კიდევ ერთხელ რუსულ ოკუპაციასა და XI  არმიაზე

22 ივლისი 2015 Shadow

 ავტორი: ლია კერესელიძე

 გამოქვეყნდა ჟურნალ "საარქივო მოამბეში"

 

,,ტოტალიტარული რეჟიმის მორჩილნი... ზედმეტ გულმოდგინებას, ინიციატივასაც კი ვიჩენდით საქართველოს გასაბჭოების ისტორიის გაყალბებაში, პოლიტიკა ხელს უშლიდა ისტორიას, გადაქცეულიყო ნამდვილ ისტორიად...

...გვჯერა, გონიერება გაიმარჯვებს, ყალბადქცეული ინტერნაციონალიზმის ტყვეობაში მყოფი მთავრობის დანაშაული დაგმობილი იქნება. ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ რუსი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში ახალი 25 თებერვალი აღარ გათენდეს!“

 1918 წ. 26 მაისი _ საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად;

1920 წ. 7 მაისი _ რუსეთ-საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება. რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა აზრადაც არ მოსვლია საქართველოს, როგორც ყველაზე გემრიელი ლუკმის ხელიდან გაშვება;

1921 წ. 12 თებერვალი _ XI არმიამ  ლორედან შეუტია საქართველოს, სტეპანიანმა და მისმა კაცებმა შაგალის ხიდთან წინასწარ სპეციალურად გახსნილ სამიკიტნოებში დაათვრეს გამარჯვებული ქართველი ჯარისკაცები და მძინარენი ჩაიგდეს ხელთ.

1921 წ. 13 თებერვალი _ ქართველები მედგრად იბრძოდნენ ვორონცოვკის და სადახლოს სამხრეთით...

1921 წ. 18 თებერვალი _ წითელმა არმიამ იერიში მიიტანა თბილისის მისადგომებსა და მეხადირთან _ საქართველო-საბჭოთა რუსეთის საზღვარზე;

1921 წ. 19 თებერვალი _ გააფთრებული ბრძოლა თბილისთან მთელი ღამე გაგრძელდა. დამარცხებულმა XI არმიამ უწესრიგოდ დაიხია უკან. ქართველებმა ხელთ იგდეს 1000 ტყვე;

1921 წ. 20 თებერვალი _ ბრძოლები გაგრძელდა გაგრის რაიონში, მეხადირთან, კოჯორთან კი ჩვენებმა ნადავლი _ ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები  მოიპოვეს;

1921 წ. 21 თებერვალი _ ახალი ძალებით მოძლიერებულმა XI არმიამ ორჯერ შემოუტია ქართულ ნაწილებს კოჯორში. ორივე შეტევა მოიგერიეს ხელსასროლი გრანატებითა და ხიშტებით. დილის 8 საათზე მტერმა უკან დახევა დაიწყო. პარალელურად რუსეთმა გააგრძელა შეტევა ადლერის მხრიდან;

1921 წ. 22 თებერვალი _ ქართულმა ჯარმა დაიკავა კუმისი და წალასყური. ხელთ ჩაიგდეს 8 ტყვიამფრქვევი, 3 ოფიცერი, 53 წითელარმიელი. შეიქმნა გლეხთა პარტიზანული დაჯგუფებები;

1921 წ. 23 თებერვალი _ თბილისთან სიწყნარე იყო. საღამოს მტერმა დაიწყო შეტევა საგარეჯოზე.  გლეხები პარტიზანულად იბრძოდნენ. დარიალში მტერი უკუაგდეს. გაგრაში წითელარმიელები გააქტიურდნენ;

1921 წ. 24 თებერვალი _ ქართველების მთავარ შტაბში თავყრილობა იყო. ესწრებოდნენ: მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე, შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი გედევანიშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია, მისი ადიუტანტი კოტე იმნაძე, გენერალი ჯიჯიხია (ვაზიანის ფრონტი). ამ უკანასკნელმა პატაკი გადასცა მთავარსარდალს, ბოლშევიკები უკუაგდესო, გენ. კვინიტაძემ კი ხელი ჩაიქნია და თქვა: ,,Всеравно…Я отступаю~ და დაასაბუთა  თავისი გადაწყვეტილების სისწორე. ყველას თავზარი დაეცა. გენერალი ოდიშელიძე შეეწინააღმდეგა: _ ,,უმჯობესია, თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთო~, მაგრამ მთავარსარდალს მაინც ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც. მან დამფუძნებელ კრებას აუწყა ქართული ჯარის უკან დახევისა  და თბილისის დატოვების აუცილებლობა და რომ უკან დახევა დაიწყებოდა ღამის 12 საათზე... ჩოჩქოლში ვეშაპელმა იკითხა, ვისი ინიციატივით მოქმედებდნენ ასე, 

,,_ ასეთია მთავარსარდლის ურყევი გადაწყვეტილება, თუ ეს არ მოგწონთ, მას გადავაყენებ და თქვენ დაგნიშნავთ... ან სხვა ვინმეს, ვისაც ინებებთ...“- იყო ჟორდანიას პასუხი.

1921 წ. 17 მარტი _ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა;44

1921 წ. მარტი _ წითელმა არმიამ  მთელი საქართველო დაიპყრო;

რამდენიმე დღით უკან დავბრუნდეთ:

1921 წ. 25 თებერვალი _ საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. მას ჰყავდა ქართული მთავრობა.

1922 წლის მარტში მიიღეს კონსტიტუცია. სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. ფუნქციონირებდა ქართული ფულიც. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1921 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით ცნო საბჭოთა რუსეთმა. მართალია, ფორმალურად, იურიდიულად საქართველო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობის სტატუსს, მაგრამ რეალური ვითარება სხვაგვარი იყო.

რაც მთავარია, საბჭოთა რუსეთის წითელი არმია საქართველოდან არ გაუყვანიათ, ეს  კი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. საკმარისია ვთქვათ, რომ რუსული ჯარის მომხრე იმდროინდელ საქართველოს კომუნისტურ პარტიაში 20000-მდე კომუნისტი მოღვაწეობდა, მაშინ, როცა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში 80000 კაცი იყო  გაწევრიანებული.

წითელი არმია საქართველოში ლენინის მოთხოვნით დარჩა, რადგან გაღატაკებულ, ბრძოლებისგან დაუძლურებულ აზერბაიჯანს მისი მიღება აღარ შეეძლო. ბელადმა ორჯერ, 1921 წლის 29 და 30 მარტს მოსწერა ორჯონიკიძეს: ,,სრულიად შეუძლებელია XI არმიის დაბრუნება დამშეულ და გაძარცვულ აზერბაიჯანში. მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა ეს არმია დატოვებულ იქნეს საქართველოში~...

ლენინის ბრძანებას წინ ვინ აღუდგებოდა და, რაღა თქმა უნდა, დარჩა XI არმია მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოში... დარჩა და... რეპრესიებიც დაიწყო...

თუკი ვინმეს სამშობლოს ბედი ადარდებდა, თუკი ვინმე ოდესმე მენშევიკურ მთავრობას ემსახურებოდა, ან, უბრალოდ, გულშემატკივრობდა, ვერავინ გადაურჩა ანგარიშსწორებას! უმოწყალოდ ხვრეტდნენ ყველას, ვინც თვალში არ მოუდიოდა მომხდურს. რა თქმა უნდა, ძირითადი დარტყმა გენოფონდმა _ ახალგაზრდა თავადაზნაურობამ მიიღო:

  • ნიკოლოზ მიხეილის ძე მინგრელსკი, 43 წლის, თავადი; 

  • ქტისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი, 28 წლის, თავადი; 

  • მიხეილ ალექსანდრეს ძე ჩიკვაიძე, 26 წლის, თავადი; 

  • ნახარბეი კაზილბეკის ძე მარშანია, 45 წლის, თავადი;

  • ანტონ ივანეს ძე, ჩხეიძე, 28 წლის, თავადი; 

  • ვლადიმერ Lლუკას ძე მაჭავარიანი, 34 წლის, თავადი; 

  • პეტრე მიხეილის ძე ფავლენიშვილი, 42 წლის, თავადი; 

  • დიმიტრი დავითის ძე ბეჟანიშვილი, 36 წლის, თავადი; 

  • ივანე ლაზარეს ძე ჭალაგანიძე, 27 წლის, თავადი; 

  • დიმიტრი დავითის ძე ალშიბაია, 23 წლის, აზნაური; 

  • ვლადიმერ გუგუშვილი, 38 წლის, თავადი;

  • რევაზ გიორგის ძე გიგინეიშვილი, 23 წლის, თავადი;

  • ნიკოლოზ ფარსადანის ძე წერეთელი, 28 წლის, თავადი; 

  • გიორგი მიხეილის ძე ავალიანი, 27 წლის, თავადი; 

  • დავით მელქისედეკის ძე მიქელაძე,E 28 წლის, თავადი; 

  • ნიკოლოზ მიხეილის ძე  წულუკიძე, 23 წლის, თავადი; 

 აი, ეს გახლავთ უმცირესი ჩამონათვალი იმ უდიდესი მსხვერპლიდან, რომელიც XI არმიის შემოსვლას მოჰყვა საქართველოში.

27 წლის მარტვილელი თავადი, ივანე ლაზარეს ძე ჭალაგანიძე 1921 წლის 14 აპრილს  დაიჭირეს, გაუხსენეს და ბრალად წაუყენეს 1918 წლის დროინდელი ამბავი _ ალექსანდრეს ბაღში შეკრებილი კომუნისტების დარბევა და განსაკუთრებული განყოფილების უფროსის, კედიას საიდუმლო აგენტობა. თუმცა მისი ბიძა,  მე-9 უბნის კომისარიატის საქმეთა მწარმოებელი რაჟდენ ჭალაგანიძე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარისადმი მიმართულ განცხადებაში თავის ძმიშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს: ,,...გუშინ მოსულან ჩეკიდან, მოუხთენიათ ჩხრეკა, ვერ უპოვნიათ არას ფერი გარდა საფშვიტინებელის და რევოლვერის ჩამოსაკიდი ზონარისა, მაგრამ მაინც დაუჭერიათ და წაუყვანიათ ჩეკაში ისევ როგორც კონტრრევოლუციონერი.

შემიძლია დაგარწმუნო ბ-ნო კომისარო, რომ ის არ არის არც ერთი პარტიის, არც კი ესმის თუ რა არის პარტია, არც კონტრრევოლუციონერია და არც შეუძლია მიაყენოს რომელიმე პარტიას, მით უმეტეს საბჭოთა მთავრობას რაიმე მავნებლობა. მას იჭერენ მხოლოდ და მხოლოდ ჯიბგირების, ქურდების, რომელთაც ის იჭერდა, დაბეზღებით...

გიცხადებთ რა ამას, უმორჩილესად გთხოვთ, ბ. კომისარო, მოახდინოთ განკარგულება, რათა საქმის გამოძიებამდე, მე, როგორც თანამშრომელს რწმუნებულ თქვენდამი კომისარიატისა, მომცეთ თავმდებლობით იმ პირობით რომ, თუ ის გამტყუნდება რაიმე საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებაში, წარმოვადგენ პირველ მოთხოვნილებისამებრ“  (სტილი დაცულია).

ივანე ჭალაგანიძეს დაუმტკიცეს დანაშაული. დასკვნით დადგენილებაში ვკითხულობთ: ,,კონტრრევოლუციონერობა ჩაეთვალოს დამტკიცებულად. ეკუთვნის დახვრეტა, მაგრამ ამნისტიის გამო მიესაჯოს საქართველოდან გაძევება...“  (სტილი დაცულია).   

სწორედ ზემოხსენებული ამნისტიისა (იგულისხმება 1921 წლის 25 თებერვლის ამნისტია) და საქართველოს რევკომსა და დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1921 წ. 18 მარტს დადებული ხელშეკრულების, როგორც უსაფრთხოების გარანტის, იმედი ჰქონდათ საქართველოში დარჩენილ ძველ სახელმწიფო მოხელეებს, მაგრამ ამაოდ... ციხეები გაივსო პატიმრებით...

შსს არქივში დაცულია მეტეხის ციხის პატიმართა მიმართვა საქართველოს რევკომის თავმჯდომარისადმი, დათარიღებული 1921 წ. 12 ივლისით. დოკუმენტი იმდენად ობიექტურად ასახავს იმდროინდელ ვითარებას, გადავწყვიტეთ, რომ თითქმის სრული სახით შემოგთავაზოთ:

                     

 

 ,,საქართველოს რევკომის თავმჯდომარეს,

 ასლი იუსტიციის სახალხო  კ ო მ ი ს ა რ ს

ამა წლის თებერვლის 25 და მარტის 18 განმავლობაში საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და ამ გვარათ შეიცვალა ჩვენი ცხოვრების  სახელმწიფო და საზოგადოებრივი ურთი ერთობა. საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამებოდა უწინ არსებული ხელის უფლება ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს, პოლიტიკური ხასიათისაა და არ შეადგენს ჩვენი განცხადების საგანს. მაგრამ ჩვენთვის უდავოა ის გარემოება, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც სამი წელიწადი იარსება, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ცნობილმა არა მარტო თავისი ხალხისა და მეზობლებისა, არამედ დიდ უცხო სახელმწიფოთა მიერაც, რომელთა შორის რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაც იყო, უნდა ქონოდა თავისი სახელმწიფოებრივი აპარატიც, რომელიც არსებობდა და მოქმედებდა მაშინდელ კანონების თანახმად. ეჭვს გარეშეა, ეს აპარატი უნდა ყოფილიყო ცხოვრებაში გამტარებელი ყველა იმ განკარგულება-დადგენილებათა, რომელსაც სახელმწიფოს მაშინდელი ხელისუფლება სცემდა. და თუ ხშირათ ამ ტეხნიკურ აპარატის საშვალებით ცხოვრებაში ტარდებოდა ისეთი ზომები, რომლებიც ზოგჯერ მიმართული იყო იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროს ეწინააღმდეგებოდა არსებულ წეს-წყობილებას, ეს გარემოება არამც და არამც არ უნდა ჩათვლოდა დანაშაულათ იმ პირებს, ვინც მხოლოდ აღმასრულებელი ძალა იყო და პირდაპირ მონაწილეობას პოლიტიკურ ბრძოლაში არ იღებდა. და სწორედ ეს მოსაზრება ქონდათ მხედველობაში თებერვლის 25 ამნისტიას და იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო ამა წლის მარტის 18 საქართველოს რევკომსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას შორის და რომლის ერთი მთავარი მუხლთაგანიც იყო სრული ამნისტია ყველა იმ საქმეებთა გამო, რომელიც გამოწვეული იქნებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის არსებობის დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით, ან სხვა და სხვა სახელმწიფოებრივ  თანამდებობათა აღსრულებით. შემდეგ, თუმცა ხსენებული ხელშეკრულება გაუქმებული იქმნა საქართველოს რევკომის მიერ, მაგრამ მუხლი ამნისტიის შესახებ ხელუხლებელი დარჩა. ამნაირათ, ძველი საქმეები არ უნდა დადებოდა სარჩულათ საქართველოს ახალი ხელისუფლების ამა თუ იმ უწყების მიერ ბრალდების წამოყენებას და პასუხის გებაში მიცემას. საუბედუროდ, სინამდვილეში კი ეს ჩვენს მიმართ არ ხორციელდება. არ გასულა ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ერთი თვეც, რომ დაიწყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ყოფილ მოსამსახურეთა დაპატიმრება, რამაც თანდათან მასიური ხასიათი მიიღო. ეს დაპატიმრება ზოგჯერ უბრალო შურის ძიებით და ზოგჯერ უსახელო დაბეზღებით არის გამოწვეული. ამ პატიმრებს არავითარი ახალი საქმეები არა აქვთ ჩადენილი. ბრალდება ეხება მხოლოდ  წარმათს მოქმედებას, რომელიც ამნისტიის ძალით სრულიად დავიწყებული უნდა ყოფილიყო. ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნიც ვეკუთვნით სწორედ პატიმართა ამ კატეგორიას. ჩვენი დანაშაული გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ვემსახურებოდით ჩვენს სამშობლოს იმ კანონების ფარგლებში, რომლებიც შემოიღო  ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა  დამფუძნებელმა კრებამ და იმ მთავრობის დროს, რომელიც ამავე კრებამ წამოაყენა, საილუსტრაციოთ რამდენიმე მაგალითს აქვე მოგახსენებთ:

1) პატიმარნი ივანე დვალიშვილი, გიორგი ლომსაძე, ალექსანდრე იკაშვილი და სოსო ფარეზაშვილი მსახურობდნენ ხაშურის გვარდიაში. ამათ აბრალებენ ორ მილიციელის, კორკოტაძის და ჩადუნელის დახვრეტას. ნამდვილათ კორკოტაძე და ჩადუნელი დაიხვრიტნენ სასამართლო განჩენის თანახმად ხაშურის რაიონში აჯანყებაში მონაწილეობისთვის 1919 წ. შემოდგომაზე.

2) პატიმარი ეპიფანე მეგრელიშვილი, ნიკოლოზ ბუთხუზი და ნიკოლოზ ანდრუშინი მსახურობდნენ თბილისის საპყრობილეებში. მათ ბრალდებათ სახალხო ქონების გაფლანგვა. ნამდვილად კი ის ქონება, რომელიც მათ ებარა, გაზიდულ იქნა მთავრობის ბრძანების თანახმად თბილისის ევაკუაციის დროს.

3) პატიმართ გიორგი აღნიაშვილს და ვალერიან ბექაიას ბრალდება მხოლოდ საგანგებო რაზმში სამსახური და ვადაჭკორიას კი _ გენერალურ შტაბის კონტრ-დაზვერვის განყოფილებაში.

4) ალექსანდრე სარჯველაძეს, რომელიც მსახურობდა დუშეთის რაიონში მილიციის უფროსათ, აბრალებენ კომუნისტების დაპატიმრებას...

...ამნაირათ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაპატიმრება და შემდეგ პასუხის გებაში მიცემაც სრულიად ეწინააღმდეგება, როგორც საქმის ნამდვილ ვითარებას, ისე საქართველოს რევკომის მიერ გამოცხადებულ ამნისტიას და გამოწვეულია რაღაც გაუგებრობით.

ჩვენ კი თითქმის ყველა წვრილი ცოლ-შვილის პატრონი ვართ და მოკლებულნი რაიმე ქონებას ან სხვა მატერიალურს საშვალებას. ერთად ერთს ჩვენს არსებობის წყაროს შეადგენს ჩვენი პირადი შრომა და ეხლა ჩვენც და ჩვენი ოჯახობაც ცალ-ცალკე განვიცდით სრულიად უდანაშაულოთ უკიდურეს გაჭივრებას, გარდა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი დასჯილია კიდევ როგორც მორალულათ, ისე ფიზიკურათ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ჩვენი მდგომარეობა არავისთვის არ უნდა იყოს სასურველი და ვერავის ვერაფელს შემატებს.

ამიტომ, გთხოვთ გასცეთ სათანადო განკარგულება ვისაც ჯერ არს, გადასინჯულ იქნას ყველა ამ გვარი საქმეები და ჩვენ ასეთს სატანჯველსაც ბოლო მოეღოს ჩვენი სრული განთავისუფლებით.

 12 ივლისი   1921 წელი

                           მეტეხის ციხე"

                                                      (სტილი დაცულია)

 

ამ დოკუმენტს ხელს აწერს 28 პატიმარი (ბევრი მათგანის საქმე შსს არქივში ინახება).


beqaia1921 წ. 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული იძულებითი სამუშაოს მთავარმა სამმართველომ ,,გაითვალისწინა~ პატიმართა თხოვნა და ისინი გადაანაწილა სხვადასხვა ,,გამასწორებელ სახლში~ იძულებით სამუშაოზე, მაგრამ ეს სამუშაო გაუსაძლისი იყო. მოგვყავს ნაწყვეტი #1 ,,გამასწორებელი სახლის" პატიმრის, ვალერიან ექვთიმეს ძე ბექაიას განცხადებიდან, რომელიც მისწერა საქართველოს სსრ მუშათა,  გლეხთა და წითელარმიელთა თავმჯდომარეს და საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს:

,,განცხადებით მე მინდა უკანასკნელათ მოგმართოთ თქვენ უმაღლეს ხელისუფლების მატარებელთ, რათა მეც, როგორც მოქალაქეს, მეცნობოს რათ და რისთვის ან და რა კონკრეტიული დანაშაულისთვის მომაქვს ეს მძიმე ჯვარი... როგორც წინასწარი დაკითხვიდან გამოვარკვიე მე ბრალი მედება ,,მენშევიკების დროს განსაკუთრებულ რაზმში სამსახური~. ამ უკანასკნელს არ ვუარყოფდი და ეხლაც ვლაპარაკობ... მე დავყავი რაზმში 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდის 1920 წელს. გამოძიების დროს მე ეს სუყველაფერი აღვნიშნე, და აღვნიშნე ისიც, რომ #1 დეკრატის ძალით მე არ უნდა ვიყვე დაპატიმრებული, მაგრამ არც ამან დამიფარა, და საქართველოს საგანგებო კომისიამ 12 ივლისის დადგენილებით მომისაჯა  ხუთი წლის იძულებითი მუშაობა. გასამართლებელ საბუთათ მე პატიმარმა რა უნდა ვიხმარო, გაცნობებთ, რომ მე თუ რაიმე დანაშაული მქონებოდა წარსულში მე დროც მქონდა და სახსარიც წავსულიყავი საზღვარ გარეთ და ამით ჩემი თავი დანაშაულათ მეცნო... გამასწორებელ სახლებში მოთავსებამ, გარდა იმისა, რომ მე მატერიალურათ სრულებით გამანადგურა, ფიზიკურათაც ისეთი გამხადა, რომ ჩემი სიცოცხლე მოწამლულია, გარდა იმისა რომ მე სულით დავარდი, ფიზიკურათაც ავად ვარ და რასაც თქვენ იხელთ ზედდართულ მოწმობებში და მე მგონია, რომ ხელის უფლების სასარგებლოც არ არის ნახევარ კაცის პატიმრობაში ყოფნა. ამისათვის გთხოვთ გამათავისუფლოთ..." (სტილი დაცულია).

  ბექაიას თხოვნა გათავისუფლების შესახებ რამდენჯერმე განიხილეს.              

 ,,_Амнистию не применять,“ _ იყო პასუხი. გამოვიდა თუ არა ბექაია ცოცხალი ციხიდან, უცნობია...