ბელარუსში პრო-რუსი ჟურნალისტები ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის დააკავეს

27 დეკემბერი 2016 Shadow

ბელარუსში რუსული საინფორმაციო პორტალების ჟურნალისტები დააკავეს, მათ შორის, იური პავლოვეცი, რომელიც სტატიებს საინფორმაციო სააგენტოებისთვის - „Лента.ру“-სა და „Регнум“-სთვის წერდა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალება „სპუტნიკმა“ 8 დეკემბერს გაავრცელა.

გაზეთის „Белорусскийпартизан“-ის ცნობით, პავლოვეცი, რომელიც სტატიებს პოლ იურინცევისა და ნიკოლაი რადოვის ფსევდონიმებით წერდა, 6 დეკემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით იძიებს, რომელიც „რასისტული, ეროვნული თუ რელიგიური შუღლის წახალისებას“ გულისხმობს.

ჟურნალისტი ბრესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, კითხულობს „პოლიტიკის ფილოსოფიისა“ და „ბელარუსის სახელმწიფო იდეოლოგიის“ კურსებს. როგორც უნივერსიტეტში თანამშრომლები და სტუდენტები აცხადებენ, ის ექსტრემისტული გამოსვლებით არ გამოირჩეოდა სამსახურში.

პავლოვეცი მედიაში პოლიტიკის ანალიტიკოსის სტატუსით გამოჩნდა. ის აქტიურად წერდა ბელარუსში ნაციონალისტური იდეების პოპულარობის ზრდაზე. ასევე, მის სტატიებში ბელარუსი რუსეთზე დამოკიდებულ ერთეულად არის წარმოჩენილი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. მაგალითად, მის ერთ-ერთ პუბლიკაციაში - „Как и зачем Россия содержит Белоруссию“, რომელიც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, იურინცევის ფსევდონიმით ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა ბელარუსის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

საქმე ასევე აღძრულია დიმიტრი ალიმკინის მიმართ, რომელიც ალა ბრონის ფსევდონიმით აქვეყნებდა სტატიებს. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ალიმკინი ბრესტის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარაჯად მუშაობდა. საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკისთვის“ საგამოძიებო კომიტეტის მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ:

„საქმის აღძვრის საფუძველი ბელარუსის რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს მიერ მიღებული ინფორმაცია გახდა, სადაც დაკავებული პირები თავიანთ საჯარო პუბლიკაციებში ანტი-სახელმწიფოებრივი, ექსტრემისტული მოსაზრებების წახალისებას ახდენდნენ.“

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეჭვმიტანილებმა ფულადი კომპენსაცია აიღეს „Регнум“-ის წარმომადგენლისგან, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. „გამოძიებას სჯერა, რომ ამ არალეგალური საქმიანობის მთავარი მოტივი მატერიალური სარგებელი იყო“. დანაშაული 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

წყარო:

lenta.ru

news.tut.by