საქმეების ხელახლა გადახედვის მიღწევა.
„კრასნოდარის სახელმწიფო ღალატის საქმეების გამომძიებლები ყოველ ჯერზე თხოვდნენ ეჭვმიტანილებს დანაშაული ეღიარებინათ, საკუთარ საქმეზე არავისთვის ეთქვათ, ადვოკატი არ მოეთხოვათ და ჟურნალისტებთან არ ესაუბრათ. პირდებოდნენ, რომ საქმე მარტივად მოგვარდებოდა, მათ მცირე ვადას მისცემდნენ, და შემდეგ კი სხვაგვარად მთავრდებოდა საქმე“ - აცხადებს ადვოკატი ივან პავლოვი. „ოკსანა სევასტიდის საქმე ნათელი მაგალითია, თუ როგორი განუკითხაობა ხდება საიდუმლოების გრიფის ქვეშ, სამოქალაქო კონტროლის არარსებობის პირობებში.“
ეკატერინე ხარებავა გაათავისუფლეს 2016 წელს, რუსულ-ქართული შეთანხმების საფუძველზე. მისმა ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას, რათა მიექციათ ყურადღება ხარებავას საქმისთვის. ხარებავამ უამბო „გუნდ 29“-ს, რომ მასთან ერთად გაათავისუფლეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც ასევე ჯაშუსობისთვის იყვნენ გასამართლებულნი.
ხარებავა ყვება, რომ ერთერთი მათგანი იყო მისი საკნის მეზობელი კრასნოდარის დროებით იზოლატორში. ეს დაწესებულება, კრასნოდარის საზოგადოებრივი ზედამხედდველობის კომისიის (ОНК ) ყოფილი წევრის - მიხაილ სავვის თანახმად, პირდაპირ ექვემდებარება ФСБ-ს. ზუსტად ამ დაწესებულებაში ელოდებოდა ყველა ეჭვმიტანილი განაჩენს სახელმწიფო ღალატის საქმეზე. ხარებავამ არ დაასახელა სახელი, თუმცა ახსენა, რომ მეორე გათავისუფლებული ქალიც იმავე პერიოდში დააკავეს როგორც ის და გაასამართლეს 2014 წლის ივლისში. ამ აღწერას აკმაყოფილებს მანანა კაპანაძე, რომლის საქმე კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს გადასცეს 2014 წლის 13 მაისს. ხარებავას თქმით, ამ ქალის შემთხვევაშიც საქმე ეხება ნაცნობი ქართველისთვის SMS-ის გაგზავნას. გათავისუფლების შემდეგ, ხარებავა და კაპანაძე დაბრუნდნენ თბილისში.
მესამე გათავისუფლებულს ხარებავა არ იცნობდა. ის მოსკვში დარჩა. სევასტიდიმ იცის მხოლოდ მისი სასჯელის ვადა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ქალბატონი იყო ირინა ალიევა, გასამართლებული 2011 წელს მის ვაჟთან - დავით ალიევთან ერთად, დონის როსტოვში.
ანიკ კესიანი, მარინა ჯანჯღავა და ინგა თუთისანი სასჯელს გამოსასწორებელ კოლონიებში იხდიან. ოკსანა სევასტიდი დაბრუნდა სოჭში. რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა სევასტიდი. გაურკვეველია თუ როგორ შეეძლოთ გამყიდველს, დიასახლისს და გამცილებელს, რომლებსაც საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა არ ქონდათ, გაეცათ სახელმწიფო საიდუმლოება. ივან პავლოვის აზრით, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმეების სპეციალისტია, სამხედრო ტექნიკის დაუფარავი გადაადგილება ვერ იქნება სახელმწიფო საიდუმლო - პასუხისმგებელნი ამ შემთხვევაში უფრო ისინი არიან, ვინც არ უზრუნველყვეს სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საიდუმლოება.
ვლადიმერ კობზევი, რომელმაც მინიმუმ შვიდი განაჩენი გამოიტანა სახელმწიფო ღალატის საქმეებზე, კვლავ კრასნოდარის მხარის მოსამართლეა. რომან ტროიანი გახდა ФСБ-ის კრასნოდარის მხარის საგამოძიებო განყოფილების უფროსი. ლეონიდ კორჟინეკი, რომელიც ხარებავას, ჯანჯღავას და სევასტიდის საქმეებში პროკურატურის ინტერესებს წარმოადგენდა, 2016 წელს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე გახდა.
2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 275-ე და 276-ე მუხლით გაასამართლეს 87 ადამიანი. მათგან 13, 2016 წლის პირველ ნახევარში. 2016 წლის მარტში გამოიტანეს ბოლო განაჩენი, რომელიც 2008 წლის მოვლენებთანაა დაკავშირებული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ყველა მსგავსი საქმე არაა დამთავრებული. უკვე 9 წელია რაც 5 დღიანი ომის შემდეგ „ჯაშუშების“ დაკავების ტალღა არ წყდება.