თანამედროვე რეპრესიები რუსეთში - „კარაგოდინის გამოძიების“ წინააღმდეგ

17 ივნისი 2021 Shadow

2021 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქე სერგეი მიტიუშოვმა, მოქალაქე დენის კარაგოდინის წინააღმდეგ რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის პოლიციაში სარჩელი შეიტანა, სადაც ის დაადანაშაულა მამის, ალექსი ალექსის ძე მიტიუშოვის, სახელის დისკრედიტაციაში. ეს უკანასკნელი 1930-იან წლებში ნოვოსიბირსკის შინსახკომის თანამშრომელი იყო. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსეთში დაიწყო პროპაგანდისტული ხასიათის, დეზინფორმაციის ელემენტებით გაჯერებული მასშტაბური სახელმწიფოებრივი კამპანია მოქალაქე დენის კარაგოდინის წინააღმდეგ, რისი საბოლოო მიზანია, რომ მისი, როგორც საგამოძიებო ჯგუფის, „კარაგოდინის გამოძიება“ (Расследование Карагодина), ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი რუსული კანონმდებლობის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მუხლების საფუძველზე დადგეს. მომჩივანთა მოთხოვნით, ვებგვერდი Karagodin.org უნდა კვალიფიცირდეს, როგორც  „პერსონალური მონაცემების ოპერატორი“, რომელიც „ცილისმწამებლურ“ ინფორმაციას ავრცელებს.

 

დენის კარაგოდინი

პროექტი - „კარაგოდინის გამოძიება“ - მიზნად ისახავს 1937 წელს რეპრესირებული სტეფანე კარაგოდინის: 

   - ნეშტის/ სამარხის აღმოჩენას;

   - მის დაკავებასა და დახვრეტასთან დაკავშირებული ყველა საარქივო დოკუმენტის მოძიებასა და გავრცელებას;

   - პროცესუალური რიგითობით (რუსეთის ფედერაციის აქტუალურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით) დანაშაულში მონაწილე ყველა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას.

პროექტი 2012 წლიდან დაიწყო ტომსკის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, დენის კარაგოდინმა. მისი დიდი ბაბუა „ხარბინული საქმის“[1] ფიგურანტი იყო. 1881 წელს დაბადებული სტეფანე კარაგოდინი ამურელი გლეხი, სოფელ ვოლკოვოს (ტამბოვის რაიონი) სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე, გაკულაკებული და გადასახლებული 1929 წელს, 1937 წლის 1 დეკემბერს ხელმეორედ დააკავეს ტომსკის შინსახკომის თანამშრომლებმა. იგი დაადანაშაულეს დივერსიულ-ჯაშუშური ჯგუფის ჩამოყალიბებასა და იაპონურ სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაში. 1938 წელს 21 იანვარს  სტეფანე კარაგოდინი ტომსკის №3 ციხეში დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია 1950-იანი წლების ბოლოს  მოხდა. ოჯახს კი აცნობეს, რომ იგი ციხეში გარდაიცვალა.

შუაში: სტეფანე კარაგოდინი

დენის კარაგოდინის მიზანია „ხარბინული საქმის“ დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩაბმული ყველა პიროვნების გამოაშკარავება - დიდი ტერორის კრემლის დამკვეთებიდან ტომსკელ აღმსრულებლებამდე (მანქანის მძღოლებისა და შინსახკომის მბეჭდავი-მემანქანეების ჩათვლით). „გამოძიების ბოლოს შეიქმნება პოსტი სახელით „საბრალდებო დასკვნა“ რომელშიც თავი მოეყრება მკვლელობის გარემოებების სრულ ფაქტობრივ ბაზას. ეს პოსტი ოპტიმიზირდება სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი ფორმალური მიმართვების სერიად და განცხადებები ფორმულირდება იმგვარად, რომ შეუძლებელი იქნება მათი არმიღება. შემდგომ კი მხოლოდ იურიდიული დეტალები და სასარჩელო ტაქტიკა დარჩება. ხანდაზმულობას მნიშვნელობა არა აქვს, იურიდიულად მისთვის გვერდის ავლა მარტივადაა შესაძლებელი. ამიტომ, ჩემი დიდი ბაბუის სიკვდილში დამნაშავეთა დიდი ჯაჭვი იქნება აღიარებული მკვლელად.“ - განაცხადა ინტერვიუში დენის კარაგოდინმა. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მკვლელთა დიდ, თუმცა, ჯერაც არასრულ სიაში მოხსენიებულია უამრავი ადამიანი, მათ შორის:

   - ტომსკის შინსახკომის სამმართველოს ჯალათები, ტომსკის ციხის თანამშრომლები, მათი ხელმძღვანელები ტომსკსა და მოსკოვში, პროკურორები;

   - „ხარბინული საქმის“  ის გამომძიებლები, რომლებიც წარმართავდნენ საქმეებს და გასცემდნენ სანქციებს პიროვნებების დაკავებაზე;  

   - საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა: ეჟოვი, კალინინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, ჩუბარი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, ჟდანოვი და რაც მთავარია - სტალინი.

 

ტომსკის ჯალათები, რომლებმაც მოკლეს სტეფანე კარაგოდინი. მარცხნიდან მარჯვნივ:
ნიკოლაი ზირიანოვი - ტომსკის ციხის უფროსის თანაშემწე; სერგეი დენისოვი - ტომსკის კომენდანტი;
ეკატერინა ნოსკოვა - ტომსკის მე-8 განყოფილების ინსპექტორი.

ამგვარად, დენის კარაგოდინის ღრმა ისტორიული კვლევა-ძიების მიზანია, გაასამართლოს სისხლიანი საბჭოთა სისტემა, რომელმაც მისი დიდი ბაბუა და ასობით ათასი სხვა სავსებით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა, რათა ერთხელ და საბოლოოდ, შესაბამისი სახელი დაერქვას ჩადენილ დანაშაულს. ამისათვის იგი არაერთი წელია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტსა თუ არქივში აგროვებდა დოსიეებს, დოკუმენტებს, ოქმებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მისი დიდი ბაბუის დაკავების, გამოძიების, დახვრეტის საქმეებში. იგი ამ საკითხს განიხილავს როგორც სისხლის სამართლის საქმეს დამამძიმებელი გარემოებებით. მისი მიზანია, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს აწ უკვე გარდაცვლილ დამნაშავეების მთელს პლეადას.

კარაგოდინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ავტორის, სერგეი მიტიუშოვის  მამა - ალექსი მიტიუშოვი - სსრკ შინსახკომის სამმართველოს მე-8 განყოფილების  ინსპექტორი, დენის კარაგოდინის აზრით, მისი ბაბუის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილეა, ვინაიდან მიტიუშოვის ხელმოწერა ფიქსირდება დენის კარაგოდინის დახვრეტის ოქმზე. ბრალდების მხარე (მიტიუშოვი) ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მისი მამის - შინსახკომის საკადრო მუშაკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამავდროულად, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ალექსი მიტიუშოვის ღია პროფილში თავმოყრილი ყველა დოკუმენტი დენის კარაგოდინმა მიიღო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიდან, სამხედრო პროკურატურიდან, თავდაცვის სამინისტროდან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო მუნიციპალური თუ პოლიტიკური უწყებებიდან. შინსახკომელი მიტიუშოვის დოსიეში ნახსენებ ფაქტებს ადასტურებს სახელმწიფო არქივებში დაცული დოკუმენტებიც.

მიმდინარე წლის 13 მარტს დენის კარაგოდინის საქმიანობის წინააღმდეგ კიდევ ერთმა რუსეთის მოქალაქემ იჩივლა და მოითხოვა ვებგვერდი და მისი ხელმძღვანელი ეღიარებინათ „პერსონალური მონაცემების ოპერატორად“, რომლებიც არღვევენ სსრკ შინსახკომის თანამშრომლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. როგორც წინა, ასევე ამ შემთხვევაშიც, განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში დაცული დოკუმენტების უტყუარობას. მიუხედავად ამისა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო აღნიშნული განცხადება და ინფორმაციის სანდოობის შემოწმებას მსვლელობა მისცა და უკვე ორჯერ შეამოწმა დენის კარაგოდინი და მისი ვებგვერდი. 2021 წლის 29 მარტს შემოწმების მასალები გადაეცა რუსეთის ფედერალურ საძიებო კომიტეტს.

გამოძიებამ უკვე ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო. მაგალითად, პროცესით დაინტერესდა წამყვანი ამერიკული ჟურნალი The New Yorker: „ციმბირულ ქალაქ ტომსკში, პიროვნება, რომელიც იკვლევს სტალინური დიდი ტერორის პერიოდში საკუთარი დიდი ბაბუის დახვრეტის გარემოებებს, ბრალდებულ იქნა ცილისწამებაში საკუთარი ბაბუის აწ გარდაცვლილი ჯალათის შვილის მიერ. თუ პიროვნება, რომლის სახელიც თითქოსდა ჩირქმოცხებულია დიდი ხნის წინაა გარდაცვლილი, დიფამაციის ცნება, როგორც იურიდიული საკითხი აბსურდულია... მაგრამ ის მოიცავს მეხსიერების დაპირისპირების მარცვალს: თანამედროვე თაობა წინაპრების დანაშაულებრივ ქმედებებში თავს გრძნობს თანამონაწილედ სწორედაც იმიტომ, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა... წარსულის პოლიტიკაა.“

თანამედროვე რუსულ რეალობაში მასობრივი რეპრესიების აღიარება საზოგადოების ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი ჯალათების შთამომავლისათვის მიუღებელია: ფორმალურად ჯალათებს არავითარი პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებიათ. სტალინურ რეპრესიებში მონაწილე ჯალათების უმრავლესობა არ დასჯილა სათანადოდ და შთამომავლების მეხსიერებაში უამრავი მათგანი პატივცემულ ადამიანად, ხშირ შემთხვევაში - მეორე მსოფლიო ომის გმირად შემორჩა. 

რეპრესიების კვლევა და რეპრესირებულთა თანადგომის საკითხი არც საქართველოს სახელმწიფოსთვის წარმოადგენს პრიორიტეტს:

   - მასობრივი რეპრესიების და საბჭოთა სისტემის დანაშაულების კვლევისთვის აუცილებელია სახელმწიფო არქივების მაქსიმალური ღიაობა - საქართველოს სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგი კი საგრძნობლად ჩამოუვარდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფო არქივების ღიაობას. წამყვანი დასავლური ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს არქივებში არ არის დაშვებული საკუთარი ფოტოკამერის გამოყენება, ხოლო ერთი გვერდის ასლის გადაღება - 3 ლარი ღირს - რაც ისტორიკოსებისთვის კვლევას ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის;

   - სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის ყველაზე დაბალი, თვეში 7 ლარიანი, დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად) ეძლევათ სწორედ რეპრესირებულებს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საზოგადოება „მემორიალის“ არაერთი მიმართვის და წამოწყებული კამპანიის მიუხედავად საქართველოს მთავრობა დახმარების გაზრდაზე უარს აცხადებს;

   - ორი წლის მანძილზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, მასობრივი დახვრეტის ადგილას აღმოჩენილი დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტის დაკრძალვის, სამარხების აღმოჩენის ადგილას მემორიალური კომპლექსის აგებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამავდროულად, ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში, რეპრესირებულთა საკითხი მაღალ დონეზე რეგულირდება: სახელმწიფო არქივები ღიაა, ხოლო სახელმწიფოებისთვის ისევე როგორც მსხვერპლთა თანადგომის, ასევე რეპრესიების შესახებ საარქივო და სხვა ტიპის კვლევები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხები პრიორიტეტულია.

 

[1] 1937-1938 წლებში რუსეთში ალთაის მხარის შინსახკომის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი მასობრივი რეპრესიები, რომელიც მიმართული იყო იმ რუსი ეროვნების თანამოქალაქეების მიმართ, რომელიც თაობების მანძილზე ცხოვრობდნენ რუსეთის საზღვართან ახლომდებარე ჩინურ ქალაქ ხარბინში. წყარო: http://1937god.info/taxonomy/term/246