კულტურული პროპაგანდა საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის ხელში იყო. კომიტეტმა ჩამოაყალიბა საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოება "ვოკს"-ი (ВОКС – Всесоюзное Общество Культурной Связи с заграницей), რომელსაც დაევალა კულტურული ექსპანსიის გზით საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ინტერესების დაცვის მხარდაჭერა. მხატვრული ფილმები, პუბლიკაციები, ლიტერატურა და ხელოვნების ნაწარმოებები ყოველთვის აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა მმართველობის თუ კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისთვის.
ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ განახლებულმა პროპაგანდისტულმა აპარატმა აღადგინა ძველი საბჭოთა ტრადიციები და სასურველი შედეგის მისაღწევად ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად კვლავ კულტურულ პროპაგანდას იყენებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო კვლავ რჩება რუსული საინფორმაციო და პროპაგანდისტული პოლიტიკის ზემოქმედების ერთ-ერთ ობიექტად, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს კულტურული პროპაგანდის წარმოების სპეციფიკა.
ქვეყნის შიგნით მიმდინარე კულტურული პროპაგანდის შესახებ gazeta.ru-ს ჟურნალისტმა- ანასტასია მირონოვამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ხშირად რუსულ ტელეარხებზე ბოლო წლებში გასული სერიალები თუ ფილმები საბჭოთა კავშირის წარსულის რომანტიზებას ახდენენ, რითაც ისტორიის შელამაზებას ცდილობენ.
ჟურნალისტისთვის სტატიის დაწერის საბაბი სერიალ „საიდუმლო ვნებით“ აღფრთოვანებული პუბლიკის პოსტები გახდა. სერიალი სამოციანი წლების პერიოდის ცხოვრებას აღწერს, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ის, რაც ეკრანზეა გამოტანილი, ნაკლებად ასახავს საბჭოთა კავშირში არსებულ რეალობას. მირონოვას მტკიცებით, ყოველწლიურად, საბჭოთა კავშირი ტელეეკრანებზე უფრო და უფრო ლამაზი ხდება და მოსახლეობას იმდროინდელი ცხოვრების შესახებ ილუზიას უქმნის.
მაგალითად, სერიალში „საიდუმლო ვნება“, რომელიც რუსეთის პირველ არხზე გადის და ბოლო პერიოდის ტრენდია, სამოციანი წლების ბოჰემური ცხოვრებაა აღწერილი - რუსი მწერალი, რომელსაც რომანი აქვს ფრანგ ქალთან, მწერლის მეგობარი - რომელიც ხრუშჩოვთან ერთად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. ადამიანები, რომლებიც საკუთარ მდიდრულ, გემოვნებიან აპარტამენტებში ცხოვრებენ, აცვიათ „დიორის“ კაბები, სვამენ ჭიქა ღვინოს და მდიდრულ სუფრაზე ხელოვანებთან ერთად პოეზიასა და ლიტერატურაზე საუბრობენ.
საბჭოთა რეალობა კი სხვანაირი - გაცილებით რთული იყო. ადამიანები ღარიბულად ცხოვრობდნენ, ღარიბულად ჭამდნენ და იცვამდნენ, ეშინოდათ და აბეზღებდნენ ერთმანეთს. მათ ცხოვრებაში შამპანური და კომფორტი არ იყო, როგორც ამას სერიალი წარმოაჩენს. ეკრანზე ყველაფერი ლამაზი და მოწესრიგებულია, რაც ადამიანს სურვილს უჩენს ცოტა ხნით მოწყდეს თანამედროვე სამყაროს და „ლამაზ წარსულში“ დაბრუნდეს.
საბჭოთა ცხოვრების ასეთი შელამაზება, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ნორმად იქცა. დღეს უკვე სტაბილური ტრენდია ტოტალიტარული წარსულის გლამურულად წარმოჩენა, რისი მიღწევაც დეტალების გათვალისწინებით ხდება. მაგალითად, სერიალში ერთ-ერთი ყველაზე დასამხსოვრებელი პერსონაჟი - კგბ-ს ლეიტენანტი კრუგლოვი მომხიბვლელი, ჭკვიანი, განათლებული, კარგად ნაკითხია, რომელსაც მოსწონს პასტერნაკი, დარდობს აკსიონოვზე (რუსი ნოველისტი, რომელიც ანტი-ტოტალიტარული დამოკიდებულებით იყო ცნობილი) და მის მფარველ ანგელოზადაც კი გვევლინება. ამ პერსონაჟის გარდა სხვა არცერთი კგბ-ს თანამშრომელი არ ფიგურირებს აქტიურად სერიალში, მეტიც, ყველა ბინძურ საქმეს სერიალში ტერორისტები აკეთებენ. ეს აძლიერებს ბოლო წლების კიდევ ერთ ტრადიციას - საბჭოთა უშიშროების სამსახურის განდიდებასა და მათი საქმიანობის გმირობად წარმოჩენას.
საბჭოთა კავშირის დროინდელ ფილმებშიც კი, პოლიციელები და უშიშროების ოფიცრები მკაცრი, ხალხში შიშის გამომწვევი პირები იყვნენ. თანამედროვე რუსულ სერიალებსა და კინოებში კი, ისინი მარად შეყვარებულები, სპონტანურები, კეთილები, განათლებულები და კარგად ჩაცმულები არიან, რომელთაც ბოჰემური ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა აქვთ - წიგნების თაროები, ტყავის დივნები, ტელე-ეკრანები, სადაც „ბონი და კლაიდს“ უყურებენ, ლამაზი სასადილოები შეკრებებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთ რუსულ სერიალში „როგორ იწყება სამშობლო“, საბჭოთა ფინანსური პოლიციის (УБХСС) სასადილოც კი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ჰიპსტერული ბარი. პერსონაჟების ჩაცმულობა კი თანამედროვე პარიზის სიტუაციას უფრო გავს, ვიდრე საბჭოთა სამოციანი წლების პერიოდისას. სერიალში „გამომძიებელი ტიხინოვი“- ძვირადღირებულ ხელოვნების წიგნებს კითხულობს და ფრანგული ფეხსაცმელი აცვია. მეორე პერსონაჟის სახლი კი, სერიალში „როგორ იწყება სამშობლო“, ანტიკური ავეჯითაა მოწყობილი და მუზეუმს უფრო გავს, ვიდრე გენერლის საცხოვრებელს. ყველაფერი ეს თანამედროვე დასავლეთიდან აღებულია, ოღონდ ვინტაჟურ სტილში. თუ დასავლეთში ტვიგი (ბრიტანელი სუპერმოდელი, მსახიობი და მომღერალი), ვუდსტოკი და ფრანგული შანსონები იყო, საბჭოთა რუსეთში გმირი ჩეკისტები და სტალინისტი პოეტები ყავდათ.
რეჟისორები და პროდიუსერები, რომლებიც ამ სერიალებს იღებენ, მალავენ რეალობას, რომ სამოციანი წლების საბჭოთა კავშირში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი შიმშილობდა და ფრანგული ტანსაცმლის ნაცვლად, „სკოროხოდის“ ქარხნის ფეხსაცმელები ჰქონდათ. ისინი ალტერნატიულ ისტორიულ რეალობას ქმნიან და წარსულის შელამაზებით მაყურებლის ემოციებზე ზემოქმედებენ. ადამიანს კი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს უცხოვრია, უნდა ახსოვდეს, რომ რეალურად ცხოვრება ასეთი იყო, რომ მის ცხოვრებაში არათუ ანტიკური ნივთები და ფრანგული ფეხსაცმელი, პირადი ნივაც კი არ არსებობდა.
მაგრამ მთავრი სამიზნეები ისინი ადამიანები არ არიან, ვინც იმ პერიოდში ცხოვრობდა და ყველაფერი ახსოვთ. სამიზნე ჯგუფი - ახალი თაობაა, რომელსაც არ უნახავს საბჭოთა კავშირი, და მის შესახებ მხოლოდ ნათესავების მონაყოლით თუ იციან. ტელევიზია კი მათ საშუალებას აძლევს მეტი გაიგონ, წარმოიდგინონ იმდროინდელი ცხოვრება ყოველდღიურად, როდესაც ყველას ყველა უყვარდა. ჟურნალისტის დასკვნით, თუკი მსგავსი პროპაგანდა ტელევიზიაში კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, ახალი თაობის ნახევარზე მეტი ირწმუნებს, რომ ცხოვრება მაშინ უფრო წყნარი, უფრო კომფორტული და ლამაზი იყო. მისი თქმით, ისეთი ქვეყნის წარსულის ეკრანზე გადმოტანისას, როგორიცაა რუსეთი, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც ძალიან რთულია განსაზღვრო, სად მთავრდება კაბების მოდა და იწყება ტოტალიტარიზმის მოდა.
რუსული ტელეარხები კი ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ტოტალიტარიზმის მოდას უწევს პროპაგანდას. გლამური, ბოჰემური ცხოვრება, ელიტა, ინტელიგენცია არის ის, რასთანაც ცდილობენ, საბჭოთა პერიოდი ასოცირდებოდეს. ეს კი უამრავ ადამიანში საბჭოთა წარსულის ნოსტალგიას აღვიძებს, წარსულის - რომელშიც მათ არასდროს უცხოვრიათ.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი ისაა, ვინ ცდილობს წარსულის შესახებ ახალი მეხსიერების შექმნას? ხალხის მოთხოვნაზეა მორგებული ასეთი სერიალები თუ „ზემო ინსტრუქციებით“ შექმნილი პროდუქტია?