როგორ გამოიმუშავებს ფულს კადიროვი

14 ივლისი 2020 Shadow

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ოფიციალური შემოსავალი წელიწადში 7 მილიონ რუბლს (დაახლოებით $100.000) შეადგენს, თუმცა ცხოვრების სტილიდან და რეალურად არსებული ქონებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მისი და მისი გარემოცვის დანახარჯები შესაძლოა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარსაც შეადგენდეს. ამ ყველაფერს არც თავად კადიროვი მალავს და ხშირად ამაყობს კიდეც არნახული სიმდიდრით. ჟურნალისტების კითხვებზე, თუ საიდან აქვს მას ფული, კადიროვი ყოველთვის პასუხობს - "ალაჰი გვაძლევს".

რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ "პროექტი" (Проект Медиа) აწარმოა გაბედული ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინა, სინამდვილეში როგორ მუშაობს "ალაჰი" და საიდან მოიპოვებენ კადიროვი და ჩეჩნეთის გავლენით მეორე ადამიანი, ადამ დელიმხანოვი უზარმაზარი რაოდენობის სახსრებს.

 

 

გამოძიებით გამოვლინდა კიდევ ერთი გავლენიანი პირი, პაველ კროტოვი, ოფიციალურად რუსეთში გრენადის (პატარა კუნძული-სახელმწიფო კარიბის ზღვაში) საელჩოს სავაჭრო ატაშე (რაც ამ ადამიანს დიპლომატიურ ხელშეუხებლობას ანიჭებს), რომლის გავლითაც კადიროვის ჯიბეში მიედინება ასეულობით მილიონი დოლარი. გამოძიებით ასევე გამოვლინდა ფულის დინების სქემა, რომელშიც გავლენიანი ყაზახი ბიზნესმენი კენეს რაკიშევი (რომელსაც კადიროვი "ძმად" მოიხსენიებს) და სხვა პირები არიან ჩართული. სხვათა შორის, კენეს რაკიშევი ცნობილია იმითაც, რომ 2015 წელს გადაიკვეთა მისი და თბილისელი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის ინტერესები, ამავე წლის 14 დეკემბერს მოხდა გახმაურებული სროლა ერთ-ერთ რესტორანში რაკიშევისა და კალაშოვის დაჯგუფებებს შორის, სადაც მოკვდა 2 და დაიჭრა 4 ადამიანი. ამ საქმეს გაგრძელება უკვე სამართლებრივად მოყვა და 2018 წელს შაქრო კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში (გარდა ამისა მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე საქმის გამოძიება და შესაძლოა კანონიერ ქურდს უვადო პატიმრობა მიესაჯოს).

"პროექტის" გამოძიება კიდევ ერთხელ იმ სისტემას, რომლითაც იმართება თანამედროვე რუსეთი. "პუტინის ერთგული ძაღლი" (როგორც მას სხვადასხვა მედია მოიხსენიებს), რამზან კადიროვი ასეულობით მილიონიანი რესურსების კონტროლისა და განუზომელი გავლენის სანაცვლოდ პერიოდულად იშორებს რეჟიმის მტრებს, ისე როგორც ეს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას და სხვა მრავალი ადამიანის შემთხვევაში მოხდა.