წყარო: interpressnews.ge
რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე უარს არ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან გარკვეულ პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „სპუტნიკ ბელორუსიასთან“ ინტერვიუში აკეთებს.
„საქართველო ჯერ კიდევ დაჟინებით მოითხოვს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას გადავხედოთ. ეს დღეს რეალური არ არის და არც არასდროს იქნება. ჩვენ ამას ვუწოდებთ რეგიონში ახალ რეალობას, “ - აღნიშნავს კარასინი.
საგარეო უწყების წარმომადგენელი ხაზგასმით დასძენს იმასაც, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა და „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა საჭირო არ არის.“
გარდა ამისა, დიპლომატი აღნიშნავს, რომ „რუსეთი სამხრეთ ოსეთს ჯერ დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმარა, შემდეგ კი ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო, რასაც თბილისის მხრიდან „გაბოროტებული და ღიად ანტირუსული რიტორიკა მოჰყვა“.
„2012 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფიქრი დაიწყო,“ - განმარტავს კარასინი.
დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ მხარეები სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციაზე წავიდნენ.
„მიღებული გადაწყვეტილების არსი ის არის, რომ ნებისმიერ რუსს საქართველოს მოქალაქის დაპატიჟება რაიმე სახის გართულების გარეშე შეუძლია, პროფესიისა და ნათესაობის ხარისხის მიუხედავად. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვიმყოფებით,“- განმარტავს კარასინი.
საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი კმაყოფილია ჰუმანიტარული კონტაქტების გამოსწორების ხარისხით. მისივე განმარტებით, რუსეთი საქართველოსთვის 5 ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთა რიცხვში შევიდა, რუსეთის ბაზარი კი ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტზე ჯერ არაფერი დაუწერია ქართულ სპუტნიკს.