წყარო: interpressnews.ge
ლომისის მამათა მონასტრის ძმობა ლომისის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა:
"ჩვენი დროის საოცრება.
- ერთმა პატარა ბიჭუკელამ თეთრი შავად გაასაღა, სიმართლეს სიცრუის სახე მისცა და სიკეთე ბოროტებად წარმოაჩინა, და საოცრება სწორედ ის არის, რომ ეს საზიზღრობა ერთ წამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა.
- წლების განმავლობაში რუსეთის ჯარისკაცები და ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის მამები ძმური, თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობით ერთაშორის სითბოს და სიყვარულს ვთესავდით და რადგანაც ეს ჩვენი ორი ერის ბუნებრივი თვისება და მოწოდებაა, ამიტომ ღვთაებრივ რუსეთსა და საქართველოს შორის იესო ქრისტეს მიერ ოდითგანვე დამყარებულ ძმურ სიყვარულს და მეგობრობას ბნელეთის ასეთი უსუსური ხრიკები და გამოხდომები ვერაფერს დააკლებს, არამედ, პირიქით, უფლის სიყვარულის ძალით უფრო დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს! ამინ!", - ნათქვამია ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის ძმობის განცხადებაში.
ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების ლომისის მამათა მონასტერში მისვლისა და ბერებთან დაპირისპირების შესახებ ინტერნეტში დღეს დილით გავრცელდა. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" იღუმენმა მათე ჯულაყიძემ განუცხადა, რუსი ჯარისკაცები ხშირად მოდიან ლომისის მამათა მონასტერში მოსალოცად, თუმცა რაიმე სახის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა.
"ჩვენთან ხშირად დადიან, მოილოცავენ და ეზიარებიან ხოლმე. ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჯარისკაცები დღესაც იყვნენ მოსულები. მათ ძაღლები ჰყავთ. როდესაც ისინი შემოვიპატიჟეთ, ძაღლები გარეთ დარჩნენ და ჩვენს ძაღლებთან იჩხუბეს. ჯარისკაცი ავტომატის კონდახით აშველებდა ძაღლებს. სწორედ ამ დროს აქ ბავშვი იყო ამოსული, რომელმაც ეს სიტუაცია გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა და მიუწერია, რომ ბერებს აწიოკებენო. მე ველაპარაკე ამ ბავშვს და აიღო ეს სურათი. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
სასაზღვრო ზოლია და ჯარისკაცები ქსნის ხეობიდან ხშირად ჩამოივლიან ხოლმე. თუ გარეთ ვართ შემოვლენ და მოილოცავენ მონასტერში. თუ ჩვენ არ მოვიპატიჟეთ, ისე არ გვაწუხებენ", - განაცხადა იღუმენმა მათე ჯულაყიძემ.
მონასტრის წინამძღვარმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ლომისის მამათა მონასტერში რუსი ჯარისკაცების მისვლისა და ბერებთან დაპირისპირების შესახებ.