20 აგვისტოს, რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე მოწამვლის ნიშნებით. მოგვიანებით იგი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ნავალნი საყოველთაოდ ცნობილი რუსული საწამლავით, ნერვული აგენტით - „ნოვიჩოკი“ არის მოწამლული. თავად ნავალნი დღემდე კომაშია. მისი საავადმყოფოში გადაყვანის დღიდანვე კი გაჩნდა ეჭვები და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციის ლიდერის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლების ანუ პუტინის რეჟიმის ხელი ურევია. ამიტომაც, გერმანული ექსპერტიზის დასკვნას საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა რიგი დასავლური სახელმწიფოების მხრიდან. ამგვარი ეჭვების საფუძველი დიდწილად წარსული გამოცდილება და პუტინის რეჟიმის მიერ უახლეს წარსულში მოკლული და მოწამლული ოპონენტების ვრცელი სიაა.
ალექსანდრ ლიტვინენკო
მოწამვლებს შორის ყველაზე გახმაურებული იყო ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმე. იგი იყო რუსეთის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, 1988-1999 წლებში КГБ-ს და ФСБ-ს თანამშრომელი, რომელმაც 2000 წელს, დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და სიცოცხლის ბოლო წლებში პუტინის რეჟიმის აქტიური კრიტიკით გამოირჩეოდა, დაწერა რამდენიმე წიგნი და რუსეთის სპეცსამსახურები გახმაურებული საქმეების ინსცენირებაში, მათ შორის 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში ამხილა. მართალია მან რუსეთი სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე დატოვა, მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი ლიკვიდაცია მაინც მოახერხეს. ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ლიტვინენკომ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში. იგი რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრიტანული გამოძიების დასკვნითვე, ეს დიდი ალბათობით იყო რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურისა და პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა.
ბორის ნემცოვი
ბორის ნემცოვი ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს იყო პრემიერ მინისტრის მოადგილე, რომელიც შემდგომ პუტინის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. ნემცოვი რუსული ოპოზიციის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელიც პუტინს ოლიგარქებთან გარიგებაში ადანაშაულებდა, ასევე, აქტიურად საუბრობდა პუტინის დანაშაულებზე, მაგალითად, ბესლანის ტრაგედიის დროს. ბორის ნემცოვი კრემლთან ახლოს ოთხი გასროლით მოკლეს, როდესაც იგი რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის განცხადებით, მან „პირადი კონტროლი“ აიღო ნემცოვის საქმეზე, დამნაშავე დღემდე არ დასჯილა.
ანა პოლიტკოვსკაია
ანა პოლიტკოვსკაია იყო რუსი ჟურნალისტი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა პუტინის ხელისუფლებას და მას ადანაშაულებდა ქვეყანაში „პოლიციური რეჟიმის“ შექმნაში. იგი, ასევე, აშუქებდა ჩეჩნეთის ომსა და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ამ მხრივაც, პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულობით გამოირჩეოდა. 2006 წლის 7 ოქტომბერს იგი მოკლული იპოვეს ლიფტში. ცხედართან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი. მის მკვლელობაში ხუთი ადამიანი ცნეს დამნაშავედ, თუმცა მოსამართლემ დაასკვნა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და შემკვეთის იდენტიფიცირება „ვერ მოხერხდა“.
ნატალია ესტემიროვა
ნატალია ესტემიროვაც იყო ჟურნალისტი, რომელიც ხშირად მუშაობდა ანა პოლიტკოვსკაიასთან ერთად. იგი აშუქებდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს. ესტემიროვა მისი სახლის სიახლოვეს გაიტაცეს და მოგვიანებით შუბლში ნასროლი ტყვიით ტყეში მოკლული იპოვეს. მისი მკვლელობისთვის დღემდე არავინ გასამართლებულა.
სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა
სტანისლავ მარკელოვი იყო ადვოკატი და ადამიანის უფლებების დამცველი, რომელიც პოლიტკოვსკაიას და პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სხვა ჟურნალისტებს წარმოადგენდა. იგი შენიღბულმა პირმა გასროლით მოკლა კრემლთან ახლოს. ანასტასია ბაბუროვა კი იყო ჟურნალისტი, რომელიც მარკელოვთან ერთად იყო მომხდარის დროს. ბაბუროვა მის გადარჩენას შეეცადა, რა დროსაც ისიც მოკლეს.
ბორის ბერეზოვსკი
ბორის ბერეზოვსკი იყო რუსი ოლიგარქი, რომელიც ბრიტანეთში გაიქცა მას შემდეგ, რაც პუტინთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ბრიტანეთში ყოფნის დროს, იგი იმუქრებოდა, რომ პუტინს ძალის გამოყენებით წაართმევდა ძალაუფლებას. ბერეზოვსკი ბექშირში, საკუთარი სახლის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს. მას ყელზე შარფის ნაგლეჯი ჰქონდა შემოხვეული, რაც თვითმკვლელობაზე მიუთითებდა. გამოძიებამ ვერ დაადგინა, ბერეზოვკსი მოკლეს თუ თავი მოიკლა.
სერგეი მაგნიტსკი
37 წლის რუსი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ისე რომ სასამართლოს მისთვის გამამტყუნებელი განაჩენი არც კი გამოუტანია. იგი საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Firestone Duncan-ის საგადასახადო განყოფილების უფროსი იყო, როდესაც რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციების გამოაშკარავებაზე განაცხადა. მცირე ხნის შემდეგ იგი დააპატიმრეს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გადასახადების დამალვაში ხელშეწყობის მოტივით. 2009 წლის 16 ნოემბერს, მაგნიტსკის წინასწარი დაპატიმრების იზოლატორში 7 დღე რჩებოდა, რა დროსაც იგი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში. ოჯახს განუცხადეს, რომ მიზეზი იყო გულის უკმარისობა, რისიც იურისტის ახლობლებს არ სჯეროდათ. პენიტენციურმა სისტემამ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნაზე უარი განაცხადა, ასევე ახლობლები ექსპერტებს ადანაშაულებდნენ საქმის გაყალბებაში და გარდაცვლილის ორგანოების განადგურებაში. ამ საქმეზე რუსეთში პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
2012 წლიდან, აშშ-ს, ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ ძალაში შევიდა ე.წ. "მაგნიტსკის აქტი", რომელიც ითვალისწინებს იმ მაღალჩინოსნების სანქცირებას, რომლებიც გამიზნულად ეწეოდნენ ადამიანის უფლებების დარღვევას.
პაულ კლებნიკოვი
პაულ კლებნიკოვი იყო რუსული Forbes-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც აქტიურად წერდა მდიდარი რუსების კორუფციულ გარიგებებსა და ნარკოდანაშაულებზე. იგი მანქანიდან გასროლით მოკლეს.
სერგეი იუშენკოვი
სერგეი იუშენკოვი იყო რუსი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დაბომბვაში დამნაშავე რუსეთის ხელისუფლება იყო. სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა მის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაცია „ლიბერალური რუსეთი“, იგი ერთი გასროლით მოკლეს.
მიხაილ ლესინი
მიხაილ ლესინი იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე, პრესის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი და გაზპრომ-მედიას ყოფილი ხელმძღვანელი. ლესინმა დააარსა ინგლისურენოვანი ტელევიზია Russia Today, რომელიც დღესდღეობით რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ლესინი 2015 წელს, თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს ვაშინგტონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, იგი რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო, რომელიც უამრავ ინფორმაციას ფლობდა რუს მაღალჩინოსნებზე. როგორც The Daily Beast წერდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი FBI-სთან შეთანხმების გაფორმებას აპირებდა, რათა იგი დაეცვათ მის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებებისგან.
ვიქტორ იუშჩენკო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო 2004 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დოქსინის სასიკვდილო დოზით მოწამლეს. იუშჩენკოს გადარჩენა მოხერხდა, თუმცა საწამლავმა მის სახეზე მაინც დატოვა კვალი. მართალია, მისი მოწამვლის საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უკრაინის 2004 წლის არჩევნებში რუსეთის იუშჩენკოს მეტოქეს, ვიქტორ იანუკოვიჩს უჭერდა მხარს. სწორედ არჩევნების გაყალბებას და იანუკოვიჩის გამარჯვებას მოჰყვა უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო გახდა.
ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერია, რომელიც მხარს უჭერდა მაგნიტსკის სიის ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას. კარა-მურზა ორჯერ მოწამლეს და ორჯერვე გადარჩა. პირველად იგი 2015 წელს მოწამლეს. იგი შეხვედრაზე იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ძლიერი მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. მეორედ კი მას იგივე სიმპტომები გაუმეორდა 2017 წელს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი რეაბილიტაციისთვის საზღვარგარეთ გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ საწამლავის სახეობა დღემდე არაა იდენტიფიცირებული, თუმცა ექიმებმა მის სისხლში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.
სერგეი და იულია სკრიპალები
სერგეი სკრიპალი ყოფილი რუსი აგენტია, რომელიც ასევე მუშაობდა ბრიტანული დაზვერვისთვის. 2004 წელს იგი რუსეთში დააკავეს სახელმწიფო ღალატისთვის და 13 წელი მიუსაჯეს, თუმცა 2010 წელს დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა დაკავებული აგენტები გაცვალეს და იგი ამგვარად აღმოჩნდა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეობაც მიიღო. 2018 წელს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ მოწამლეს და კრიტიკულ მდგომარეობაში სოლსბერის საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, სკრიპალების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ნერვული აგენტის კვალი იპოვნეს არა მარტო სკრიპალის სახლის კარზე სოლსბერიში, არამედ ქალაქის სხვა ადგილებშიც, შედეგად კი შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ დაიღუპა 44 წლის ბრიტანელი ქალი, რომელიც სკრიპალებთან არაფერ კავშირში არ იყო. ბრიტანულმა გამოძიებამ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება მოახერხა, რომლებიც არიან რუსი აგენტები, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. მოგვიანებით, პეტროვმა და ბოშიროვმა Russia Today-ის მისცეს ინტერვიუ, რომელშიც განაცხადეს, რომ სოლსბერიში უბრალოდ სოლსბერის კათედრალის მოსანახულებლად იყვნენ ჩასულები და ყველანაირი ბალდება უარყვეს.
ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიხმან ხანგოშვილი იყო მებრძოლი, რომელიც ცხოვრობდა პანკისის რაიონში და იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში. ხანგოშვილი ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. სხვადასხვა ინფორმაციით, ის იჩქერიის მეორე პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სასტიკად ჩაახშო ჩეჩნეთის კამპანია, ხანგოშვილი საქართველოში დაბრუნდა. რუსეთი კი მას ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებდა, თუმცა მისი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დღემდე არ დასტურდება. რუსეთმა მისი ლიკვიდაცია ჯერ კიდევ 2006 წელს სცადა. საქართველოს ანტი-ტერორისტული ცენტრის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მაისურაძის ინფორმაციით, 2006 წელს ქართულმა სპესამსახურებმა ეთნიკურად ჩეჩენი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოში მის მოსაკლავად სწორედ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გამოაგზავნეს. მეორედ მისი მოკვლის მცდელობა 2015 წელს იყო, როდესაც მას შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ის ხელისა და მხრის არეში მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ ხანგოშვილმა გერმანიაში მოითხოვა თავშესაფარი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა და ადგილზე მოკლა. გერმანულმა პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული, ყალბი რუსული პასპორტი. ხანგოშვილის საქმეს დღემდე იძიებს გერმანიის ფედერალური პროკურატურა და არსებობს დასაბუთებული ეჭვები, რომ მკვლელობა სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოხდა.
ზემოხსენებული პირები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ხალხისა, რომელიც კრემლის მიერ იქნა მოკლული ან მოწამლული. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 200-მდე ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს და უმეტესობა მათგანის საქმე დღემდე არ გახსნილა. გარდა ამისა იმ პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციონერების რიცხვი, რომლებიც სცემეს, მოწამლეს, ნარკოტიკი ჩაუდეს ან სხვა აბსურდული ბრალდებით ციხეში ჩასვეს ათასებს აჭარბებს.