რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ტრადიციულად მასშტაბური აღნიშვნისთვის ემზადებიან. მოსკოვში აღლუმის რეპეტიციების პარალელურად, 9 მაისისთვის სხვადასხვა ქალაქში საზეიმო პლაკატებს აკრავენ. გამონაკლისი არც მოსკოვიდან უკრაინის შუაგზაზე მდებარე ქალაქი კალუგა აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანას დერჟავული სულისკვეთების რამდენიმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ნიმუში შემატა.
კალუგაში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე საცხრამაისოდ გაკრული პლაკატი შესანიშნავად გარითმულ ლოზუნგს დაეთმო: “Сегодня Крым – завтра Рим” (დღეს ყირიმი, ხვალ რომი). უკრაინული თემატიკა ამით არ ამოწურულა: კიდევ ერთ ბანერზე, რომელიც რუსეთის უდიდეს სამხედრო გამარჯვებებს მიეძღვნა, წარსულის დიდი მიღწევების გვერდზე დებალცევოს წლევანდელი აღებაც აღბეჭდეს (დებალცევო ერთ-ერთი ქალაქია აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლისთვისაც გამორჩეულად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა).
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომს, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, რუსეთში წელსაც “დიდ სამამულო ომად” მოიხსენიებენ და ზეიმიც ერთი დღის დაგვიანებით ტარდება – უმეტეს ქვეყანაში ომის დასრულების დღედ აღიარებულია 8 მაისი, როგორც ბერლინში გერმანიის კაპიტულაციაზე ხელმოწერის ფაქტობრივი თარიღი.