წყარო: ipress.ge
ლიტვაში გამართულ ბალტიის ქვეყნების შეკრებაზე, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ ლიტვა არ გაერთიანდება ისეთ კოალიციაში, რომელშიც რუსეთი უკვე გაერთიანებულია, ან უნდა, რომ გაერთიანდეს.
ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მათ, კოალიციაში გაწევრიანებაზე უარი, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო თქვეს.
"ტერორისტებთან ბრძოლამ და სირიის კონფლიქტის საკითხის გადაწყვეტამ არ უნდა გადაიაროს უკრაინის ამბებზე", - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა. ესტონეთის პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, რუსეთს აგრესორი ქვეყანა უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა, რომ არ გაწევრიანდნენ კოალიციაში, რომელშიც რუსეთია გაერთიანებული და რომელიც "ისლამური სახელმწიფო"-ს წინააღმდეგ ბრძოლისათვის შეიქმნა.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ რუსეთი, "საომარ მოქმედებებს ორ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში ახორციელებს".
"რაც შეეხება ანტი-ისლამური სახელმწიფოს კოალიციას, მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე არსებობს ე.წ. დასავლური კოალიცია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის და ლიტვა მონაწილეობს ამ გაერთიანებაში. ლიტვა არ მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ ისეთ კოალიციაში, რომელშიც მოანწილეობს რუსეთი, ან უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს. რუსეთი ჯერ კიდევ სხვა ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და იგი საომარ მოქმედებებს ახორციელებს ორ ქვეყანაში - საქართველოსა და უკრაინაში", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.